საზოგადოება

რატომ უნდა აიცრან პაპილომავირუსზე ბიჭებიც

20 ოქტომბერი, 2023 • 3091
რატომ უნდა აიცრან პაპილომავირუსზე ბიჭებიც

საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებში გავრცელებულ ავთვისებიან სიმსივნეებს შორის მსოფლიოში მე-4 ადგილეზეა. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ქალის დაცვა შეუძლია საშვილოსნოს ყელის კიბოსგან. თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, პაპილომავირუსის ვაქცინის გაკეთება კაცებისთვისაც მნიშვნელოვანია.

პაპილომავირუსის 100-ზე მეტი გენოტიპი არსებობს, რომელთაგან მე-16 და მე-18 იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს. თუმცა პაპილომავირუსის არაერთი სახეობა იწვევს სხვადასხვა სახის გართულებას, მათ შორის, კაცებშიც. 

საქართველოში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ბიჭებისთვის ხელმისაწვდომი სამი თვის წინ გახდა. თავდაპირველად აცრის უფასოდ გაკეთება მხოლოდ 10-12 წლის ბიჭებს შეეძლოთ, სექტემბრიდან კი ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა და ვაქცინა უკვე 26 წლის ჩათვლით კაცებისთვისაც არის ხელმისაწვდომი.

ნეტგაზეთი შეეცადა პასუხი გაეცა კითხვისთვის, რატომ უნდა აიცრან ამ ვაქცინით ბიჭები.

რა რისკებს აზღვევს პაპილომავირუსის ვაქცინა კაცებში

აშშ-ის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პაპილომავირუსთან დაკავშირებული გენიტალური ინფექციები მამაკაცებშიც ისეთივე სიხშირით გვხვდება, როგორც ქალებში.

პაპილომავირუსის არსებული 100-მდე გენოტიპის დიდ ნაწილს ჯანმრთელობის დაზიანების დაბალი რისკი აქვს. თუმცა არსებობს ისეთებიც, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. ვაქცინა, რომელსაც საქართველოში იყენებენ, 4-ვალენტიანია. ეს ნიშნავს, რომ ის გვიცავს პაპილომავირუსის ოთხი სხვადასხვა სახეობისგან. ესენია: მე-6, მე-11, მე-16 და მე-18 გენოტიპები.

მე-6 და მე-11 გენოტიპები იწვევს გენიტალურ მეჭეჭებს – როგორც ქალებში, ისე კაცებში. ამ ტიპის პაპილომა არ არის სიმსივნის გამომწვევი, თუმცა სერიოზულ სირთულეებს უქმნის ჯანმრთელობას და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სქესობრივ ცხოვრებაზე.

მე-16 და მე-18 გენოტიპები ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევია. ვაქცინაციის მთავარი შედეგიც სწორედ ამ ტიპის სიმსივნის პრევენციაა. თუმცა, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, პაპილომავირუსის მე-16 და მე-18 გენოტიპის მატარებელი კაცები უფრო მოწყვლადები არიან სხვა ტიპის სიმსივნეების მიმართ.

“არსებობს კორელაცია მე-16 და მე-18 გენოტიპსა და მაგალითად, ანალურ და სასქესო ასოს სიმსივნეებს შორის. შესაბამისად, ვაქცინაციით შემცირდება პენისის სიმსივნის სხვადასხვა ტიპისა და ანუსის კიბოს რისკები”, — გვიხსნის უროლოგი ბექა სიბაშვილი.

ბექა სიბაშვილი / ფოტო: პირადი ბეისბუქგვერდი

სპეციალისტები განმარტავენ, რომ ეს არ არის 100%-იანი კორელაცია, თუმცა ყურადსაღებია სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევები და სტატისტიკა.

მაგალითად, კანადაში, პენისის კიბოს მქონე კაცების 63%, ანუსის კიბოს მქონე კაცების 92% და პირის ღრუს კიბოს მქონე კაცების 63% პაპილომა ვირუსის მე-16 და მე-18 შტამების მატარებელი იყო.

საზოგადოებრივი იმუნიტეტი

კიდევ ერთი არგუმენტი, რის გამოც მნიშვნელოვანია პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება კაცებისთვის, საზოგადოებრივი იმუნიტეტის შექმნაა. 

გაგუას კლინიკის მეან-გინეკოლოგი, ანუკა ჭონიშვილი ამბობს, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს სრული ელიმინაცია აბსოლუტურად შესაძლებელია. ამისთვის კი საჭიროა აიცრან როგორც ქალები, ისე — კაცები.

“თუ მამაკაციც აცრილია და მის ორგანიზმში არ არის პაპილომავირუსის ონკოგენური შტამები, რა თქმა უნდა, არც სხვას გადასცემს. ასე გავწყვეტთ ვირუსის გადაცემის ჯაჭვს და მივაღწევთ საშვილოსნოს ყელის კიბოს სრულ ელიმინაციას”, — ამბობს ანუკა ჭონიშვილი.

საყოველთაო იმუნიზაციის სიკეთეებს ხაზს უსვამს ბექა სიბაშვილიც. მისი თქმით, სრული ელიმინაცია სახელმწიფოს თავიდან ააცილებს ძალიან დიდ ფინანსურ ხარჯს, მოქალაქეებს კი, ფიზიკურთან ერთად, მნიშვნელოვან ფსიქო-ემოციურ დარღვევებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფრმაციით, საზოგადოებრივი იმუნიტეტის შესაქმნელად საჭიროა აცრილი იყოს მოსახლეობის 90-95%, საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქალების აცრაა.

როდის არის რეკომენდებული ვაქცინის გაკეთება

პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ყველაზე ეფექტიანი 10-13 წლის ასაკშია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უფრო მაღალ ასაკში აცრას აზრი არ აქვს.

ანუკა ჭონიშვილი, რომელმაც ვაქცინა 29 წლის ასაკში გაიკეთა, გვიხსნის, რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ვაქცინას უფროსი ასაკის, მათ შორის, ზრდასრული ადამიანებისთვის.

ანუკა ჭონიშვილი / ფოტო: გაგუას კლინიკა

“ზოგადად, ძალიან იშვიათია, რომ ყველა ონკოგენურ შტამზე დადებითი იყოს პაციენტი. ვთქვათ, იმ ოთხი გენოტიპიდან, რომლისგანაც გვიცავს ეს ვაქცინა, ერთი აქვს ადამიანს,, დანარჩენი სამისგან არ გვჭირდება დაზღვევა?

გარდა ამისა, ამ საკითხთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ბოლო, 2023 წლის კვლევაში აღნიშნულია, რომ თუ რომელიმე შტამზე დადებითია ადამიანი და დაზიანებაც დაწყებულია, ვაქცინის გაკეთება ამ დაზიანების პროგრესირებას აფერხებს”, — განმარტავს მეან-გინეკოლოგი

ის აღნიშნავს, რომ უფასო ვაქცინაციის პროგრამაში კაცების ჩართვისა და ასაკობრივი ჯგუფების გაზრდის შემდეგ მიმართვიანობა გაიზარდა. 

“მეორე დოზის გასაკეთებლად წინასწარი შეთანხმების გარეშე მივედი. აღმოჩნდა, რომ ვაქცინები აღარ ჰქონდათ და მარაგის შევსებამდე ლოდინი მომიწია. ძალიან სასიამოვნო იყო იმის გააზრება, რომ ბევრი ადამიანი იყენებს ამ შესაძლებლობას”, — ეუბნება ექიმი ნეტგაზეთს.

ვინ იყენებს ამ შესაძლებლობას?

2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოში კაცების მხოლოდ 4%-ია პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი. ამის მიზეზად სპეციალისტები ასახელებენ კაცების ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ინფორმაციის ნაკლებობას.

“მამაკაცებისთვის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე სამედიცინო ცოდნის გავრცელება ხელს შეუწყობს პაპილომასთან დაკავშირებული დაავადებების პრევენციასა და მათ უფრო ეფექტიან მართვას. ნაყოფიერი პრევენციისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტი უნდა იყოს ვაქცინაციის მოცვის გაზრდა”, — ვკითხულობთ 2023 წელს გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომში, რომელიც აანალიზებს პაპილომავირუსის გავლენას მამაკაცების ჯანმრთელობაზე.

უცნობია,  საქართველოში რამდენ ბიჭს აქვს პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული. 24 წლის იურისტი თამაზ კირტავა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას არ აპირებს. პირველ დოზას ის 21 ოქტომბერს იკეთებს.

თამაზი გვიყვება, რომ საქართველოში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არსებობის შესახებ სოციალური ქსელებით შეიტყო. დაინტერესდა და მისთვის სანდო წყაროებიდან მოიძია ინფორმაცია როგორც ვირუსის, ისე ხელმისაწვდომი ვაქცინის შესახებ. მაშინ აცრა დაშვებული მხოლოდ 10-12 წლის ბიჭებისთვის იყო. მალევე გაიგო, რომ შეეძლო წერილობით მოეთხოვა ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა. აპირებდა კიდეც ჯანდაცვის სამინისტროსთვის გასაგზავნი წერილის მომზადებას, მაგრამ ამასობაში ასაკობრივი ჯგუფი გაზარდეს. ამიტომ, ვაქცინის პირველ დოზას მარტივად, ყოველგვარი წინასწარი შეთანხმებისა და მომზადების გარეშე გაიკეთებს. 

თამაზ კირტავა / ფოტო: პირადი არქივი

“ვიცი, რომ პაპილომავირუსმა შესაძლოა, გამოიწვიოს სიმსივნე და ძალიან მძიმე ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა გარკვეული პრევენციული ზომები მივიღოთ იმისთვის, რომ ერთი მხრივ, თავი დავიცვათ და ზოგადად, პოპულაციის დაცვასაც შეუწყოთ ხელი. ვფიქრობ, ამის პასუხისმგებლობა გვაკისრია”, — ამბობს თამაზი.

მისი თქმით, პაპილომავირუსი საზოგადოებაში უფრო ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან ასოცირდება და ნაკლებადაა ცნობილი, რომ მისი საწინააღმდეგო ვაქცინა კაცებისთვისაც მნიშვნელოვანია. ამიტომ თამაზი ცდილობს ინფორმაცია მეგობრებს გაუზიაროს და გარშემომყოფებს ამ საკითხზე ყურადღება გაუმახვილოს.

შვილის, 16 წლის გაბრიელის, ვაქცინაციას გეგმავს უფლებადამცველი ბაია პატარაია. ის გვიხსნის მიზეზებს, რატომაც გადაწყვიტა, შვილს პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაუკეთოს.

“პაპილომავირუსი ძირითადად საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს, მაგრამ სხვა ტიპის კიბოს გამოწვევის რისკსაც ზრდის. თუ არსებობს იმის საშუალება, რომ ჩვენი შვილები თუნდაც ერთი სახეობის კიბოსგან დავიცვათ, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს?!

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ხშირად კაცები არიან ვირუსის გადამტანები. შესაძლოა, მის ჯანმრთელობას არა, მაგრამ პარტნიორ ქალს შეუქმნას საფრთხე. ვფიქრობ, ეს ორი მიზეზი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ბიჭებიც ავცრათ და ამით დავიცვათ ჩვენი შვილები — როგორც ბიჭები, ისე გოგონები”, — ამბობს ბაია პატარაია.

ბაიას ვკითხეთ, როგორ აუხსნა შვილს პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების საჭიროება. ის ამ საკითხზე შვილთან საუბარს სქესობრივი განათლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს. რადგან ქვეყანაში ფორმალურ დონეზე სქესობრივი განათლება არ გვაქვს, ბაია ცდილობს, თავად მიაწოდოს შვილს მისი ასაკისთვის საჭირო ინფორმაცია და ამით დაიცვას შესაძლო საფრთხეებისგან.

ბაია პატარაია / ფოტო: HRHT

“ჩვენ, ორივე მშობელი, აქტიურად ვართ ჩართული შვილის სქესობრივ აღზრდაში, რაც ასაკის შესაბამისად, გარკვეული საკითხების სწორ ახსნას გულისხმობს. ვიცი, რომ ზოგი მშობლისთვის ეს გარკვეულ უხერხულობას ქმნის. თავიდან არც ჩემთვის იყო ადვილი, მაგრამ შემდეგ გავეცანი ბევრ ლიტერატურას ამ თემაზე.

ძალიან მნიშვნელოვანია საუბრისას გამოვიყენოთ სწორი, სამედიცინო ტერმინოლოგია. ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ ეს არის მისი ჯანმრთელობის და მისი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ასეთ დელიკატურ თემებზე საუბრები აღრმავებს ნდობას და ზრდის პატივისცემას. ბავშვებს უჩნდებათ გრძნობა, რომ ნებისმიერი შეკითხვით შეუძლია მიმართონ მშობელს და მიიღებენ ადეკვატურ პასუხს. ჩემი აზრით, ეს არის კარგი მშობლობის ერთგვარი მაგალითი”, — უთხრა ბაია პატარაიამ ნეტგაზეთს.

ბაია სხვა მშობლებს თემატური ლიტერატურის გაცნობას ურჩევს. მათ შორის იმ ორგანიზაციის (“საფარის”) მიერ თარგმნილ და ადაპტირებულ სახელმძღვანელოებს, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს – “როგორ ვესაუბროთ ბავშვს სქესობრივ ცხოვრებაზე” და “როგორ დავიცვა ჩემი შვილის სქეულებრივი ხელშეუხებლობა და კიბერუსაფრთხოება”.

გარეკანის ფოტო: EPA / Jeroen Jumelet

მასალების გადაბეჭდვის წესი