პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრა ბიჭებისთვისაც ხელმისაწვდომი ხდება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, შესაბამისი ცვლილება პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში შევიდა.
ახალი ჩანაწერის თანახმად, “აცრა ტარდება 10-11-12 წლის გოგონებისა და ბიჭების ასაკობრივ ჯგუფში, აცრების კურსი არის ორდოზიანი, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალია 6 თვე”.
ვაქცინაციის დაწყების მინიმალური ასაკი არის 9 წელი.
მანამდე ვაქცინით უფასო სარგებლობა 9-26 წლის გოგოებსა და ქალებს შეეძლოთ, თუმცა, ღირებულების გადახდის შემთხვევაში, მას სხვა ასაკობრივი ჯგუფებიც იღებდნენ.
პაპილომავირუსის ვაქცინაცია საქართველოს ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში 2019 წელს შევიდა. შარშან ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის უფასოდ ჩატარება დაუშვეს 13-18 წლის გოგოებისთვისაც, წელს კი 26 წლამდე ქალებისთვისაც უფასოდ გახდა ხელმისაწვდომი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი (NCDC) ამბობს, რომ ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ) არის ვირუსთა ჯგუფი, რომელიც იწვევს კანის ან ლორწოვანი გარსების (როგორიცაა მ.შ. პირის ღრუ, ან საშვილოსნოს ყელი) დაინფიცირებას როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.
ვირუსი ჩვეულებრივ პირდაპირ, კანიდან კანზე, დაინფიცირებულ არესთან კონტაქტისას ვრცელდება. აპვ-ის დაახლოებით 30 შტამი გადაეცემა სქესობრივი გზით (სულ, 200-ზე მეტი შტამია). ის შეიძლება ნებისმიერი ინტიმური კავშირის დროს გავრცელდეს, იქნება ეს სქესობრივი აქტი თუ გენიტალიებზე შეხება.
“აპვ ძალიან გავრცელებულია: სქესობრივად აქტიურ ადამიანთა დაახლოებით 80% ცხოვრების რომელიმე ეტაპზე, აუცილებლად ინფიცირდება აპვ-ის ერთი ან მეტი სახეობით”, — წერს NCDC.
ცნობილია ამ ვირუსის 100-ზე მეტი გენოტიპი, მათგან 13 კიბოს გამომწვევია. HPV ვირუსის ორი გენოტიპი (16 და 18) იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს და საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების 70%-ს. სწორედ ამ რისკებისგან იცავს ადამიანს ვაქცინაცია.