ისრაელში ისლამისტური დაჯგუფების, “ჰამასის” შეტევის შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა ასობით ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მედიაში ვრცელდება.

როგორც სააგენტო Reuters წერს ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, დაშავებულთა რიცხვი, სულ მცირე, 546-ს შეადგენს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიისკენ “ჰამასის” მიერ კონტროლირებადი ღაზის სექტორიდან 2 200-ზე მეტი რაკეტაა ნასროლი. არმიის სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, “ჰამასის” წევრები ისრაელში შევიდნენ როგორც ხმელეთით, ისე – ჰაერითა და ზღვით.

“ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენო ომში ვართ”, — დასძენს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ვიდეომიმართვაში.

ისრაელის მედია სხვადასხვა ქალაქში შეიარაღებული შეტაკებების შესახებ იუწყება.

ინფორმაცია ვრცელდება ტყვეების შესახებაც, თუმცა ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს ისრაელის სამხედრო ძალები.

სხვადასხვა სოციალური ქსელით ვრცელდება ათეულობით დახოცილი ადამიანის, მათ შორის, ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების, ამსახველი ფოტო-ვიდეო კადრები. ვიდეოებზე აღბეჭდილია როგორც საცხოვრებელ სახლებში, ისე ქუჩაში, ავტობუსის გაჩერებებზე მოკლული ადამიანები. “ჰამასთან” დაკავშირებული გვერდები ასევე ავეცელებენ ისრაელის ტყვედ ჩაგდებულ ჯარისკაცთა კადრებს.

Reuters-ის თანახმად, ისრაელი რეზერვისტებს იძახებს.

“გამოვიძახებთ ათასობით რეზერვისტს”, — განაცხადა ისრაელის სამხედრო ძალების წარმომადგენელმა.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, “ჰამასის” თავდასხმის საპასუხოდ, ისინი საჰაერო თავდასხმებს ახორციელებენ ღაზაში “ჰამასის” ობიექტებზე.

“ჰამასმა” თქვა, რომ ისრაელის მიმართულებით 5 000 რაკეტა ისროლა. დაჯგუფების ლიდერმა, მუჰამად დაიფმა ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა.

“ჩვენ უკვე გავაფრთხილეთ მტერი. ოკუპანტებმა ასობით ხოცვა-ჟლეტა ჩაიდინეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ”, — ციტირებს დაიფს ბრიტანული BBC.


შაბათს, 7 ოქტომბერს, ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ბოლო წლების ყველაზე დიდი შეტევა განახორციელა. ღაზის სექტორიდან ათასობით რაკეტა ისროლეს, შეიარაღებულმა პირებმა კი ისრაელის საზღვარი გადაკვეთეს, რაც, ფაქტობრივად, უპრეცენდენტოს ხდის ამჟამინდელ შეტევას, თავისი მასშტაბებით. მედიის ცნობით, თავდასხმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დილის 06:30 საათისთვის დაიწყო.

სამხრეთ და ცენტრალურ ისრაელში, მათ შორის, იერუსალიმში გამაფრთხილებელი სირენები ჩაირთო, პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ კი უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების საგანგებო შეხვედრა მოიწვია. გამოცხადდა “ომისთვის მზადყოფნის” მდგომარეობა.

შეტევა თითქმის დაემთხვა არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის 1973 წელს მომხდარი ომიდან 50 წლისთავს. მაშინ, 1973 წლის 6 ოქტომბერს, ეგვიპტისა და სირიის შეიარაღებულმა ძალებმა მოულოდნელად, ორი ფრონტიდან შეუტიეს ისრაელს. აღნიშნულის ერთ-ერთ მიზანს 1967 წლის 6-დღიანი ომის დროს ისრაელის მიერ დაკავებული ტერიტორიების უკან დაბრუნება წარმოადგენდა. არაბების თავდაპირველი სამხედრო წარმატების შემდეგ ისრაელმა ვითარების თავის სასარგებლოდ შებრუნება შეძლო. ომი 19 დღეში დასრულდა, თუმცა მიიჩნევა, რომ მან გრძელვადიანი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებს დაუდო სათავე როგორც რეგიონში, ისე მის გარეთ.

 

“ნეტგაზეთის” არქივიდან:

ისრაელ-პალესტინური კონფლიქტი: მოკლე გზამკვლევი