საზოგადოება

რუსეთი მაის-ივნისში ახალი დიდი შეტევისთვის ემზადება – ზელენსკი

29 მარტი, 2024 • 961
რუსეთი მაის-ივნისში ახალი დიდი შეტევისთვის ემზადება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ელის, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგ მასშტაბურ თავდასხმას მაის-ივნისში განახორციელებს. ამის შესახებ მან CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 28 მარტს გამოქვეყნდა.

პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია,  უკრაინა რომელი მიმართულებით ელის ოკუპანტების მხრიდან შეტევას.

“დღეს სიტუაცია აღმოსავლეთში სტაბილურია, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ შესაბამისი შეიარაღების, ამუნიციის დეფიციტი გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ბრიგადების მზადებას ჩვენთვის მნიშვნელოვანი შესაბამისი მოქმედებებისთვის ვიწყებთ, მაინც დავასტაბილურეთ მდგომარეობა. სიტუაცია ახლა უკეთესია, ვიდრე ეს 2-3 თვის წინ იყო.

ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას პარტნიორებს ვუზიარებთ და ვამბობთ, რომ რუსეთი კონტრშეტევითი მოქმედებებისთვის ემზადება. ეს შეიძლება მოხდეს მაისის ბოლოს ან ივნისში. […] ჩვენ ახლა გვჭირდება დახმარება, რომ მოვამზადოთ ის ბრიგადები, რომელთაც ჩვენს მიწაზე ბრძოლა მოუწევთ, განსაკუთრებით იმ კონტრეშეტევითი მოქმედებების დროს, რისი წამოწყებაც რუსეთს უნდა”, – ამბობს ზელენსკი.

ზელენსკის თქმით, უკრაინას მომზადება მხოლოდ იმისთვის არ სჭირდება, რომ “სიტუაცია დაასტაბილუროს”, რაც უკრაინის პარტნიორებს ხშირად ახარებთ ხოლმე.

ზელენსკი ჟურნალისტებს სუმიში შეხვდა, სადაც ქალაქის განაპირა მხარეებში ახალგათხრილი მიწისქვეშა ბუნკერები მოინახულა. მისი სიტყვებით, მთელი ეს ტერიტორია საბრძოლო მზადყოფნაშია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მიმდებარე საზღვართან ოკუპანტების მობილიზება შეინიშნება, რომლებმაც განახორციელეს კიდეც თავდასხმა ახლო სოფლებზე.

“როგორც წესი, როდესაც არტილერიით გადმოდიან შეტევაზე და სოფლებს ანადგურებენ, ამის შემდეგ ამ ტერიტორიების ოკუპირებას ცდილობენ ხოლმე. ჩვენ არ ვიცით, ხვალ რა იქნება. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ”, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად უკრაინას ახლა ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა Patriot და მეტი არტილერია სჭირდება. მიუხედავად მადლიერებისა აშშ-ის მიმართ, დახმარება, რომელიც შტატებიდან მოდის, პერსპექტივაში უნდა იქნას აღქმული.

“ათეულობით მილიარდი ისევ აშშ-ში რჩება. […] მოდით, გულახდილები ვიყოთ. ფული, რომელიც კონგრესის, ადმინისტრაციის მიერ გამოიყოფა, უმეტეს შემთხვევაში, ამ თანხის 80% (ყოველ შემთხვევაში, 75%-ზე მეტი მაინც) ისევ აშშ-ში რჩება. საომარი საშუალებები მოდის ჩვენამდე, მაგრამ ისინი აშშ-ში მზადდება, ფული აშშ-ში რჩება, გადასახადები აშშ-ს შესდის. […] დიახ, უზარმაზარი დახმარება მოგვდის, მაგრამ ჩვენ ის გვჭირდება”, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინული გამოცემა Ukrainska Pravda წერს, რომ უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრ პავლიუკმა მანამდეც განაცხადა, რომ რუსეთი 100 000 ჯარისკაცისგან შემდგარ ახალ დაჯგუფებას ქმნის და გამორიცხული არაა, ზაფხულში ერთ-ერთი მიმართულებით მასშტაბური შეტევა განახორციელოს.

ბრიტანული გამოცემა The Economist 27 მარტს წერდა, რომ ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, იზრდება რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან ახალი მასშტაბური თავდასხმის საფრთხე.

ფოტოზე: უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სუმის რეგიონში ვიზიტისას. © EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი