ახალი ამბები

რა (არ) შეიცვალა სოციალური მუშაკების გაფიცვიდან ერთი წლის შემდეგ

4 მაისი, 2020 • 1134
რა (არ) შეიცვალა სოციალური მუშაკების გაფიცვიდან ერთი წლის შემდეგ

მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ მუშაკთა გაფიცვიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა, მათი ძირითადი მოთხოვნები ამ დრომდე შეუსრულებელია. პრობლემების ნაწილი მოგვარდა, მაგრამ, როგორც თავად სოციალური მუშაკები ამბობენ, კვლავ გადაუჭრელია ფუნდამენტური საკითხები – ტრანსპორტისა და კადრების ნაკლებობა. ეს ყველაფერი კი პირდაპირ აისახება ბენეფიციართა მდგომარეობაზე.

სოციალური მუშაკების დიდი ნაწილი 2019 წლის გაზაფხულზე გაიფიცა, რასაც მოჰყვა ხანგრძლივი მოლაპარაკებები ჯანდაცვის სამინისტროსთან და სოცმუშაკთა პროფკავშირის ჩამოყალიბება.

დღეს, 4 მაისს, სოციალურმა მუშაკებმა და დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა “სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ” გაფიცვის შედეგების ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სოციალური მუშაკების რიგი მოთხოვნებისა დაკმაყოფილდა, მაგალითად, სამხარაულის ბიურომ აღიარა სოცმუშაკის ხელმოწერა წარმოდგენილ დასკვნაზე ან/და სოციალური მუშაკების ხელფასი 30%-ით გაიზარდა.

გარდა ამისა, სამინისტროში გატარდა რეორგანიზაცია, მთავრობის 10 ოქტომბრის დადგენილებით შეიქმნა სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, აღნიშნულს კი გადაეცა სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობის, მზრუნველობისა და შვილად აყვანის ფუნქციები შესაბამისი რესურსით.

მიუხედავად ამისა, როგორც სოციალური მუშაკები ამბობენ, ბევრი ძირეული პრობლემა ჯერ კიდევ აქტუალურია.

ტრანსპორტირება

სოციალური მუშაკები შემაჯამებელ ანგარიშში აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი ასეთი გადაუჭრელი პრობლემა ტრანსპორტირებაა. სოცმუშაკთა თანახმად, თბილისის სერვისცენტრებისათვის ხელმისაწვდომი იყო მანქანა და მძღოლი ე.წ. გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირებისთვის, ხოლო თითო რეგიონში- თითო მანქანა, რის გამოც სოციალური მუშაკები მოქალაქეებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევას ვერ ახერხებდნენ.

თბილისში სოციალურ მუშაკებს დამატებით ერიცხებოდათ სამგზავრო თანხა 20 ლარის ოდენობით.

„შეიძლება ითქვას, რომ ტრანსპორტრების საკითხი, მხოლოდ ნაწილობრივ დროებით დარეგულირდა. რეორგანიზაციის შემდგომ შეწყდა სამგზავრო ბარათებზე თანხის დარიცხვა, ხოლო გამოყოფილი მანქანები დარჩა სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოს საკუთრებაში”, სოციალურ მუშაკებს კი პირველი აპრილიდან შეეზღუდათ მანქანით სარგებლობა, ხოლო მათთვის ალტერნატივა არ შეუთავაზებიათ“, – ნათქვამია სოციალურ მუშაკთა მიერ მომზადებულ ანგარიშში.

კადრების ნაკლებობა

სოციალური მუშაკების გაფიცვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი 2019 წელს, მათ შორის, სოცმუშაკების სიმწირე იყო. 2018 წლის მონაცემებით, დიდუბე-ჩუღურეთის ერთმა სოციალურმა მუშაკმა წლის განმავლობაში, საშუალოდ, იმუშავა 1 138 შემთხვევაზე, ხოლო ისანი-სამგორის სერვისცენტრში წლის განმავლობაში საქმეთა საშუალო რაოდენობამ 1 260 შეადგინა.

ამის ფონზე სოციალური მუშაკები ითხოვდნენ, რომ მათი რაოდენობა გაზრდილიყო, თუმცა, ნაცვლად ამისა, 2020 წლის 1 თებერვლის რეორგანიზაზაციის საფუძველზე ხელშეკრულება 33 სოცმუშაკს შეუწყდა. შესაბამისად, სააგენტო ახლა მხოლოდ 200 სოციალური მუშაკით საქმიანობს.

“2019 წლის ბოლოს არათუ მოხდა სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდა, არამედ ჩვენ გვქონდა შემცირებული მაჩვენებელი, კერძოდ, სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე “სოციალური მომსახურების სააგენტოში” 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით დასაქმებული იყო 233 სოციალური მუშაკი. ხოლო ამავე წლის 1 თებერვლიდან, რეორგანიზაციის საფუძველზე, ხელშეკრულება შეუწყდა 33 სოციალურ მუშაკს.

„სოციალური მომსახურების სააგენტოს” ინფორმაციით, ისინი 2019 წელს ეტაპობრივად ამატებდნენ სოციალურ მუშაკებს, პირადი განცხადების საფუძველზე წასული სოციალური მუშაკების რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ დამსაქმებელმა მათი შევსებაც კი ვერ მოახერხა, არათუ დამატება. შესაბამისად, კვლევის პროცესში სოციალურ მუშაკთა რაოდენობის კრიტიკულად მწირი რაოდენობა და სამუშაოს დიდი მოცულობა კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს“, – წერია დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

გარდა ამისა, სოციალური მუშაკები საუბრობენ ფსიქოლოგებისა და იურისტების სიმცირეზე.

„მთელ საქართველოში დაემატა 2 ფსიქოლოგი, რაც არ არის საკმარისი. იურისტების რაოდენობა არ გაზრდილა. სერვისცენტრების დიდი ნაწილი მუშაობას იურისტების გარეშე განაგრძობს“, – აღნიშნავენ სოციალური მუშაკები.

ამასთანავე, ისინი ამბობენ, რომ სააგენტოში დასაქმებულთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არ შემუშავებულა რაიმე დოკუმენტი ან პროტოკოლი, მათ შორის, კორონავირუსის ეპიდემიის მიმდინარეობის დროს.

რეკომენდაციები

სოციალურმა მუშაკებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ზრუნვისა და ტეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

  • უნდა გაითვალისწინოს მეურვეობისა და მზრუნველობის სფეროში სოციალური მუშაობის არსებული გამოწვევები და გამოცდილება. სახლემძღვანელოდ დაეყრდნოს სოცილაური მუშაკების კოლექტიური დავის 20-პუნქტიან მოთხოვნებს, სადაც მკაფიოდაა ახსნილი ესა თუ ის მოთხოვნა, რატომაა დაკავშირებული საქმის ხარისხიანად შესრულებასთან.
  • სოციალური მუშაკები უზრუნველყოფილი უნდა იქნენ მინიმუმ იმდენივე სატრანსპორტო საშუალებით, რამდენითაც უზრუნველყოფილი იყვნენ გაფიცვის დასრულებიდან რეორგანიზაციამდე. ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა.
  • თბილისის სერვისცენტრებში დასაქმებულმა სოციალურ მუშაკებმა უნდა განაგრძონ სატრანსპორტო ვაუჩერით სარგებლობა, ხოლო რეგიონებში უნდა შეიქმნას სატრანსპორტო შეღავათის მექანიზმი,
  • საპროცესო წარმომადგენლობასთან დაკავშირებით უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, როგორც გაწერილი იყო ე.წ. ოთხპუნქტიან გეგმაში, რაც ითვალისწინებდა სპეციალიზებული კადრების დაქირავებას.
  • უზრუნველყოს სოციალურ მუშაკთა ზეგანაკვეთური სამუშაოს აღრიცხვის მექანიზმის შემუშავება და თანამშრომელთა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება.
  • ჩამოაყალიბოს ერთიანი ხედვა მთელი საქართველოს მასშტაბით , ვინაიდან რაიონების მიხედვით ვხვდებით განსხავავებულ პრაქტიკას ტექნიკური სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით.
  • უზრუნველყოფს თბილისის ყველა სერვისცენტრისათვის თითო ფსიქოლოგი, ხოლო რეგიონებში- მინიმუმ 2 ფსიქოლოგი.
  • უზრუნველყოს სოციალური მუშაკის საქმიანობის მკვეთრი გამიჯვნა იურისტის საქმიანობისგან და საქმისწარმოების პროცესში იურსიტების ჩართვა.
  • უნდა დაინერგოს სოციალურ მუშაკთა უსაფრთხოების სტანდარტი და მიეცეთ მათ კონკრეტული მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები, განსაკუთრებით- ეპიდემიის პერიოდში.

მასალების გადაბეჭდვის წესი