ახალი ამბები

„ირაყლი“ და ცარიელი ფურცელი — აქტივისტები 500-500 ლარით დააჯარიმეს

27 სექტემბერი, 2023 • 2463
„ირაყლი“ და ცარიელი ფურცელი — აქტივისტები 500-500 ლარით დააჯარიმეს

სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტები დააჯარიმა აქციაზე ცარიელი ფურცლების, ასევე, წარწერა „ირაყლის“ ხელში ჭერისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 ივნისს დაკავებული უფლებადამცველების და აქტივისტების საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 27 სექტემბერს გამოაცხადა.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარეს ედუარდ მარიკაშვილს, რომელსაც დაკავებისას ხელში ცარიელი ფურცელი ეჭირა, „ღია საზოგადოების ფონდის“ თანამშრომელ საბა ბრაჭველს და აქტივისტებს, ნიკა რომანაძეს და გრიგოლ ფრანგიშვილს მოსამართლემ  500-500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა წვრილმანი ხულიფნობის მუხლით, 173-ე მუხლზე კი, რაც პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს, ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა.

რაც შეეხება ნოდარ სიხარულიძეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის ორივე მუხლით გამტყუნდა და 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

2 ივნისის საღამოს პარლამენტთან, სადაც მოძრაობა „ჯიუტის“ მიერ ორგანიზებული ანტისამთავრობო აქცია მიმდინარეობდა, რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

პოლიცია პარლამენტის კიბეზე მყოფ მოქალაქეებს ხელს უშლიდა მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარებაში და ხელიდან გლეჯდა სხვადასხვა შინაარსის პლაკატებს, მათ შორის — ცარიელ ფურცლებსა და ფურცლებს წარწერით — „ირაყლი“.

2 ივნისს მომხდარი ინციდენტები არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა პოლიცია აქტივისტებს მშვიდობიანი აქციის ჩატარებაში ხელს უშლიდა. ეს მოხდა პირველი ივნისის საღამოსაც, როცა ძალოვნები აქტივისტებთან მივიდნენ, პლაკატები წაართვეს და დაუხიეს.

3 ივნისს პარლამენტთან გაიმართა აქცია სიტყვის თავისუფლების დასაცავად, სადაც მოქალაქეებმა კვლავ მიიტანეს სხვადასხვა შინაარსის მრავალი პლაკატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი