საზოგადოება

“იცურე მშვიდად” — რას მიაღწიეს და რას ვერ მიაღწიეს აქტივისტებმა

12 ნოემბერი, 2023 •
“იცურე მშვიდად” — რას მიაღწიეს და რას ვერ მიაღწიეს აქტივისტებმა

5 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი გაერთიანდა იდეის გარშემო, ებრძოლათ საქართველოს წყლის ობიექტებზე სიკვდილიანობის შემთხვევათა შემცირებისათვის.

ასე დაიწყო კამპანიაიცურე მშვიდად“. მისი ერთერთი ინიციატორის, ალეკო ცქიტიშვილის ვაჟი კამპანიის დაწყებამდე 1 წლით ადრე, თბილისის ზღვაში დაიხრჩო.

5 წლისთავზე, საბრძოლი ჯერაც ბევრია

როგორც კამპანიაში ჩართული ადამიანები აღნიშნავენ, კანონმდებლობა დასახვეწია, ისევ არ არსებობს სპეციალური წესი  წყალში ადამიანის სიცოცხლის დაცვის ღონისძიებების შესახებ, ქვეყანას კი კვლავაც არ გააჩნია საკუთარი ტერიტორიების ზონირების რუკა თუ  საფრთხის შესახებ წინასწარი  შეტყობინებების სისტემა. ამასთან, აქტივისტთა თქმით, არაერთი კუსტარული სარეკრეაციო ობიექტი  კვლავ არ არის სათანადო გამაფრთხილებელი ინფორმაციის აღჭურვილი, შემოღობილი და მონიშნული.

თუმცა, კამპანიის მონაწილეები საუბრობენ ცალკეულ პოზიტიურ პროცესებზეც, რომლებიც, მათი დაკვირვებით, სწორედ სამოქალაქო ინიციატივის შედეგია. მათ სჯერათ, რომ ხსენებული პროცესები, მონდომების შემთხვევაში, შეიძლება საფუძვლად დაედოს უფრო დიდ, სისტემურ ცვლილებებს სამომავლოდ

კამპანიის მოთხოვნები და სტრატეგია 

“2015 წლიდან 2017 წლამდე საქართველოს მდინარეებში, ტბებში თუ ზღვებში 352 ადამიანი წყალში დახრჩობის შედეგად გარდაიცვალა, მათგან უმეტესობა ბავშვი და ახალგაზრდაა“, — ვკითხულობთ სამართლის დოქტორის, მაკა ნუცუბიძის ავტორობით 2018 წელს მომზადებულ ანგარიშში, რომელიც საქართველოში წყალში დახრჩობით სიკვდილიანობის პრევენციას ეხება.

ასეთი იყო მოცემულობა იმ დროისათვის, როცა ქვეყანაში დაიწყო კამპანიაიცურე მშვიდად“.

2017 წელს წყალში დახრჩობის შედეგად დაღუპულთაგან ერთერთი 15 წლის ცოტნე ცქიტიშვილი იყოადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის ვაჟი, რომელიც თბილისის ზღვაში საბანაოდ .. ჩანჩქერის ტერიტორიაზე მოწყობილი კუსტარული პლაჟიდან შევიდა და წყლიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო.

ლეკო ცქიტიშვილმა, თბილისის ზღვაში დამხრჩვალი კიდევ ერთი ახალგაზრდის დედასთან ერთად, თბილისის მერიასა და კომპანიაჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“(GWP) სასამართლოში 2017 წელსვე უჩივლა. თუმცა, მალე მისი ბრძოლა სასამართლოს კედლებს გასცდა.

ბანერი, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარედ განთავსდა კამპანიისიცურე მშვიდადფარგლებში. ფოტო: Facebook/იცურე მშვიდად

“Სწორედ იმ დროს, როცა სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ, ანა დოლიძე მოვიდა ჩვენთან ოფისში და გამოვიდა ინიციატივით, ერთად დაგვეწყო ეს კამპანია. ცხადია, მარტო ჩემს ოჯახს არ ეხება ის პრობლემა, რაც არის ზოგადად წყლის სხვადასხვა ობიექტზე. ამიტომ, 2018 წლის გაზაფხულიდან დავიწყეთ კამპანია იცურე მშვიდად“, — დასძენს ალეკო ცქიტიშვილი.

კამპანიაიცურე მშვიდადდაიწყო ანა დოლიძის, “ადამიანის უფლებათა ცენტრის”, CENN-ისა დაპროგრესის ცენტრის” ინიციატივით. კამპანიას მალევე შეუერთდნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს რიგმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა

ალეკო ცქიტიშვილი თქმით, კამპანიაში ჩართულთათვის ნათელი იყო, რომ საკანონმდებლო ბაზა მწირია და ეფექტურად არ აწესრიგებს წყლის ობიექტებზე სიკვდილიანობის პრევენციის საკითხს, ხოლო არაერთ ობიექტზე მოწყობილია კუსტარული, აღურიცხავი სარეკრეაციო ზონები, სადაც მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.

პირველი მოთხოვნა იყო წყლის ობიექტებზე საცურაო ტერიტორიების განსაზღვრა, აღრიცხვა და შესაბამისად ყველა ამ ტერიტორიის მოწესრიგება. Მეორე მოთხოვნა ეს არის ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რასაც სახელმწიფო უნდა [აწარმოებდეს]”,  — გვეუბნება კამპანიაში ჩართული ანა დოლიძე, რომელიც ამჟამად პარტიისხალხისთვისლიდერია.

კამპანიის ორგანიზატორებმა მონიშნეს ადგილები თბილისსა და რეგიონებში, სადაც დაუყოვნებლივ იყო საჭირო გამაფრთხილებელი ბანერების განთავსება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ზომების მიღება. ისინი ატარებდნენ გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციებს, ხვდებოდნენ მოსახლეობას და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს.

ანა დოლიძე 

ჩვენი ერთერთი მოთხოვნა იყო ის, რომ გამოყოფილიყო ის ზონები, სადაც დასაშვებია ცურვა და გამოყოფილიყო ზონები, სადაც ეს დაუშვებელია. ამას დიდი ფილოსოფია და კვლევა არ სჭირდება. არის ზონები, რომლებიც დღემდე დაუცველია და ისტორიულად უკვე ათეულობით ადამიანია დაღუპული წყალში. ეს ზონები უნდა შემოიღობოს და იქ არავინ უნდა შედიოდეს“, — დასძენს კამპანიის კიდევ ერთი მონაწილე, ორგანიზაცია CENN-ის პროგრამის დირექტორი რეზო გეთიაშვილი.

გარდა ხსენებული აქტივობებისა, კამპანიის მონაწილეებს შეხვედრები ჰქონდათ პარლამენტშიც, გარემოს დაცვისა და ევროინტეგრაციის კომიტეტებში. ალეკო ცქიტიშვილის სიტყვებით, კანონმდებლებს უთხრეს, რომ ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე მოსაწესრიგებელია როგორც საკანონმდებლო ბაზა, ისე პრაქტიკა, რათა უსაფრთხო გარემო შეიქმნას მოქალაქეებისთვის ისე, “როგორც ევროპულ სახელმწიფოს ეკადრება“.

პრობლემური კანონმდებლობა

გარდა კონკრეტული ტერიტორიების მოწესრიგების მოთხოვნისა, კამპანიის ორგანიზატორები ასევე შეეცადნენ, შეესწავლათ, რას ამბობს და როგორ მუშაობს საქართველოს კანონმდებლობა წყალში მოქალაქეთა დახრჩობის პრევენციის კუთხით.

ამ საკითხზე 2018-2019 წლებში ორი კვლევა მომზადდა სამართლის დოქტორის, მაკა ნუცუბიძის ავტორობითა დაღია საზოგადოების ფონდისფინანსური მხარდაჭერით.

ის ხაზს უსვამს, რომ სიცოცხლის უფლება საქართველოს კონსტიტუციით არის აღიარებული და  დაცული, ხოლო სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა არამხოლოდ ამ უფლების არდარღვევის უზრუნველყოფა, არამედმისი დაცვა, პრევენციული ღონისძიებების მიღება.

[ასეთ ღონისძიებებს შორისაა] ტერიტორიის ზონირება, რაც ნიშნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის აღწერას და საცურაო და არასაცურაო ზონების გამიჯვნას; ასევე, განსაკუთრებული და მომეტებული საფრთხისშემცველი (ზვავსაშიში, წყალმოვარდნის…) ტერიტორიების აღნიშვნა, საინფორმაციო ბანერების განთავსება, სწრაფი შეტყობინების სისტემის შემუშავება და სათანადო ინფორმაციის მიწოდება მოქალაქეებისათვის; ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით წყალში დახრჩობის პრევენციის პოლიტიკის შემუშავება, რომელიც მოიცავს მთელ რიგ ღონისძიებებს, როგორიცაა მაგალითად საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლება ან/და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ცურვის გაკვეთილების შეთავაზება”, — დასძენს სამართლის დოქტორი. 

მაკა ნუცუბიძე სწორედ სიცოცხლის კონსტიტუციური უფლების კონტექსტში განიხილავს სახელმწიფოს ვალდებულებას, აკონტროლოს, დაიცვას და ეფექტურად მართოს მის ტერიტორიაზე არსებული წყლის რესურსებიმდინარეები, ტბები თუ წყალსაცავები. ის ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს კერძო და საჯარო აუზებში ადამიანების სიცოცხლის დაცვასაც. 

“იმისთვის, რომ შენ თვითონ შეძლო საფრთხის თავიდან აცილება, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება ზუსტად ამას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები ინფორმირებით, შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნებით, დამცავი ბარიერებით, რათა შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა წყალში ბანაობისას ეფექტურად იყოს დაცული“, — დასძენს ის.

მაკა ნუცუბიძე. ფოტო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 

მისი სიტყვებით, წყლის რესურსების მართვა და დაცვა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილია.

საქართველოში 1997 წლიდან არსებობსწყლის შესახებკანონი, რომლითაც, ნუცუბიძის შეფასებით, რეგულირდება მხოლოდ წყლის ბუნებრივი რესურსების მართვასთან, წყლის ობიექტების ფლობასთან, სარგებლობასთან და განკარგვასთან დაკავშირებული საკითხები.

საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის ივნისში მიიღო ახალი კანონიწყლის რესურსების მართვისშესახებ, თუმცა მასში შემავალი მუხლების აბსოლუტური უმრავლესობა 2026 წლიდან, ზოგიერთი პუნქტი კი 2027 და 2030 წლიდან უნდა ამოქმედდეს. 1997 წლიდან მოქმედი კანონი ძალას მხოლოდ 2026 წელს კარგავს.

ავტორთა თანახმად, ახალი კანონის მიზნებს შორისაა წყლის რესურსების დაცვისა და მისით სარგებლობის კუთხით ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, ისევე, როგორც სუფთა წყალთან მოქალაქეთა წვდომის უზრუნველყოფა და მათი ჯანმრთელობისა თუ სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

მაკა ნუცუბიძე ხაზს უსვამს, რომ ხსენებული კანონი არ ეხება ადამიანების წყალში დახრჩობის პრევენციის საკითხს. სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებსაქართველოს კანონმა ჯერ კიდევ 2018 წელს დაავალა საქართველოს მთავრობას მიეღო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტიწყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და უსაფრთხოების შესახებ“. მისი მიღების ვადამ რამდენჯერმე გადაიწია, ამჟამინდელი მოცემულობით კი სახელმწიფოს დრო 2026 წლამდე აქვს.

ბანერი, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარედ განთავსდა კამპანიისიცურე მშვიდადფარგლებში. ფოტო: Facebook/იცურე მშვიდად

აქტის შემუშავება სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის ჩართულობას გულისხმობს, როგორებიცაა შსს, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურის სამინისტროები და სხვ. დღეისათვის კანონქვემდებარე აქტის პროექტზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი მუშაობს, რომელსაც  კოორდინაციას  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უწვეს. ამ საკითხზე ბოლო შეხვედრა მიმდინარე წლის აგვისტოში გაიმართა.

მაკა ნუცუბიძე, რომელიც ამ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობს, დოკუმენტის მიღების გაჭიანურების მიზეზებზე საუბრისას დასძენს:

ადრეც და ახლაც მთავარი მიზეზი იყო და არის ის, რომ ქვეყანას დღემდე არ აქვს ზონირების რუკაროგორ უნდა აამოქმედო გაფრთხილების სისტემა, სანამ არ იცი, რომელ ტერიტორიაზე რა საფრთხეა? როგორც კი ზონირების რუკა გვექნება და გვეცოდინება, სად რა საფრთხის შემცველი ტერიტორიებია და რომელი ტერიტორია ვისი პასუხისმგებლობაა, დანარჩენი საკითხებიც მარტივად დალაგდება.

ტექნიკურად ეს დადგენილება ძალიან მარტივი მისაღებია. ძირითადი პრობლემური საკითხები მიდის ხოლმე ზონირების არარსებობამდე“, — აღნიშნავს ის და ამატებს: “აბსოლუტურად ყველა განვითარებული ქვეყნის კანონმდებლობის შესწავლამ აჩვენა, რომ მას შემდეგ, რაც სახელმწიფოებს სახეზე აქვთ წყლის ზონალური რუკებიადგილობრივი თვითმმართველობების საშუალებით მართავენ წყალთან დაკავშირებულ საფრთხეებს“.

ნუცუბიძის შეფასებით, იმ ფაქტით, რომ საქართველოს ამ დრომდე არ აქვს დეტალური კანონმდებლობა წყალში დახრჩობის პრევენციის კუთხით, პირველ რიგში, ადამიანის კონსტიტუციით დაცული უფლებების უგულებელყოფა ხდება.

კონსტიტუციაში წერია, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, იზრუნოს ადამიანის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. ამისთვის მან უნდა მოახდინოს დროული ინფორმირება გარემოს მდგომარეობისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ

როდესაც ქვეყნის მთავარ კანონში კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი გვაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ მასთან შესაბამისი კანონმდებლობა უნდა არსებობდეს; კანონმდებლობა, რომელშიც ზედმიწევნით, ნათლად და გასაგებად იქნება გაწერილი სად, როგორ და რისგან უნდა დაიცვას თავი ადამიანმა, რომელიც გადაწყვეტს წყალში ბანაობას: სად არის ნებადართული წყალში შესვლა და სადარა, სად არის მოსალოდნელი წყალმოვარდნა; სად შეუძლია იცუროს მაშველის იმედად და რომელ ტერიტორიაზე ვერ ექნება სამაშველო სამსახურის იმედი და .. “, — დასძენს სამართლის დოქტორი.

აქცია თბილისის ზღვაზე, .. ჩანჩქერის ტერიტორიაზე. 2019 . ფოტო: Facebook/იცურე მშვიდად

ნეტგაზეთმაგარემოს დაცვის სამინისტროს ჰკითხა, თუ მზადდება ზონირების რუკა, რომელიც მაკა ნუცუბიძემ ახსენა, სადამდეა მისული პროცესი და როდისთვის იგეგმება სამუშაოების დასრულება. უწყებიდან შემდეგი პასუხი მოგვწერეს:

“2019 წლიდან გარემოს ეროვნულ სააგენტოში, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად ჩართულია პროგრამაკლიმატით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“, რომელიც დაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (Sida) და საქართველოს მთავრობის მიერ და ახორციელებს საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადდა ბუნებრივი საფრთხეების მოდელირებისა და საფრთხეების რუკების შედგენის მეთოდოლოგიები, რის საფუძველზეც გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისა და საერთაშორისო ექსპერტების მიერ ერთობლივად მიმდინარეობს საფრთხეების რუკების მომზადების სამუშაოები:

  • ეროვნულ დონეზე საფრთხეების რუკები მომზადებულია ძლიერი ქარის, თოვლის ზვავების, გვალვის და სეტყვისათვის;
  • მიმდინარეობს წყალდიდობის, მეწყრის და ღვარცოფის საფრთხეების რუკების მომზადების სამუშაოები მდინარეთა აუზების მიხედვით, რომლის დასრულებაც დაგეგმილია 2024 წლის დასაწყისისთვის“.

რას მიაღწია აქტივიზმმა?

კამპანიისიცურე მშვიდადორგანიზატორთა დაკვირვებით, არაერთი პრობლემა, რომელთა გადასაჭრელადაც ბრძოლა დაიწყეს, კვლავ აქტუალურია: კანონმდებლობა, მისი აღსრულების მექანიზმებთან ერთად, ჯერაც გასამართია და ის საკანონმდებლო აქტები, რომლებიც უკვე მიიღეს, კიდევ რამდენიმე წელი არ ამოქმედდება.

ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ მოსაწესრიგებელია არაერთი კუსტარული ობიექტი, რომლებსაც მოქალაქეებიგანსაკუთრებით, ბავშვები და ახალგაზრდებისაცურაოდ იყენებენ. მეორე მხრივ, “იცურე მშვიდადსაუბრობს დადებით შედეგებზეც, რომლებიც აქტივიზმმა მოიტანა.

სასამართლოში მერიისა და GWP- წინააღმდეგ დავა გრძელდება, თუმცა, როგორც ალეკო ცქიტიშვილი აღნიშნავს, გასულ წელს ქალაქ თბილისის მერიამ თბილისის ზღვის ფაქტობრივად მთელ პერიმეტრზეგარდა ოფიციალური პლაჟისაყოველ 100 მეტრში დააყენა გამაფრთხილებელი ბანერები, რომელთა თანახმადაც იქ ცურვა აკრძალული და სახიფათოა. Კამპანიის საწყის ეტაპზე მერია ამ ღონისძიებაზე უარს აცხადებდა

ალეკო ცქიტიშვილი 

შესაბამისად, თბილისის ზღვაზე მინიმალური ღონისძიება გატარებულია ჩვენი კამპანიის და მოთხოვნების შედეგადჩვენ ზუსტად ჩვენს კამპანიას და მედიის მხრიდან ამ პრობლემების ფართოდ გაშუქებას ვუკავშირებთ ზღვის სანაპიროზე გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟებას.

თუმცა, ეს არის მინიმალური ღონისძიება და არის ადგილები, სადაც ბანერები საკმარისი არაა. Საჭიროა დამატებით სხვა ზომების გატარებვა. Მაგალითად, ასეთი ადგილია ვარკეთილის მხარეს . Წ. Კოშკის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მხოლოდ ბანერების დამონტაჟება პრობლემას ვერ მოაგვარებს. იქ საჭიროა ადამიანური რესურსის გამოყოფა, დარაჯის დაყენება, რომელიც მუდმივად გააფრთხილებს ადამიანებს, ან ვიდეომეთვალყურეობა და სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით იქ ბანაობის შეზღუდვა“, — ამბობს ალეკო ცქიტიშვილი.

აქტივიზმმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწია თბილისს გარეთაც: რუსთავში, ქალაქ რუსთავის მერიასთან და ერთერთი წყლის ობიექტის კერძო მესაკუთრესთან კონსულტაციების შემდეგ, კერძო ტერიტორიაზე მოწყობილი წყალსაცავი სრულად შემოიღობა მავთულხლართებით. კამპანიის მონაწილეები ჩავიდნენ ლაგოდეხის ნაკრძალშიც, ჩანჩქერთან, სადაც 2019 წელს მოზარდი დაიხრჩო. მათ ადმინისტრაციას გარკვეული რეკომენდაციები მისცეს, რის შემდეგაც, ალეკო ცქიტიშვილის ინფორმაციით, ადგილზე გამაფრთხილებელი ბანერები დამონტაჟდა.

კამპანიის მონაწილეები ფიქრობენ, რომ მსგავსი ზომების მიღება მუნიციპალიტეტებისთვის რთული არ უნდა იყოს, ვინაიდან მათთვის დიდწილად ცნობილია ადგილობრივ მაცხოვრებელთათვის საცურაოდ პოპულარული ადგილები.

ზღვაზე დახრჩობის სტატისტიკა მცირდება. ესაა მაშველების საქმიანობის დამსახურება, რომლებიც პლაჟებზე განლაგდნენ. ეს გვიჩვენებს, რომ თუკი ღონისძიებები ტარდება, სიკვდილიანობა იკლებს. Ტრაგიკულ შემთხვევებს ბოლომდე ვერავინ აღმოფხვრის, მაგრამ მინიმალურ რაოდენობაზე დაყვანა სრულიად შესაძლებელია“, — აღნიშნავს ცქიტიშვილი.

ამკრძალავი ბანერი თბილისის ზღვაზე 

კამპანიის ორგანიზატორები ერთერთ მთავარ მიღწევად საზოგადოებაში წყალში დახრჩობის პრევენციის საკითხის გააქტიურებას ასახელებენ.

მაკა ნუცუბიძის სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ წყალში სოცოცხლის დაცვის უზრუნველსაყოფად შესაბამისი წესები სახელმწიფოს მიერ დღემდე არ არის მიღებული, წინგადადგმული ნაბიჯია ცნობიერების ამაღლება: ის, რომ სულ უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება ცნობილი იმ გამოწვევებისა და ვალდებულებების შესახებ, რასაცქვია წყალში დახრჩობის პრევენცია, როგორც სახელმწიფოს ვალდებულება.

რაღაცნაირად მიჩვეული იყო საზოგადოება, რომ წყალში დახრჩობის შემთხვევაში დამნაშავე ყველაა: მშობლებირომლებმაც ყურადღება არ მიაქციეს ბავშვს”, გარემოება, რომთუ ცურვა არ იცოდა რატომ შედიოდა”, თვითონ გარდაცვლილი, რომელიც წყალში დაიხრჩო… ყველა, მაგრამ არა სახელმწიფო. სანამ არ ვიცი, რისი უფლება მაქვს, სანამ არ ვიცი რა მოვითხოვო და ვისგან, სანამ არ შევახსენებ საკუთარ ვალდებულებას ხელისუფლებას, ისიც არის წყნარად, არ იწუხებს თავს, რომ შეცვალოს და გამოასწოროს. ეს არის კამპანიის მთავარი მიზანი: ილაპარაკო, შეაწუხო, მოსთხოვო, აიძულო”, — დასძენს ის.

სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა პროექტის – „კამპანიაიცურე მშვიდად“ – წყლის ობიექტებზე სიკვდილიანობის პრევენციაფარგლებში. პროექტს და კამპანიას 2018 წლიდან მხარს უჭერს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი.

მასალების გადაბეჭდვის წესი