ახალი ამბები

უფრო ეფექტიანი დიაგნოსტირება — რა იცვლება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ პროგრამაში

1 აპრილი, 2024 • 1000
უფრო ეფექტიანი დიაგნოსტირება — რა იცვლება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ პროგრამაში

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოდელი პაპ-ტესტიდან Hr-HPV დნმ ტესტირებაზე გადადის.

როგორც სკრინინგ ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურაძე „ნეტგაზეთთან“ განმარტავს, სკრინინგის ახალი მოდელი პოლიმერული ჯაჭვის რეაქციის, ანუ PCR მეთოდით ხდება, რომელიც მსოფლიოში ადამიანის პაპილომავირუსის გამოვლენის ოქროს სტანდარტად მიიჩნევა. სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მანამდე პირველადი ტესტირება სკრინინგის ფარგლებში ე.წ. პაპ ტესტის მეშვეობით ხდებოდა, რომელიც საშვილოსნოს ყელის დაზიანების არსებობას ავლენს, ახალი მეთოდოლოგიით კი ჯერ დადგინდება ქალის ორგანიზმში ვირუსის შესაძლო არსებობა, შემდგომ კი გამოიკვლევენ, დაზიანებულია თუ არა საშვილოსნოს ყელი:

„პაპ ტესტი, რომელიც ტარდებოდა აქამდე, არის ციტოლოგიური კვლევა და ამ კვლევით ვლინდება საშვილოსნოს ყელის დაზიანება, ანუ ნაცხის აღების შემდეგ ჩანს, არის თუ არა დაზიანება. თავად საშვილოსნოს ყელის დაზიანებას იწვევს ადამიანის პაპილომავირუსი, რომელსაც სწორედ ახალი ტესტი ავლენს.

განსხვავება ის არის, რომ პაპ ტესტით შესაძლებელია დაზიანების გამოვლენა, თუმცა ეს ტესტი არ აჩვენებს ორგანიზმში ვირუსის არსებობას. ახალი მოდელით კი ორგანიზმში ხდება პაპილომავირუსის აღმოჩენა და შემდეგ ვიკვლევთ, ამ ვირუსმა გამოიწვია თუ არა დაზიანება. შინაარსობრივად, პაპ ტესტი ციტოლოგიური ტესტია. ახალი მეთოდი კი არის PCR ტესტირება, რაც პაპილომავირუსის გამოსავლენად ოქროს სტანდარტად არის მიჩნეული“, — აღნიშნავს ეთერ კიღურაძე „ნეტგაზეთთან“.

მისი თქმით, პაპ ტესტს თავისი შეზღუდვებიც აქვს, კერძოდ, ის ნაკლებად მგრძნობიარეა და შესაძლებელია დადებითი შედეგი გამოეპაროს. ამასთან, სპეციალისტი აღნიშნავს, რომ აღნიშნული მეთოდი სუბიექტურ კვლევად მიიჩნევა და გარდა იმისა, რომ მისი მგრძნობელობა შეზღუდულია, პერსონალის კვალიფიკაციაც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს შედეგის გამოვლენაში:

„ახლა ინერგება ახალი მოდელი და პირველად ტესტად ტარდება პისიარ ტესტი, ანუ HPV, ადამიანის პაპილომავირუსის ტესტი, რომელიც გამოავლენს, ორგანიზმში არის თუ არა ვირუსი. შემდგომ, თუ ვირუსი გამოვლინდა ორგანიზმში, ვეძებთ უკვე ციტოლოგიით დაზიანებას, ოღონდ აქ კიდევ ერთ სიახლე გვაქვს:

თუ ადრე პაპ ტესტით კეთდებოდა ციტოლოგია, ახლა ციტოლოგია კეთდება სითხეზე დამყარებული ციტოლოგიით, რომელიც უფრო ეფექტიანი და მაღალი მგრძნობელობისაა იქიდან გამომდინარე, რომ სითხეში ნაკლებია მინარევები, სისხლისა და ლორწოს არსებობა ირიცხება მასში და უფრო ზუსტი მეთოდია დიაგნოსტირების, ვიდრე წინა ციტოლოგიის შემთხვევაში. შემდეგ სქემა იგივეა. თუკი სითხური ციტოლოგიით გამოვლინდა საშვილოსნოს ყელის დაზიანება, ამ შემთხვევაში გაღრმავებული კვლევა კეთდება კოლპოსკოპიის სახით და თუ საჭირო გახდა, ბიოფსია მორფოლოგიით“, — აღნიშნავს სკრინინგ ცენტრის დირექტორი.

მისი თქმით, ახალი მეთოდოლოგიით სკრინინგი 30-დან 60 წლამდე ასაკის ქალებზე გავრცელდება, 25-30 წლის ქალებში კი კვლავ ძველი მოდელით გაგრძელდება გამოკვლევები, რასაც, ეთერ კიღურაძის თქმით, შესაბამისი მიზეზები აქვს:

„მნიშვნელოვანია, რომ ეს ტესტი, რაც შეიცვალა, ეხება 30 წლის ასაკის და მეტი ასაკის ქალებს. ზოგადად, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ტარდება 25-დან 60 წლის ქალებში, მაგრამ 25-29 წლის ჩათვლით რჩება ძველი მეთოდით, ანუ პაპტესტით ტესტირება. ამას თავის მიზეზი აქვს. პაპილომა ვირუსი არის ისეთი ვირუსი, რომელიც ხშირად უკუგანვითარებით ხასიათდება. თუ ქალბატონს აქვს ძლიერი იმუნური სისტემა და ხელი არ შეეწყო რისკფაქტორებით, როგორიცაა კვება, მოწევა და ა.შ. ის ვერ პოვებს განვითარებას და საერთოდ უკუგანვითარდება ქალში.

ეს მძლავრი იმუნური სისტემა განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებშია, 30 წლამდე და თან, ეს ასაკი არის შვილოსნობის ასაკი. შესაბამისად, ჰიპერდიაგნოსტირების თავიდან ასაცილებლად საერთაშორისო გაიდლაინებით მოწოდებულია, რომ ამ ასაკში დარჩეს ისევ ციტოლოგიური სკრინინგი“, — აღნიშნავს სკრინინგ ცენტრის დირექტორი „ნეტგაზეთთან“.

აღნიშნული სკრინინგით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული დიაგნოსტირება და, შესაბამისად, დროული მკურნალობა, რასაც ყოველწლიურად ასობით ქალის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

სკრინინგი ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა. სკრინინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სკრინინგ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქალაქ თბილისში ნომერზე (032) 220 35 35.

მასალების გადაბეჭდვის წესი