საზოგადოება

რა იცვლება აბორტის შესახებ მინისტრის ბრძანებაში

9 ნოემბერი, 2023 • 1494
რა იცვლება აბორტის შესახებ მინისტრის ბრძანებაში

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა აბორტის შესახებ ბრძანებაში ცვლილებები შეიტანა. ბრძანების ახალი რედაქცია 26 ოქტომბერს შევიდა ძალაში.

ცვლილების მიხედვით, აბორტის გაკეთებამდე კონსულტაციის გავლა მეან-გინეკოლოგის გარდა სავალდებულო იქნება ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან. ეს დათქმა 2024 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში. ბრძანების მიხევდით ეს სავალდებულო კონსულტაციები ე.წ. 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის პერიოდში, “კონფიდენციალურ პირობებში, სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ექიმის საკონსულტაციო ოთახში” უნდა ჩატარდეს.

გარდა ამისა, 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის დარღვევის შემთხვევაში ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ექიმი ვალდებულია, აბორტის გაკეთების მსურველ პაციენტს კონსულტაცია გაუწიოს და 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადა მისცეს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაუშვან, თუ ამ 5 დღეში ქალის ორსულობის ვადა 12 კვირას, ანუ ლეგალური აბორტის დასაშვებ ვადას აჭარბებს. ამ შემთხვევაში მოსაფიქრებელი ვადა 5-დან 3 დღემდე მცირდება.

კიდევ ერთი ცვლილება შეეხება 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის გასვლის შემდეგ ჩასატარებელ აუცილებელ პროცედურებს. ახალი ბრძანების მიხევდით, თუ პაციენტმა მოსაფიქრებელი ვადის შემდეგ აბორტის პროცედურის ჩატარება გადაწყვიტა, აუცილებელი იქნება რადიოლოგიური კვლევის (ექოსკოპიის) ჩატარება. შედეგები, სურათთან ერთად, უნდა განთავსდეს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში.

ახლი ბრძანების მიხევდით, ორსულობის სხვადასხვა ვადაზე მედიკამენტური აბორტი სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გაკეთდეს. უფრო კონკრეტულად, ორსულობის 7 კვირამდე მედიკამენტური აბორტის გაკეთება შესაძლებელი იქნება I დონის ანტენატალურ (რომელსაც აქვს სერვისი ორსულებისთვის) დაწესებულებაში სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის უფლების მქონე ექიმის მიერ.

10 კვირამდე მედიკამენტური აბორტი კი აუცილებლად უნდა გაკეთდეს სტაციონარულ დაწესებულებაში, ან სტაციონართან არსებულ ანტენატალურ დონემინიჭებულ ამბულატორიაში. შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმის მეთვალყურეობა და საჭიროების შემთხვევაში დროული რეფერალის შესაძლებლობა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელი პირობაა.

ცვლილებების მიხევდით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, 12 კვირის შემდეგ აბორტის გაკეთებისას სამედიცინო დაწესებულებამ შეტყობინება უნდა გაუგზავნოს ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე არსებულ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს.

ცვლილებებია იმ სამედიცინო ჩვენებების ჩამონათალშიც, რომელთა საფუძველზე აბორტი დასაშვები იქნება 12 კვირის შემდეგაც.

 

შეფასებები და კითხვები, რომლებიც ცვლილებებს მოჰყვა

გასულ წელს ჯანდაცვის სამინისტრომ ორსულობის უსაფრთხო შეწყვეტის სახელმწიფო სტანდარტების შესახებ პროტოკოლი განაახლა. დოკუმენტის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ როგორც პრაქტიკოსი ექიმები, ისე რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სხვა პროფესიონალები.

სპეციალისტები და ექიმები, ვისაც ნეტგაზეთი ესაუბრა, ამბობენ, რომ როგორც მსგავსი პროტოკოლების შემუშავების პროცესში, ისე სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივების განხილვისას, ჩვეულებრივ, აზრის გამოთქმისა და კონსულტაციების გავლის საშუალება ეძლევათ. თუმცა ამ ცვლილებების შესახებ მათ პოსტ-ფაქტუმ გაიგეს.

ახალი ბრძანების ნაჩქარევად დამტკიცება მათ კითხვებს უჩენთ, თუმცა მისი შინაარსისა და მიზნობრიობის დეტალური შესწავლის გარეშე ამ ეტაპზე საჯარო კომენტარებისგან თავს იკავებენ.

