საზოგადოება

ცხოვრება ორ ქვეყანას შორის – უკრაინელი მოსწავლეები საქართველოში

13 ნოემბერი, 2023 • 2152
ცხოვრება ორ ქვეყანას შორის – უკრაინელი მოსწავლეები საქართველოში

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ათასობით ბავშვს ქვეყნის დატოვება და ახალი ცხოვრების დაწყება სამშობლოდან შორს, მათ შორის, საქართველოში მოუწია.

ახალ გარემოსთან ადაპტაცია ბავშვებისთვის, განსაკუთრებით, სკოლის მოსწავლეებისთვის, გამოწვევებით სავსეა. მათ ახალ სოციუმთან ერთად განსხვავებულ საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრირება უწევთ. ეს კი გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინელი მოსწავლეებისთვის, არამედ იმ ქვეყნის განათლების სისტემისთვისაც, სადაც ისინი ცხოვრებას აგრძელებენ.

რა მდგომარეობაა საქართველოში

2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთ-უკრაინის საომარი მოქმედების დაწყების შემდეგ, უკრაინული სექტორები საქართველოს საჯარო სკოლებშიც გაიხსნა. დღეისათვის უკრაინული სექტორი 3 საჯარო სკოლაშია გახსნილი: თბილისის 41-ე და 220-ე, ასევე ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში.

განათლების სამინისტროს მიერ ნეტგაზეთისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უკრაინიდან დევნილი 2231 მოსწავლე სწავლობს, მათგან უკრაინულ სექტორზე – 1395.

სამინისტროს ცნობითვე, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედ უკრაინულ სექტორებში დასაქმებულია უკრაინიდან დევნილი 61 მასწავლებელი.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ოჯახების საცხოვრებელი ადგილის ცვლილებიდან გამომდინარე, უკრაინიდან დევნილი მოსწავლეების რაოდენობა სისტემატურად იცვლება.

ამასთან, არიან ისეთი უკრაინელი მოსწავლეებიც, რომლებიც ამ მონაცემებს მიღმა არიან, საქართველოში ცხოვრობენ, მაგრამ საქართველოს განათლების სისტემაში არ სწავლობენ.

იგორი და ზახარი

საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ მოსწავლეებს შორის არიან 13 წლის იგორი და 9 წლის ზახარი – ძმები კიევიდან. თუმცა სწავლის გაგრძელება საქართველოს სკოლებში ვერ მოახერხეს.

იგორ და ზახარ ოკსანიჩენკოები თბილისში დედასთან ერთად ცხოვრობენ, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში უკრაინული სექტორი ორ სკოლაშია გახსნილი, მათ გადაწყვიტეს, რომ სწავლა დისტანციურად, უკრაინაში გაეგრძელებინათ.

როგორც ბავშვების დედა ანა ოკსანიჩენკო ამბობს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ყველაფრის ახლიდან დაწყება მოუწიათ. მისი თქმით, თავდაპირველად შვილები საქართველოში გახსნილ უკრაინულ სექტორში მიიყვანა, თუმცა დედამ, რომელიც უცხო ქვეყანაში სამსახურს ეძებდა, ბავშვების სკოლაში ტარება ვეღარ მოახერხა.

„თავისით რომ ევლოთ სკოლაში, მაგისთვის პატარები იყვნენ. [ბავშვების სკოლაში] მიყვანა მაშინ საკმარისად არ იყო ორგანიზებული ავტობუსებით. ამიტომ მოგვიწია დისტანციურად სწავლებაზე გადავსულიყავით.

ამის შემდეგ მოვახერხე სამსახურის შოვნა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ წელს ძალიან დაკავებული რომ ვარ, ონლაინ სკოლაში მომიწია მათი დატოვება. პრინციპში, კიევში ძალიან კარგი სკოლა გვაქვს ინგლისურის განხრით. [სკოლამდე მისასვლელად] გზაში ბევრი დრო დაიხარჯება, ძალიან შორს რომ ვცხოვრობთ, თვითონაც ვერ მივლენ. ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ“, – ამბობს ანა.

იგორისთვის, რომელიც ომის დაწყების შემდეგ საკუთარ სოციუმს მოსწყდა, დისტანციურად სწავლამ საქართველოში ახალი ურთიერთობების დაწყება კიდევ უფრო გაართულა. მისი თქმით, ახლა ძირითადად სახლშია და არსად გადის. აღარც იმ წრეებზე დადის, რომლებზეც უკრაინაში ცხოვრების დროს დადიოდა.

„უკრაინაში თავისუფალ დროს, 2021-ში, მაგალითად, როცა კორონავირუსი აღარ იყო, გავდიოდით სასეირნოდ მეგობრებთან, ზოგჯერ სახლშიც, ზოგჯერ დედასთან და ძმასთან დავდიოდით, საქართველოში კი თითქმის სულ სახლში ვართ“, – ამბობს იგორი.

იგორ ოკსანიჩენკო. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

ჯერ პანდემიამ, ახლა კი ომმა თანატოლებთან ფიზიკური ურთიერთობის საშუალება არც მეოთხეკლასელ ზახარს მისცა.

„პირველ კლასში მიხაროდა სკოლაში წასვლა, მეორეშიც – ასე თუ ისე, მესამეში – არც ისე, მეოთხეში კი აქ წავედი. დისტანციურად ვსწავლობ, ზუმით. იქაც იმას ვაკეთებთ, რასაც ჩვეულებრივ გაკვეთილებზე, ოღონდ უფრო რთულია. რთულია, თუ წიგნებს ვერ ჩამოიტან. თუ ვერ შეუკვეთავ, რომ აქ ჩამოიტანონ წიგნები, ეკრანზე გიწევს წერა და რთულია… [ონლაინ გაკვეთილების გარდა] მე და კლასელები არ ვლაპარაკობთ. მხოლოდ გაკვეთილებს ვესწრებით და ეგაა“, – ამბობს ზახარი.

ზახარ ოკსანიჩენკო. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

ზახარმა ქართულად მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იცის. ქართული ენის არცოდნის გამო მას საქართველოში ახალი მეგობრების შეძენა უჭირს. ენა ბარიერს უქმნის არა მხოლოდ ახალი ურთიერთობების დაწყებაში, არამედ სხვა აქტივობებშიც.

„კარატეზე დავდიოდი. აქ ასეთი შესაძლებლობა არ მაქვს. [კარატის წრე] კი არის, მაგრამ ყველა ქართულად ლაპარაკობს და არ ვიცი, რა გავაკეთო. ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა. სახლშიც არ ვვარჯიშობ, რადგანაც ონლაინ არ ამბობენ, რა გააკეთო“, – ამბობს ზახარი.

თანატოლებთან ურთიერთობების ნაკლებობას განიცდის იგორიც. ამბობს, რომ უკრაინის დატოვების შემდეგ იქ დარჩენილ მეგობრებთან თავიდან უფრო ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა, ვიდრე ახლა. საქართველოში კი, ზახარის მსგავსად, ახალი ურთიერთობების დასამყარებლად მთავარი ბარიერი მისთვისაც ენაა.

„არის ასეთი პრობლემა. მაგალითად, მივდივარ მაღაზიაში და ქართულად რომ მეკითხებიან რამეს, ვერ ვპასუხობ, რადგან [რუსულად არ მინდა საუბარი]. ბავშვები სეირნობენ, გინდა დაუმეგობრდე, მაგრამ… არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ რუსი ვარ. მაგალითად, უკრაინულად რომ ვლაპარაკობთ დედასთან, ძმასთან, ზოგჯერ მოდიან და გვეუბნებიან, „სლავა უკრაინი“, პატივს გვცემენ. რუსულად საუბრისას კი ცუდად გვეპყრობიან. ამიტომ, ლაპარაკის ნაცვლად, ვცდილობ თავი დავუქნიო“, – ამბობს იგორი.

ანია

იგორისა და ზახარისაგან განსხვავებით, თბილისში გახსნილ უკრაინულ სექტორზე სწავლობს 14 წლის ანია ტიშენკო, რომელიც პარალელურად უკრანაში დისტანციურად სწავლას აგრძელებს.

ანია ამბობს, რომ საქართველოში, მისთვის ახალ გარემოში, ადაპტაცია დიდად არ გასჭირვებია. მისი თქმით, ახალ გარემოსთან შეგუება იმანაც გაუმარტივა, რომ მას საქართველოში ნათესავები ჰყავს, რომლებიც ქართული ენის სწავლაში ეხმარებიან. გარდა ამისა, ანიას ქართული ენის გაკვეთილები სკოლაშიც უტარდება და უკვე ქართულად წერა-კითხვაც იცის.

„თავიდან „მე ვცხოვრობ-ის“ და ჩემი ქუჩის სახელის თქმაც მიჭირდა. ახლა ქართულის სწავლა მიმარტივდება, კარგ ნიშნებს ვიღებ… [სკოლაში] ცდილობენ გვასწავლონ, ქართულად რამე მაინც რომ გვესმოდეს. როცა ავტობუსში ვინმე ლაპარაკობს, რაღაც მესმის კიდეც“, – ამბობს ანია.

ახლა მისთვის ყველაზე რთული ისაა, რომ სკოლაში სიარულთან ერთად დისტანციურად უკრაინაშიც სწავლობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აქაური სასწავლო პროგრამა უკრაინულისას ჰგავს, დარწმუნებული არაა, რომ უკრაინაში დაბრუნების შემდეგ საქართველოში აღებული ატესტატით იქ სწავლას უპრობლემოდ გააგრძელებს.

„სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ძალიან რთულია და მეზარება [ორივეგან სწავლა]. ნორმალურად არ მძინავს. ღამის სამ საათზე ვიძინებ, რადგან მანამდე გაკვეთილებს ვმეცადინეობ, შემდეგ კი 7-8 საათზე ვიღვიძებ“, – ამბობს ანია.

ანია ტიშენკო. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

თუმცა, საქართველოში სკოლაში სიარული ეხმარება, რომ სახლში არ იჯდეს, თანატოლებთან ურთიერთობა ჰქონდეს და სკოლის მიერ შეთავაზებული სხვადასხვა აქტივობით დაკავდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ანიამ საქართველოში მეგობრები შეიძინა, ურთიერთობას არ წყვეტს უკრაინაში დარჩენილ თანატოლებთანაც. ცდილობს მათთან კომუნიკაციით უკრაინაში მიმდინარე ამბებს არ ჩამორჩეს.

„კლასში 13-ნი ვართ, საზღვარგარეთ მარტო მე წავედი. ზოგი ნათესავებთან, სხვა ქალაქებში წავიდა, მაგრამ ძირითადად ყველა იქაა. ამიტომ,ისინი მიყვებიან ხოლმე ამბებს. რაღაცებს ყველაზე ხშირად. მაინტერესებს, ვინ ვისთან იყო გასული, ვისთან რა მოხდა და როგორ. ვჭორაობთ, ასე რომ ვთქვათ. ჩემი კლასელები გამოსაშვები საღამოსთვის ემზადებიან. დიდი იმედი მაქვს, რომ იქამდე ჩავალ და მეც მოვხვდები ჩემს გამოსაშვებ საღამოზე. ძალიან მინდა სახლში დაბრუნება, ძალიან მომენატრნენ – 1,5 წელია მამა არ მინახავს, ძალიან რთულია ეს ჩემთვის. არ მინახავს ახლო ადამიანებიც. მინდა, რაც შეიძლება მალე დავბრუნდე სახლში“, – ამბობს ანია.

„ყველა მათგანი ფიქრობს და ოცნებობს, როგორ დაბრუნდება უკრაინაში“

„ამ პატარა ბავშვებმა 8-11 წლის ასაკში ისეთი რამ ნახეს, რაც ზრდასრულებს არ ჰქონდათ ნანახი. სარდაფში ჯდომა, ცენტრალური გათბობის მილებიდან წყლის სმა, რაკეტების განგაშის მოსმენა“, – გვეუბნება ვოლოდიმირ ჩერნიხი, რომელიც თბილისის 220-ე სკოლაში გახსნილი უკრაინული სექტორის ხელმძღვანელია.

ვოლოდიმირის თქმით, ბავშვებს, რომლებიც უკრაინულ სექტორზე სწავლობენ, დამატებითი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა სჭირდებათ. ამბობს, რომ უკრაინელი ფსიქოლოგი სკოლაშიც ჰყავთ და გარდა ამისა, ამ კუთხით მათ საქველმოქმედო ფონდებიც ეხმარებიან, რომლებიც უკრაინელ ბავშვებს ცეკვის, ხელოვნების, ჯგუფურ და ინდივიდუალურ თერაპიას სთავაზობენ.

„ეს აქტივობები დაეხმარა ბავშვებსა და მშობლებს. მშობლებმაც მიიღეს ფსიქოლოგიური მხარდაჭერა“, – ამბობს ვოლოდიმირი.

რაც შეეხება უშუალოდ სასწავლო პროცესს, ვოლოდიმირის თქმით, ის, რომ ბავშვები სახლიდან შორს, სხვა პირობებში სწავლობენ, თავისთავად რთულია. მისი თქმით, ზოგჯერ ბავშვებს გამოწვევა აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობის კომუნიკაციის მხრივაც.

„ამ წელს ახალი ბავშვებიც გვყავს, და ზოგჯერ რთულია ახლებსა და ძველებს შორის კომუნიკაციის დამყარება. ყველა მათგანი ფიქრობს და ოცნებობს, როგორ დაბრუნდება უკრაინაში, ყოველდღე ამ ფიქრით ცხოვრობენ. ზოგჯერ ფესტივალი ან დღესასწაული რომ გვაქვს და ბავშვებს ოცნებებზე ვეკითხები, 95% ამბობს, რომ ომის დასრულება და სახლში დაბრუნება სურს“, – ამბობს ვოლოდიმირი.

ვოლოდიმირ ჩერნიხი. ფოტო: Український Сектор / FB

როგორც ვოლოდიმირი ამბობს, მათი სექტორის მოსწავლეებს საშუალება აქვთ, რომ უკრაინულ სასწავლო პროგრამას მიჰყვნენ, რაც მისი თქმით, კარგია, რადგან როცა ომი დასრულდება, ბავშვები უკრაინაში დაბრუნდებიან და მათთვის უფრო მოსახერხებელი იქნება უკრაინულ სისტემაში რეინტეგრაცია, თუ აქ უკრაინული პროგრამით საგნებს გაივლიან.

მიუხედავად ამისა, მისი თქმით, ზოგიერთი ბავშვი უკრაინაში დისტანციურადაც სწავლობს, რადგან მშობლებს მიაჩნიათ, რომ ეს მათ შვილებს უკეთესი ცოდნის მიღებაში ეხმარებათ. ვოლოდიმირის თქმით, ეს ბავშვებზე დამატებით ზეწოლაა და რთულია.

ამასთან, ვოლოდიმირი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ატესტატი უკრაინაში აღიარებულია და აქ განათლებამიღებულ მოსწავლეებს სამშობლოში დაბრუნებისას მხოლოდ რამდენიმე ბიუროკრატიული ნაბიჯის გავლა სჭირდებათ.

„საინტერესო სიტუაციაა. ჩვენ ვართ საქართველოს განათლების სამინისტროს კონტროლის ქვეშ და ქართულ პროგრამას უნდა მივყვეთ, მაგრამ მოგვცეს შესაძლებლობა, მათემატიკა, ინგლისური, უკრაინული, ტექნიკური საგნები, ინფორმატიკა, ვისწავლოთ უკრაინული პროგრამით. ეს არაა ოფიციალური შეთანხმება, მაგრამ ეს შესაძლებლობა მოგვცეს“, – ამბობს ვოლოდიმირი.

თუმცა, მისი თქმით, ამ პროცესში მთავარ გამოწვევას უკრაინულ სახელმძღვანელოებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა ქმნის.

„ამ სასწავლო წელს გვქონდა შესაძლებლობა, დაგვებეჭდა წიგნები, რადგანაც წინა წელს საქველმოქმედო ფონდებმა გადმოგვცეს პრინტერები, ქაღალდები და ა.შ. ახლა ვითარება ისეთივეა, როგორც წინა წელს. ძირითადად, თითქმის ყველას აქვს თითქმის ყველა წიგნი. რატომ თითქმის? – იმიტომ, რომ ზოგი წიგნის გამოყენება ელექტრონულად შეიძლება. უკრაინულმა სამინისტრომ გამოაქვეყნა ისინი, ჯერ კიდევ პანდემიის დროს. წიგნები უფასოა. მაგრამ, არის ზოგი სახელმძღვანელო, სამუშაო რვეულები, რომელსაც ელექტრონულად ვერ გამოიყენებ. სამუშაო რვეულებში უნდა ჩაწერო ქაღალდზე. ზოგმა მშობელმა ეს რვეულები უკრაინაში იყიდა და ჩამოტანაც თავად უზრუნველყო“, – ამბობს ვოლოდიმირი.

ვოლოდიმირი საქართველოს განათლების სამინისტროს როლზეც საუბრობს და ამბობს, რომ მთავრობამ უკრაინული სექტორის ყველა მოსწავლეს ლეპტოპი გადასცა, რაც მისი თქმით, დიდი მხარდაჭერაა, რადგან „ლეპტოპები საკმაოდ ძვირია და ზოგი ლტოლვილისთვის მათი შეძენა შეუძლებელია. გარდა ამისა, ლეპტოპის ქონა ბავშვებს ეხმარებათ, რომ სწავლისას ელექტრონული წიგნები გამოიყენონ“.

რა იყო გამოწვევა ქართული საგანმანათლებლო სისტემისთვის

სწორედ უკრაინული სასწავლო სახელმძღვანელოების ნაკლებობას ასახელებს ყველაზე დიდ გამოწვევად მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლის დირექტორი რევაზ ჯავახიშვილიც. სკოლის უკრაინულ სექტორზე ამჟამად 570-მდე მოსწავლე სწავლობს.

როგორც რევაზ ჯავახიშვილი ამბობს, საქართველოს მთავრობამ უკრაინული მხარისგან ოფიციალურად მოითხოვა უფლება, რომ უკრაინულენოვანი წიგნები დაებეჭდა, რაზეც მათგან უარი მიიღო.

„ჩვენი სახელმწიფო მზად იყო გაეღო ფინანსები, რათა ბავშვებისთვის მიგვეწოდებინა წიგნები, მაგრამ ამის უფლება არ მოგვცეს, რადგან ეს ინტელექტუალური საკუთრებააო. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს წიგნების ნაკლებობას განვიცდით. ჩვენი ძალებით რასაც ვახერხებთ, ქსეროასლებს ვაკეთებთ და ა.შ. მაგრამ ეს არ არის სრულყოფილი წიგნი“, – აცხადებს რევაზ ჯავახიშვილი.

მისი თქმით, ქართული საგანმანათლებლო სისტემისთვის მეორე დიდი გამოწვევა უკრაინულ სექტორებზე მასწავლებლების ნაკლებობა.

თუმცა, ვინაიდან წლების წინ თბილისის 41-ე სკოლაში უკრაინული სექტორი არსებობდა, რევაზ ჯავახიშვილის თქმით, მათ ამ სექტორზე დასაქმებული მასწავლებლები შეინარჩუნეს, რაც ომის დაწყების შემდეგ სექტორის თავიდან გახსნისას ძალიან დაეხმარათ. მიუხედავად ამისა, რევაზ ჯავახიშვილი ამბობს, რომ მასწავლებლების ნაკლებობა დღესაც იგრძნობა.

„დღესდღეობით 31 მასწავლებელი მუშაობს ჩვენთან უკრაინულ სექტორში, მაგრამ ყველა საგანში მასწავლებელი არ გვყოფნის. მაგალითად, ვეძებთ დაწყებითების მასწავლებელს, უკრაინული ენის და ლიტერატურის მასწავლებელს… მუდმივად ვაცხადებთ კონკურსებს. ჩვენ გვჭირდება ეს ადამიანები, რათა უფრო მეტად ხარისხიანი განათლება მივცეთ ბავშვებს. აქ იგულისხმება, რომ ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელსაც შეუძლია უკრაინულად და ქართულად მეტყველება“, – აცხადებს რევაზ ჯავახიშვილი.

რაც შეეხება სწავლების პროცესს, რევაზ ჯავახიშვილის თქმით, ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ისაა, რომ უკრაინაში სწავლა 11-წლიანია, საქართველოში კი, 12- წლიანი, რადგან უკრაინისგან განსხვავებით, საქართველო ბოლონიის პროცესის მონაწილეა [ბოლონიის პროცესი ევროპის ქვეყნების განათლების სისტემების დაახლოებისა და ჰარმონიზაციის გულისხმობსდა და მიზნად ისახავს ერთიანი ევროპული სივრცის შექმნას უმაღლესი განათლებისათვის. შესაბამისად, საქართველოში გახსნილ უკრაინულ სექტორებზე სწავლაც 12-წლიანია].

როგორც სკოლის დირექტორი რევაზ ჯავახიშვილი ამბობს, უკრაინული სექტორის სასწავლო პროგრამა ქართულ-უკრაინულის ერთგვარი სიმბიოზია. მისი თქმით, აქ როგორც მშობლიური ენა და ლიტერატურა, უკრაინული ისწავლება, ხოლო ქართული – როგორც სახელმწიფო ენა. გარდა ამისა, უკრაინული სექტორის მოსწავლეები საქართველოს ისტორიასაც სწავლობენ.

როგორც რევაზ ჯავახიშვილი ამბობს, ბევრი უკრაინელი ბავშვი საქართველოში ოჯახთან ერთად რჩება და ამიტომ მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა პრიორიტეტული იყოს.

„სოციალიზაცია საჭიროა, მით უმეტეს, იმ სივრცეში, სადაც ცხოვრობენ. დღეს თუ საქართველოში არ იცი ქართული ენა, საკმაოდ უხერხული სიტუაცია წარმოიშობა. პირადად ბევრ მათთან მისაუბრია და არანაირი სურვილი არ აქვთ, რომ მაგალითად, რუსულად იმეტყველონ. თუკი რუსულად არ უნდათ მეტყველება და არც ქართული იციან, არავინ არ არის ვალდებული, რომ უკრაინული იცოდეს. აქედან გამომდინარე, ძალიან სწორი იქნება, თუ ქართული ენა მათთვის იქნება პრიორიტეტული“, – ამბობს რევაზ ჯავახიშვილი.

მისი თქმით, განათლების და მეცნიერების სამინისტრომ უკრაინელი ბავშვებისთვის უამრავი წრე შექმნა. ამის ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად კი თბილისის 41-ე სკოლაში შექმნილ ქართულ-უკრაინულ მუსიკალურ გუნდს ასახელებს, სადაც ამ დროისთვის 50-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლეა ჩართული.

„დაინტერესება ორივე მხრიდან უნდა იყოს“

ფსიქოლოგი მაია ჯიბუტი ამბობს, რომ გარდა ფორმალური განათლებისა, უკრაინელ მოსწავლეებს სკოლამ არაფორმალური გაკვეთილებიც უნდა შესთავაზოს. რაც მისი თქმით, სხვადასხვა საინტერესო აქტივობას მოიაზრებს.

თუმცა ფსიქოლოგი იქვე დასძენს, რომ ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის სურვილი ორმხრივი უნდა იყოს და ამის ინიციატორი არა მხოლოდ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა, არამედ თავად უკრაინული თემიც უნდა იყოს.

მაია ჯიბუტი რამდენიმე ფაქტორს გამოყოფს, რომელიც უკრაინელი ბავშვების საქართველოში სოციალიზაციისთვისაა მნიშვნელოვანი:

  • რამდენად სურს თავად უკრაინულ თემს ქართულ საზოგადოებასთან ადაპტირება, ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური განწყობის არსებობა, პირველ რიგში უნდა იყოს მოტივაცია იმის, რომ ქართული ენა ისწავლონ;
  • ქართულის გაკვეთილები უნდა იყოს საინტერესო, სახალისო და მარტივი, არ უნდა იყოს მომაბეზრებელი, უნდა არსებობდეს სკოლაში ქართული ენის კლუბები ან ახალგაზრდული კლუბი, სადაც ბევრი სხვა საკითხიც შევა, შემოქმედებითი სფერო, სპორტი და ა.შ. თავად სკოლას უნდა ჰქონდეს ამის ინტერესი, რომ ეს არაფორმალური კლუბი შექმნას;
  • სასურველია, რომ რამდენიმე სკოლასთან მოხდეს დამეგობრება, მაგალითად, იყოს გაცვლითი პროგრამები: უკრაინელი ბავშვები გაიყვანონ ქართულ სკოლებში, გააცნონ ერთმანეთი, სპორტულ ღონისძიებებში მიაღებინონ მონაწილეობა. სპორტს და კულტურას საერთოდ არ სჭირდება ენა, სხეულის ენით და არავერბალური კომუნიკაციით ბევრი რამის გაგება შეიძლება, მაგრამ დაინტერესება ორივე მხრიდან უნდა იყოს.

მაია ჯიბუტი. ფოტო: UNFPA Georgia / FB

გარდა ამისა, ფსიქოლოგი ყურადღებას ამახვილებს იმ უკრაინელ მოსწავლეებზე, რომლებიც ქართულ სკოლებში სიარულთან ერთად, დისტანციურად უკრაინაშიც სწავლობენ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები ასაკობრივი განვითარების მიხედვით იყვნენ დატვირთული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფსიქოლოგი  მენტალური ჯანმრთელობის იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც შესაძლოა, ბავშვების ზედმეტად დატვირთვამ გამოიწვიოს.

„არსებობს ასეთი ცნება – დღის რეჟიმი. დღის განმავლობაში ბავშვს უნდა ჰქონდეს გაწერილი რეჟიმი, სადაც გარკვეული დრო დაეთმობა სწავლას, დასვენებას, კვებას, გართობას, სხვადასხვა წრეზე სიარულს. თუ ბავშვი აქაც [ უკრაინულ სექტორზეც] სწავლობს და იქაც სწავლობს [უკრაინაში დისტანციურად სწავლობს], როდის ისვენებს? ან საერთოდ დრო დარჩება, რომ ქართულ საზოგადოებასთან მოახდინოს ინტეგრირება? აქ ბევრი ბავშვი, უბრალოდ, გამოიფიტება და შეექმნება მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა.

ვიცით, რომ მაგალითად, საქართველოში როდესაც იყო ონლაინ სწავლება, ბევრ ბავშვს შეექმნა მენტალური პრობლემა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ აქაურ კონტექსტს უნდა მოერგოს უკრაინელი ბავშვი, ქართულ სკოლაში ზოგი რაღაც ქართულად ისწავლოს, მერე უკრაინაში – ონლაინ ისწავლოს“, – ამბობს მაია ჯიბუტი.


სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია EU4IM-ის ბენეფიციარი ნეტგაზეთი და მასში გამოთქმული მოსაზრებები  შესაძლოა, არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი