ახალი ამბები

სადავო ცვლილებები სიძულვილის ენის რეგულირებაზე პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

18 ოქტომბერი, 2023 • 1330
სადავო ცვლილებები სიძულვილის ენის რეგულირებაზე პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

პირველი მოსმენითაა მიღებული სადავო ცვლილებები კანონში „მაუწყებლობის შესახებ“, იტყობინება საქართველოს პარლამენტი.

რა ცვლილებები?

საუბარია ცვლილებებზე, რომლებიც მმართველი პარტიის მხარდაჭერით პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში, კრიტიკის მიუხედავად, მიიღო.

კერძოდ, დეკემბერში მიღებული ცვლილებებით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცეოდა.

აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში, მედიამომსახურების მიმწოდებლები ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ, ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის თანხა იზრდება.

„არ შეესაბამებოდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს სტანდარტებს“

ცვლილებებს აკრიტიკებდნენ მედიის სფეროს წარმომადგენლები და მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები. 2022-ის დეკემბერში მათი მიღების შემდეგ, 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნებული ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის დასკვნის თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ კანონის რამდენიმე ნაწილი არ შეესაბამებოდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს სტანდარტებს“.

მეორე მცდელობა

მიმდინარე წლის ივნისში „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ  მათ მიერ მიღებულ სადავო ცვლილებებთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საექსპერტო შეფასებების ნაწილი გაეთვალისწინებინა და კანონში „არსებული ხარვეზები აღმოეფხვრა“.

კერძოდ, დეკემბერში მიღებული ცვლილებებით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცეოდა. ივნისში მიღებული გადაწყვეტილება კი კანონის სწორედ ამ ნაწილის გაუქმებას გულისხმობდა და სიძულვილის ენის რეგულირება კომუნიკაციების კომისიის საქმე აღარ უნდა ყოფილიყო.

თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეცვალა და სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრების მექანიზმს ისევ აბრუნებს.

„ოცნების“ წევრების მიერ ინიცირებული ცვლილებით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელებაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებება კომისიაში გასაჩივრდება.

კანონოპროექტის ავტორების თანახმად, ცვლილებების მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

„უფრო მეტიც, კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას, რაზეც დამოკიდებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ვრცლად ამ საკითხზე:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი