საზოგადოება

სულ მცირე 22 დაღუპული, 500-ზე მეტი დაშავებული — “ჰამასის” შეტევა ისრაელზე

7 ოქტომბერი, 2023 •
სულ მცირე 22 დაღუპული, 500-ზე მეტი დაშავებული — “ჰამასის” შეტევა ისრაელზე

პალესტინური ისლამისტური დაჯგუფების, “ჰამასის” მიერ 7 ოქტომბრის დილას დაწყებული შეტევის შემდეგ, ისრაელში, სულ მცირე, 22 ადამიანის დაღუპვა დადასტურდა. ინფორმაციას ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო სამსახურები ავრცელებენ.

ამასთან, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 545 ადამიანია დაშავებული.

„ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ“ – ასე მიმართა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის მოქალაქეებს, დღეს, 7 სექტემბერს.

„ჰამასი“ ისრაელზე ბოლო წლების ყველაზე მასშტაბურ შეტევას ახორციელებს. ღაზის სექტორიდან ათასობით რაკეტა ისროლეს, შეიარაღებული პირები კი ისრაელში შევიდნენ ხმელეთითა, ჰაერითა და ზღვით, რაც, ფაქტობრივად, უპრეცენდენტოს ხდის ამჟამინდელ შეტევას, თავისი მასშტაბებით.

მედიის ცნობით, თავდასხმა გაფრთხილების გარეშე, დილის 06:30 საათისთვის დაიწყო. ისრაელის მედია სხვადასხვა ქალაქში შეიარაღებული შეტაკებების შესახებ იუწყება.

პალესტინელები ღაზის სექტორში, ისრაელის სამხედრო მანქანასთან. ფოტო: EPA

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიისკენ “ჰამასის” მიერ კონტროლირებადი ღაზის სექტორიდან 2 200-ზე მეტი რაკეტაა ნასროლი.

“გამოვიძახებთ ათასობით რეზერვისტს”, — განაცხადა ისრაელის სამხედრო ძალების წარმომადგენელმა.

დაღუპულებისა და დაჭრილების გარდა, ვრცელდება ცნობები “ჰამასის” მიერ ტყვედ აყვანილი და ღაზის სექტორში გადაყვანილი ადამიანების შესახებ, რომელთა შორისაც არიან როგორც ისრაელელი სამხედროები, ისე სამოქალაქო პირები. ამასთან დაკავშირებით ისრაელის თავდაცვის ძალებს ოფიციალური მონაცემი ჯერ არ გაუვრცელებიათ.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, “ჰამასის” თავდასხმის საპასუხოდ, ისინი საჰაერო თავდასხმებს ახორციელებენ ღაზაში “ჰამასის” ობიექტებზე. არმია შესაბამის ვიდეომასალასაც აქვეყნებს.

დამწვარი ავტომობილები ისრაელის ქალაქ აშკელონში. ფოტო: EPA 

მანამდე, “ჰამასმა” თქვა, რომ ისრაელის მიმართულებით 5 000 რაკეტა ისროლა. დაჯგუფების ლიდერმა, მუჰამად დაიფმა ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა.

“ჩვენ უკვე გავაფრთხილეთ მტერი. ოკუპანტებმა ასობით ხოცვა-ჟლეტა ჩაიდინეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ”, — ციტირებს დაიფს ბრიტანული BBC.

თავის მხრივ, პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მიანიშნებს, რომ პალესტინელ ხალხს აქვს უფლება, თავი დაიცვას “ტერორიზმისა და ოკუპაციის ძალებისგან”.

ისრაელში აშშ-ის საელჩო ამბობს, რომ “ახლოდან აკვირდება” უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სიტუაციას ისრაელში. “ჰამასის” მოქმედებები დაგმეს ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ და უკრაინამ.


შეტევა თითქმის დაემთხვა არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის 1973 წელს მომხდარი ომიდან 50 წლისთავს. მაშინ, 1973 წლის 6 ოქტომბერს, ეგვიპტისა და სირიის შეიარაღებულმა ძალებმა მოულოდნელად, ორი ფრონტიდან შეუტიეს ისრაელს. აღნიშნულის ერთ-ერთ მიზანს 1967 წლის 6-დღიანი ომის დროს ისრაელის მიერ დაკავებული ტერიტორიების უკან დაბრუნება წარმოადგენდა. არაბების თავდაპირველი სამხედრო წარმატების შემდეგ, ისრაელმა ვითარების თავის სასარგებლოდ შებრუნება შეძლო. ომი 19 დღეში დასრულდა, თუმცა მიიჩნევა, რომ მან გრძელვადიანი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებს დაუდო სათავე როგორც რეგიონში, ისე მის გარეთ.

გარეკანის ფოტოზე: სარაკეტო ცეცხლის შედეგად დაზიანებული შენობა თელ-ავივში. ფოტო: EPA

“ნეტგაზეთის” არქივიდან:

ისრაელ-პალესტინური კონფლიქტი: მოკლე გზამკვლევი

მასალების გადაბეჭდვის წესი