მინისტრის ახალი ბრძანების შესაძლო შედეგებზე ნეტგაზეთს ესაუბრა ასოციაცია “ჰერა XXI”-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო წულეისკირი. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც უსაფრთხო აბორტის შესახებ პროტოკოლის შემუშავებაში იღებდა მონაწილეობას. წულეისკირი ამბობს, რომ ახალი ცვლილებები არ გამომდინარეობს გასულ წელს შემუშავებული დოკუმენტიდან. უფრო მეტიც, მისი თქმით, ის წინააღმდეგობაში მოდის იმ რეკომენდაციებთან, რომლებიც სამოქალაქო სექტორს პროტოკოლის შემუშავების პროცესში ჰქონდა.

“როცა დოკუმენტს გავეცანი, სამწუხაროდ, აღმოვაჩინე ცვლილებები, რომლებმაც სავალალო შედეგებზე შეიძლება გაგვიყვანოს”, – ასე იწყებს ნეტგაზეთთან საუბარს ნინო წულეისკირი.

 

5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადა

ნინო წულეისკირი ამბობს, რომ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, აბორტის გასაკეთებლად ექიმთან მისულ ქალს პროცედურის ჩატარებამდე არ უნდა სჭირდებოდეს ლოდინი ე.წ. მოსაფიქრებელი ვადის გასვლამდე. მისი რეკომენდაცია ამ ვადის გაუქმებაა. ახალი ცვლილებებით, ამ ვადის განმავლობაში ქალს დამატებითი პროცედურების გავლა მოუწევს, მისი დარღვევის შემთხვევაში კი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

“ქალს შეუძლია იფიქროს ხუთი დღე, ათი დღე … რამდენიც მას უნდა, იმდენი შეიძლება იფიქროს და შემდეგ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. თუმცა ეს არ უნდა იყოს სავალდებულო. ბრძანებაში ვხედავთ, რომ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში დადგება ექიმის პროფესიონალური პასუხისმგებლობის საკითხი. ეს ძალიან საშიში პუნქტია: ჩვენ გვაქვს ისეთი მდგომარეობა, რომ პროფესიონალი ექიმების რაოდენობა ამ დარგში იკლებს. ეს პუნქტი ხელოვნურად ქმნის ძალიან სერიოზულ წნეხს ექიმზე. დამატებითი ტვირთის გამო, შესაძლოა, ექიმთა ნაწილმა საერთოდ უარი თქვას ამ პროცედურის ჩატარებაზე”, – გვიხსნის წულეისკირი.

ნინო წულეისკირი

 

მედიკამენტურ აბორტთან დაკავშირებული ცვლილებები

“ჰერა XXI” მრავალი წელია მუშაობს იმაზე, რომ რეპროდუქციული ჯანდაცვის სერვისები ხელმისაწვდომი იყოს პირველადი ჯანდაცვის რგოლშივე. ორგანიზაციის ხედვით, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ოჯახის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება, რათა მათ შეძლონ ზუსტი და დეტალური ინფორმაციის მიწოდება პაციენტებისთვის, საჭიროების შემთხვევაში კი, კონკრეტულ სპეციალისტთან გადამისამართება.

ორგანიზაციაში ამას ასე ხსნიან – ოჯახის ექიმთან კონსულტაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ექცევა. მათი გაძლიერებითა და კვალიფიკაციის ამაღლებით პაციენტებს საშუალება ექნებათ, ბევრად მეტი ინფორმაცია და პროფესიონალური კონსულტაცია მიიღონ უფასოდ.

ნინო წულეისკირის თქმით, იმის მაგივრად, რომ სახელმწიფომ რესურსები პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებისკენ მიმართოს, ახალი ცვლილებით, მედიკამენტური აბორტის გაკეთება, ორსულობის გარკვეული ვადის შემდეგ, მხოლოდ სტაციონარულ დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი. წულეისკირის შეფასებით, ეს დამატებით ბარიერებს შეუქმნის ქალს როგორც ფინანსურად, ისე გეოგრაფიულად.

ამის საპირისპიროდ, გინეკოლოგთა ნაწილი ამბობს, რომ მედიკამენტური აბორტის სტაციონარულ დაწესებულებაში გადატანა ჯანმრთელობის იმ რისკებს დააზღვევს, რაც ორსულობის გარკვეულ ვადაზე ამ პროცედურის ჩატარებას შეიძლება მოჰყვეს.

 

სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის კონსულტაცია

ყველა სპეციალისტი, ვისაც ნეტგაზეთი ესაუბრა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აბორტის პროცედურის გაკეთებამდე სოციალურ მუშაკთან და ფსიქოლოგთან კონსულტაციის აუცილებლობას. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რასაც პროფესიონალები ასახელებენ, კონფიდენციალურობის დარღვევის რისკია.

ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის შესახებ 2022 წელს შემუშავებულ პროტოკოლში მეან-გინეკოლოგის მიერ კონფიდენციალურობის დაცვა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტადაა დასახელებული. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ კონფიდენციალურობა ქალის ღირსების დაცვისა და არჩევანის პატივისცემის გამოხატულებაა.

პროცესში სხვა ადამიანების ჩართვის აუცილებლობა აფართოებს წრეს, ვისაც კონკრეტული ქალის მიერ აბორტის გაკეთების შესახებ ინფორმაცია ექნება. იქიდან გამომდინარე, რომ ფსიქოლოგის პროფესია საქართველოში არანაირი რეგულირების ფარგლებში არ ექცევა, მათი ჩართვის ვალდებულება, სპეციალისტთა შეფასებით, კონფიდენციალურობას გარანტიას კიდევ უფრო მეტი რისკის ქვეშ აყენებს.

მეორე ფაქტორი, რაც კითხვებს აჩენს, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობაა. სოციალურ მუშაკებს არაერთხელ უსაუბრიათ კადრების ნაკლებობაზე.

შეძლებენ თუ ვერა კლინიკები ამ სპეციალისტების მოძიებას ყველა საჭირო სიტუაციაში? რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, რეგიონებში მომუშავე საავადმყოფოებში არ მოიძებნება შესაბამისი კადრები? იმ შემთხვევაში, თუ ახალი ბრძანებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას ვერ შეძლებენ, საერთოდ უარს ხომ არ იტყვიან ამ სერვისის მიწოდებაზე? ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტთა შეფასებით, მნიშვნელოვანია ამ კითხვებზე პასუხების გაცემა და შესაძლო რისკების დაზღვევა.

ნინო წულეისკირის შეფასებით, რაოდენობის გარდა პრობლემურია კვალიფიკაციაც.

“რამდენად მომზადებული არიან სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ამ ცვლილებებისთვის? ეს ძალიან სენსიტიური საკითხია და საჭიროებს სპეციფიკურ ცოდნას. ლოგიკურია, რომ ბრძანების ძალაში შესვლამდე უნდა გადაგვემზადებინა ეს სპეციალისტები, რათა მათი ჩართვა ბუნებრივად და უმტკივნეულოდ მომხდარიყო”, – ამბობს წულეისკირი.

 

ფინანსური ხელმისაწვდომობა

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ცვლილებებმა გაზარდოს აბორტის, როგორც სამედიცინო სერვისის ღირებულება. ეს, პირველ რიგში, გამომდინარეობს წინა პუნქტიდან – ვინ გადაიხდის სოციალურ მუშაკთან და ფსიქოლოგთან კონსულტაციის თანხას? ეს სერვისი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შევა თუ ქალს მოუწევს მისი ღირებულების გადახდა? ცვლილებები სამინისტრომ ისე დაამტკიცა, რომ ამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

აბორტის სერვისის ღირებულებას ზრდის 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის გასვლის შემდეგ ექოსკოპიის აუცილებლობაც.

“ეს ცვლილებები უარყოფითად აისახება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე, სოციალურად დაუცველ ფენაზე. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ეს სერვისი რაც შეიძლება ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდეს გეოგრაფიულად და ფინანსურად. ამიტომაც, მე ამას დავარქმევდი ორკესტრირებულ თავდასხმას ქალზე და იმ პროფესიონალებზე, ვინც ამ სფეროში მუშაობს”, – ამბობს ნინო წულეისკირი.

სფეროში მომუშავე პროფესიონალები არ გამორიცხავენ, რომ სამინისტრომ მომავალშიც დაამტკიცოს გარკვეული ცვლილებები ამ მიმართულებით. მათი შეფასებით, ასეთ შემთხვევაში, პროცესი ჯანდაცვისა და უფლებების საკითხს გასცდება და შესაძლოა წაახალისოს “ანტიდემოკრატიული ძალები და აგრესიული ჯგუფები”.

“იმ ქვეყნებში, სადაც კანონმდებლობა და მიდგომები მეტად ლიბერალურია, ნაკლებია აბორტების რაოდენობაც. იმ ქვეყნებში, სადაც მკაცრდება პოლიტიკა, იზრდება არაუსაფრთხო აბორტების რაოდენობაც. ეს საფრთხეს უქმნის ქალების ჯანმრთელობას და ზრდის ავადობის და სიკვდილიანობის რისკს”, – განმარტავს ნინო წულეისკირი.

ნეტგაზეთი ელოდება პასუხს ჯანდაცვის სამინისტროსგან. სტატიაში დასმულ საკითხებზე სამინისტროს პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი