ახალი ამბები

უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის, ჩვენთვის და ჩვენ ნაცვლად – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

1 აპრილი, 2024 • 1699
უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის, ჩვენთვის და ჩვენ ნაცვლად – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ, ვაშინგტონში ლატვიელ და ლიეტუველ კოლეგებთან ერთად ვიზიტისას უკრაინის დახმარების გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის მარცხი ყველას მარცხს ნიშნავს.

ესტონელმა დიპლომატმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციას ინტერვიუ მისცა და აღნიშნა, რომ მორალურად აუხსნელია, რომ საერთაშორისო სამართალი ლიდერებს იმუნიტეტს სთავაზობს, მათ გასამართლებას შეუძლებელს ხდის. პუტინმა და რუსეთმა კი პასუხი უნდა აგონ და გადაიხადონ ზიანის საფასური.

“ჩვენ უნდა განვსაზღვროთ მიზანი არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ – ჩვენთვისაც. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, ეს მკაფიოდ უნდა ვთქვათ. უნდა განვმარტოთ ისიც, რა არის გამარჯვება. დიახ, ტერიტორიული მთლიანობა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამასთან, უნდა აღვადგინოთ საერთაშორისო სამართალიც. პუტინმა საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპი, გაეროს ქარტიის ყველა ნორმა დაარღვია”, – ამბობს მარგუს ცაჰკნა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თვლის, რომ უკრაინას უნდა მივცეთ ყველაფერი, რასაც ითხოვენ – იარაღი, ამუნიცია, ფული.

“ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს: არ არსებობს გეგმა “ბ”, თუკი უკრაინა მარცხდება, მაშინ ჩვენ, ყველანი მასთან ერთად ვმარცხდებით. ეს არაა მხოლოდ უკრაინის საკითხი, მეტიც, [რუსეთის მიერ] ნატოს გამოცდის საკითხიც კი არაა, [ამ შემთხვევაში] ჩვენ დავმარცხდებით როგორც დემოკრატიები. […] უკრაინა არა მხოლოდ თავისი თავისუფლებისთვის, ან ჩვენთვის იბრძვის, არამედ ჩვენ ნაცვლადაც”, – ამბობს მინისტრი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

მინისტრმა ისაუბრა რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე.

“უკრაინა ამბობს, რომ რუსეთმა 200 000-ზე მეტი ბავშვი ქვეყნიდან უკანონოდ გაიტაცა. თავად რუსეთი კი ამბობს, რომ 700 000-მდე ბავშვი ჰყავს წაყვანილი. დღეს, 21-ე საუკუნეში, ბავშვებს იტაცებენ, აგზავნიან ბანაკებში, უცვლიან იდენტობას. ზოგ შემთხვევაში ისიც კი გავიგეთ, რომ ზოგიერთი, შედარებით უფროსი ბავშვი, ახლა უკვე უკრაინაში, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ საბრძოლველადაც გაუშვეს. საშინელებები ხდება და ჩვენ არ შეგვიძლია ეს უბრალოდ რაღაც ტიპის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ან ზავით დავასრულოთ. ჩვენ ვლადიმირ პუტინს აგრესიის სურვილი უნდა დავაკარგვინოთ. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან სასწორზე ჩვენი ღირებულებები დევს”, – აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.

ესტონეთის საგარეო მინისტრი ინტერვიუში შეეხო საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის წევრობის პერსპექტივასაც.

“წლებია ვამბობთ, რომ გაფართოება უნდა გაგრძელდეს, საქართველო და უკრაინა უნდა შემოგვიერთდნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ გავაკეთეთ და საქართველომ დაკარგა ტერიტორიის ნაწილი, უკრაინა კი ახლაც ომშია. მაგრამ ვფიქრობ, ახლა ეს ყველასთვის გამოღვიძების მომენტი და ნიშანია იმისა, რომ რუსეთთან არანაირი გარიგება აღარ იქნება… რომ ეს ძალიან საშიშია. ჩვენ უნდა წავახალისოთ ლიდერები, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები”, – ამბობს ესტონელი მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი