ახალი ამბები

“არ გვყავს არცერთი ფსიქოლოგი, ბენეფიციარების რეაბილიტაციისთვის” – სოციალური მუშაკები

15 თებერვალი, 2021 • 1168
“არ გვყავს არცერთი ფსიქოლოგი, ბენეფიციარების რეაბილიტაციისთვის” – სოციალური მუშაკები

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები განცხადებას ავრცელებენ და წუხილს გამოთქვამენ ქობულეთში მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

სოციალური მუშაკების თქმით, ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ გამოავლინა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვზე ზრუნვის სისტემის გამართულ მუშაობას და ბავშვთან შემხებლობაში მყოფ თითოეულ სუბიექტს: სკოლას, სოციალურ სამსახურს, პოლიციას და სხვა.

განცხადების ავტორთა თქმით, დასაქმებული სოციალური მუშაკების უფლებრივი მდგომარეობა არის გაუსაძლისი და იმაზე რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, ვიდრე 2 წლის წინ, როდესაც დასაქმებულებს კოლექტიური დავა ჰქონდათ სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ.

“დღესდღეობით არსებული რესურსებით ჩვენ არ შეგვიძლია საფუძვლიანად შევისწავლოთ თითოეული შემთხვევა, შევაფასოთ რისკები, დავგეგმოთ პრევენციული ან სარეაბილიტაციო მუშაობა. სისტემაში არის კადრების კრიტიკული დეფიციტი. სოციალურ მუშაკთა რაოდენობის გაზრდის ნაცვლად სისტემიდან რეორგანიზაციის საფუძვლით 2020 წლის იანვარში სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს 33 სოციალური მუშაკი.

ამ დრომდე არ მომხდარა გათავისუფლებული კადრების აღდგენა. დღეს არსებული რიცხვი არ შეესაბამება სოციალური მუშაობის შესახებ კანონით აღებულ ვალდებულებებს. რის გამოც თითოეულ სოციალურ მუშაკს უწევს საქმეთა გადაჭარბებულ რაოდენობაზე მუშაობა”, – აცხადებენ სოციალური მუშაკები.

მათი თქმით ამ ეტაპზე არ ჰყავთ არცერთი ფსიქოლოგი, რომელიც რეაბილიტაციის კუთხით იმუშავებს ბენეფიციარებთან, რამდენადაც თბილისის მასშტაბით მომუშავე ერთადერთი ფსიქოლოგი მუშაობს ოჯახურ დავებზე, ხოლო სხვა ბენეფიციარები ფსიქოლოგის მომსახურებას ვერ იღებენ სახელმწიფოსგან:

“2021 წლის პირველი თებერვლიდან, რეორგანიზაციის შემდეგ გვყავს პროფესიული ზედამხედველი. თუმცა, მიუხედავად ამისა, დღესდღეობით ჩვენთვის ფაქტობრივად ხელმიუწვდომელია სუპერვიზია, რადგან მას უწევს ტექნიკური სამუშაოების შესრულება და არ აქვს სათანადო დრო, ყურადღება დაუთმოს შინაარსობრივ მუშაობას და 36-მდე სოციალური მუშაკისათვის ეფექტური და დროული ზედამხედველობა გასწიოს.

შესაბამისად, ვერ ხდება გართულებული შემთხვევების სიღრმისეულად განხილვა/გავლა. ჩვენთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს გადაადგილება. სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფა სოციალური მუშაკის სამუშაოს შესასრულებლად ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რათა დროულად და შეუფერხებლად მივიდეთ დახმარების მომლოდინე მოქალაქესთან”, – აცხადებენ ხელმომწერები.

სოციალური მუშაკების განცხადებით, დღესდღეობით გადასაადგილებლად სჭირდებათ დიდი დრო, არსებული ერთადერთი მანქანა კი ვერ პასუხობს საჭიროებებს. მიუხედავად ამ საკითხის არაერთხელ გახმიანებისა, ხელმძღვანელი პირებისგან ადეკვატური პასუხი და გადადგმული რეალური ნაბიჯები არ უნახავთ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პანდემიის პირობებში სოციალურ მუშაკებს არ ჰქონდათ რეგულარულ შემთხვევებზე გადასაადგილებელი საშუალება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის არყოფნის პერიოდში გადაადგილდებოდნენ ტაქსით და პირადი ხარჯებით:

“ყოველივე აჩვენებს, რომ სოციალური მუშაკები ვიმყოფებით ქაოტურ მდგომარეობაში, ყოველდღიურად ვხედავთ, რომ მიმდინარე რეფორმები არათუ გვეხმარება ჩვენზე დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად შესრულებაში, არამედ- პირიქით.

ამ რეფორმების დაგეგმვისას არ ყოფილა გათვალისწინებული პრაქტიკოსი სოციალური მუშაკების ექსპერტიზა და გამოცდილება, ასევე არ იქნა გათვალისწინებული კადრების სიმწირე, არსებული სერვისების რაოდენობა და ხარისხი არ შეფასებულა სათანადოდ. ვიმყოფებით პროფესიული და ტექნიკური მხარდაჭერის გარეშე, რაც ჩვენი შრომის ეფექტიანობას ამცირებს და ვერ ვაწვდით სათანადო დახმარებას ბენეფიციარებს”, – აცხადებენ სოციალური მუშაკები.

აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ:

  • თამარ ღარიბაძე
  • თამარ წიკლაური
  • თეო აბულაძე
  • ნინო მჭედლიშვილი
  • ნინო მელიქიძე
  • ნინო ოკუჯავა
  • თამარ მაისურაძე
  • ლილე ზაალიშვილი
  • ბაია ნოდარიშვილი
  • ირმა ჩიკვილაძე
  • სალომე ჭონიშვილი
  • შორენა მჭედლიშვილი
  • ნუკა ჩიფჩიური
  • თამარ დავითელაშვილი
  • ნინა ცაგურიშვილი
  • მალვინა ზაქარიძე
  • ნათია გულიაშვილი
  • თიკო ფხაკაძე
  • დიანა ფერაძე
  • ხატია ბლიაძე
  • მაცაცო გოგოლიძე
  • ნაზი ბარბაქაძე
  • ელენე კუკავა
  • ვერკა ციცვაძე
  • მარიამ ცხვედიანი
  • ნინო ლოგუა
  • მერიკო დანელიანი
  • ნინო მელიქიძე
  • ანა მანია
  • თამთა ხარშილაძე
  • ნინო ტყეშელაშვილი
  • ხატია თაბუკაშვილი
  • თამარ კაკულია
  • თამარ კაჭკაჭიშვილი
  • მაია აბულაძე
  • ქსენია ნაჭყებია
  • ვიოლა ფალიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი