საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“ჩემი ქმრის საფლავი ყარაბაღში დარჩა, თუმცა, ცოტა მიწა ჩამოვიტანე” – 27 წლის ქალის ამბავი

28 სექტემბერი, 2023 • 4651
“ჩემი ქმრის საფლავი ყარაბაღში დარჩა, თუმცა, ცოტა მიწა ჩამოვიტანე” – 27 წლის ქალის ამბავი

ავტორი: ლუსინე არაქელიანი, ერევანი

როგორც ყარაბაღში მცხოვრებმა ათასობით სომეხმა, აზერბაიჯანის “სპეცოპერაციის” შედეგად, 27 წლის ლუსინე ბაგდასარიანმაც დატოვა სახლი და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა. 


“ჩემი ქმარი 2020 წელს, ყარაბაღში 44- დღიანი ომის დროს დაიღუპა. სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლად მუშაობდა და ქალაქ შუშიდან დაჭრილები გადაჰყავდა. მუშაობის დროს დაჭრეს, სისხლით დაიცალა და მისი შველა ვეღარ მოახერხეს.

მეც და ჩემი ქმარიც ყარაბაღის ასკერანის რაიონში დავიბადეთ, თუმცა ქმრის სიკვდილის შემდეგ სტეპანაკერტში მოგვცეს ბინა, სადაც მცირეწლოვან შვილებთან ერთად 2023 წლის 19 სექტემბრამდე ვიცხოვრეთ. 

19 სექტემბერს, როდესაც აზერბაიჯანულმა შეიარაღებულმა ძალებმა ყარაბაღის დაბომბვა დაიწყეს, სახლში მარტო ვიყავი, ბავშვები – საბავშვო ბაღში.

დედას ველაპარაკებოდი ტელეფონზე, ისინი სოფელში ცხოვრობდნენ. საუბრის დროს დედამ მითხრა, რომ სადღაც ახლოს ისვრიან. გამიკვირდა თავიდან, მერე კი გავიგონე, რომ ჩვენთანაც დაიწყო სროლა. სროლის დროს სატელეფონო კავშირი, როგორც წესი, ითიშება. უცებ ჩავიცვი, ბავშვებთან რომ გავქცეულიყავი. თან ვტიროდი, არ ვიცოდი, როგორ უნდა წავსულიყავი ასეთი სროლების დროს. გამოვვარდი ქუჩაში და დავინახე, რომ ხალხი ირეოდა, გარბოდა და ყვიროდა: “ომია, ომია!”. კიდევ უფრო შემეშინდა. გავრბოდი და გზად სარდაფებსა და სადარბაზოებში შევდიოდი, როდესაც ახლოს ფეთქდებოდა ბომბი.

როგორც იქნა, საბავშვო ბაღში მივედი. ბავშვები უკვე სარდაფში ჰყავდათ ჩაყვანილი. ყველა შეშინებული იყო და ტიროდა. ჩავეხუტე ბავშვებს და ვუთხარი, რომ ყველაფერი კარგადაა, გარეთ ძლიერი წვიმაა და როგორც შეწყდება, ყველანი ამოვალთ სარდაფიდან- მეთქი. მგონი, ყველას ყველაფერი ისედაც ესმოდა. 

ღამე საბავშვო ბაღში ორ შვილთან ერთად, საკვებისა და გამოსაცვლელი ტანსაცმლის გარეშე, გავატარე. დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვუკავშირდებოდი მშობლებს, ვიცოდი, რომ ძალიან ნერვიულობდნენ ჩვენ გამო. რაღაც მომენტში ბებიამ მიპასუხა. არც მომიკითხავს, უბრალოდ უცებ ვუთხარი, რომ საბავშვო ბაღის სარდაფში ვართ და ტელეფონი ისევ გაითიშა. კიდევ კარგი, ბებიამ ყველაფერი გაიგონა და მამას უთხრა. მეორე დღეს ჩემი მშობლები ჩამოვიდნენ სოფლიდან და სტეპანაკერტამდე ჩამოაღწიეს იმ საშინელი სროლების ქვეშ. გვიპოვეს და გამოგვიყვანეს სარდაფიდან. უცებ მამის ხმა გავიგონე სარდაფში ჯდომისას, ვიყვირე, რომ იქ ვიყავით და ტირილი ამივარდა ბედნიერებისგან. ისე უმწეოდ ვგრძნობდი თავს, მშობლების დანახვამ შვება მომგვარა. 

იმ დღესვე ყველანი სტეპანაკერტის აეროპორტისკენ წავედით, რომელიც რუსი სამშვიდობოების ბაზასთან ახლოსაა. ეს იყო ყველაზე უსაფრთხო ადგილი, სადაც ყარაბაღელები თავს აფარებდნენ იმ დღეებში. აეროპორტში ოთხი დღე მოგვიწია ყოფნა. შემდეგ კი გვითხრეს, რომ უნდა დავტოვოთ ყარაბაღი და სომხეთში წავიდეთ. 

სომხეთისკენ გზად მამამ მანქანით ჩვენი სახლი გამოიარა და ათი წუთით გავაჩერეთ მანქანა, რომ დოკუმენტები და ბაშვებისთვის ტანსაცმელი ამეღო. თუმცა, როგორც შევედი სახლში, პირველ რიგში ის კომპიუტერი ავიღე, სადაც ჩემი და ჩემი ქმრის ერთად გადაღებული ფოტოები მქონდა შენახული. ავიღე ასევე მისი ნიშნობის ბეჭედი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ გადმომცეს, სამხედრო წიგნაკი სისხლის კვალით და მისთვის სიკვდილის შემდეგ გადაცემული მედალი მომცეს. ამ ნივთების დატოვებას ვერ შევძლებდი.

ლუსინე ბაგდასარიანი ქმართან და შვილთან ერთად ყარაბაღის 2020 წლის ომამდე

სწრაფად ავიღე ყველაფერი და გამოვედი სახლიდან. მანქანაშივე უნდა გამომეცვალა ბავშვებისთვის ტანსაცმელი, რომელიც ექვსი დღე ეცვათ, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ თურმე ტანსაცმელი არც ამიღია სიჩქარეში და ღელვაში. 

ჩემი ქმრის საფლავი ყარაბაღში, ასკერანშია. ბოლოს აგვისტოში ვიყავი იქ. სექტემბერში, როდესაც ყარაბაღი ბლოკადაში იყო, ბენზინი ვერ ვიშოვე წასასვლელად. ახლა ნათესავს ვთხოვე, მისი საფლავიდან ცოტაოდენი მიწა ჩამოეტანა ჩემთვის.

მინდა, ჩემი ქმარი ჩემთან ახლოს იყოს. ამ მიწისგან ახალ საფლავს გავაკეთებ. ცუდად ვხდები, როდესაც ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანელები ჩვენს საფლავებზე შეიძლება შევიდნენ და ყველაფერი განადგურონ და დაანგრიონ. არ ვუშვებ ამაზე ფიქრსაც კი. მინდა, ჩემმა შვილებმა შეძლონ მამის საფლავზე მისვლა. 

სამწუხაროდ, უმცროსი შვილის ნახვა ჩემმა ქმარმა ვერ შეძლო. როდესაც ის დაიბადა, ზუსტად მაშინ დაიწყო 44- დღიანი ომი და უკვე პოზიციებზე იყო. სასწრაფო დახმარების მანქანით დაჭრილები გადაჰყავდა. მე ჩვენი ახალდაბადებული ბიჭის ფოტოებს ვუგზავნიდი. ძალიან უხაროდა და აბედნიერებდა ეს შორიდან. ჩვენი უფროსი გოგონა 1 წლის და 7 თვის იყო მაშინ. მგონია, გრძნობდა, რომ მამა დაეღუპა, იმ დღეებში სულ ტიროდა უმიზეზოდ და ამბობდა, რომ მამასთან ჩახუტება და ცეკვა უნდა. 

აქამდე ის აზრი მამშვიდებდა, რომ ჩემი ქმარი და სხვა კაცები შვილების უკეთესი მომავლისთვის და სამშობლოსთვის დაიღუპნენ. ახლა კი, როდესაც ყარაბაღი უკვე აზერბაიჯანის შემადგენლობაშია და ჩვენ აღარ ვცხოვრობთ ჩვენს მიწაზე, უპასუხო კითხვა გვაქვს – რისთვის იბრძოდნენ ისინი 30 წელი? 

ლუსინე ბაგდასარიანი ერევანში ყარაბაღის 2023 წლის ომის შემდეგ


მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტული ოპერაციის” მოტივით 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო.

დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა, და დაჭრილია 400-ზე მეტი მოქალაქე.

20 სექტემბერს დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე, რაც ბაქომ აზერბაიჯანის მორიგ ტრიუმფად და ყარაბაღის კაპიტულაციად გამოაცხადა. ამასთან, აზერბაიჯანმა ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის გეგმასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაიწყო საუბარი, თუმცა, ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლქვეშ ცხოვრებაზე უარს ამბობენ და სომხეთში, იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსით გადადიან საცხოვრებლად. ამ მოვლენებამდე ყარაბაღში 120 ათასი ეთნიკურად სომეხი ადამიანი ცხოვრობდა.


მასალების გადაბეჭდვის წესი