საზოგადოება

თუ ეს გაგორებული ფალავანი მისაღებია თქვენთვის, შეგიძლიათ გყავდეთ – აქუბარდია ბერაიაზე

1 ნოემბერი, 2023 • 2350
თუ ეს გაგორებული ფალავანი მისაღებია თქვენთვის, შეგიძლიათ გყავდეთ – აქუბარდია ბერაიაზე

„თუ გნებავთ, გყავდეთ ეს გაგორებული ფალავანი, მაგრამ თქვენთვის არის უკეთესი, რომ ის თანამდებობას არ იკავებდეს“, – ასე მიმართა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის თავმჯდომარეს და კიდევ ერთხელ მოითხოვა ირაკლი ბერაიას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება.

ირაკლი ბერაიას გადაყენების მოთხოვნა ოპოზიციამ მას შემდეგ დააყენა, რაც მან გუშინ, 31 ოქტომბერს, პლენარულ სხდომაზე თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა და მის მიმართ სექსისტური და ღირსების შემლახავი განცხადება გააკეთა.

აღნიშნულის შემდეგ ბერაიამ ბოდიში მოიხადა, თუმცა, აქუბარდიას თქმით, „ცალყბა ბოდიში“ მისთვის მისაღები არ არის.

„ერთს გეტყვით – მე ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელსაც შეუძლია კოლეგებზე ასეთი ეპითეტები გამოიყენოს და ეს გააკეთოს პარლამენტის ტრიბუნიდან, არ იმსახურებს თანამდებობას. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს გაგორებული ფალავანი მისაღებია თქვენთვის, შეგიძლიათ გყავდეთ, მაგრამ დისკრედიტაცია, რაც მან ჩემს, საკუთარი მოადგილის წინააღმდეგ წამოიწყო, მოუბრუნდა მას. ამით მან დაამთავრა თავისი პოლიტიკური კარიერა. ასევე, მე არ მგონია, რომ მათ შორის ჩვენს პარტნიორებში მისი შეფასება იყოს იმ ნიშნულზეც, რა ნიშნულზეც აქამდე იყო. ამიტომ, თუ გნებავთ, გყავდეთ ეს გაგორებული ფალავანი, მაგრამ მე გეუბნებით, თქვენთვის არის უკეთესი, რომ ის თანამდებობას არ იკავებდეს. მე მოვითხოვ, რომ მან დატოვოს თანამდებობა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

თეონა აქუბარდიას პასუხად შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მას ყველაფერზე კარტ-ბლანში არ აქვს.

„ქალბატონო თეონა, საბედნიეროდ, თქვენი გადასაწყვეტი არ არის, ვინ დაიწყებს პოლიტიკურ კარიერას და ვინ დაამთავრებს. შეგახსენებთ, თქვენ რა ტერმინოლოგია გამოიყენეთ, არანაირად არ გამართლებთ. რაც შეეხება სინანულს, გასაგებია, თქვენ შეიძლება ობიექტი იყოთ, მაგრამ, მე მგონი, ყველამ უნდა მივცეთ სხვა ადამიანებს იმის უფლება, რომ საკუთარი ფორმებით სინანული გამოთქვან. აქვე ვიტყვი, რომ ბატონმა ირაკლიმ გუშინ რაც თქვა, იმ ყველაფერს, თუ არ ჩავთვლით ბოლო მონაკვეთს, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ. თქვენ ამას ისე ნუ მიიღებთ, რომ ყველაფერზე კარტ-ბლანში გაქვთ“, – მიმართა პაპუაშვილმა აქუბარდიას.


31 ოქტომბერს ქართული ოცნების დეპუტატებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ სექსისტური, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი ფრაზებით მოიხსენიეს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები, ანი წითლიძე და თეონა აქუბარდია.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი