საზოგადოება

თურნავას ბრძანება არის არაკონსტიტუციური — ვახტანგ ხმალაძე

21 სექტემბერი, 2023 • 4907
თურნავას ბრძანება არის არაკონსტიტუციური — ვახტანგ ხმალაძე

„ნათია თურნავას ბრძანება, რომ სანქცია არ გავრცელდეს საქართველოს მოქალაქეებზე, არის არაკონსტიტუციური“, — ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა და ის თანხვედრაში მოიყვანა მმართველი პარტიის თავმჯდომარის ლოგიკასთან, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეს საერთაშორისო სანქციების აღსრულებისგან უდანაშაულობის პრეზუმფცია იცავს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას ბრძანებით, საქართველოს მოქალაქეებზე და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე დაშვებულია გამონაკლისი და მათზე სანქციათა რეჟიმები ვრცელდება მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ.

„საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის ძირითადი უფლებებით, მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმფციით. უცხოელს შეიძლება შეუზღუდო საქმიანობის წარმოება, მაგრამ როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, საქართველო მოქმედებს სხვა პასუხისმგებლობით და ეს პასუხისმგებლობა მას, პირველ რიგში, კონსტიტუციით ეკისრება.

სტრასბურგის პრაქტიკას თუ ავიღებთ, ეს სანქციები თავისი არსით არის სისხლისსამართლებრივი სანქციები. ასეთ დროს მოქალაქეს იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი, რომელიც არის გარანტირებული. ეს ვრცელდება ოთარ ფარცხალაძეზეც, როგორც საქართველოს მოქალაქეზე“, — „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ეს განცხადება უძღოდა წინ ეროვნული ბანკის მიერ წესის შეცვლას.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამ მიდგომას დისკრიმინაციულად მიიჩნევს და დასტურად მოჰყავს კონსტიტუციის 33-ე მუხლი (უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები):

„საქართველოში მცხოვრებ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა“.

კონსტიტუციით გათვალისწინებული გამონაკლისია, მაგალითად, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა.

„უდანაშაულობის პრეზუმფცია არის ადამიანის უფლებების ნაწილი და ვრცელდება როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზეც. შესაბამისად, ქალბატონ თურნავას განცხადება და მისი ბრძანება, რომ სანქცია არ გავრცელდეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, არის არაკონსტიტუციური. არასწორია ისიც, თითქოს სანქციის დაწესებით ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და, შესაბამისად, კონსტიტუცია. ჩვეულებრივ, სანქციებს ნებისმიერ სახელმწიფოში აწესებს აღმასრულებელი ხელისუფლება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში აშშ-ში დააწესა ხაზინამ. უამრავ სახელმწიფოში არაერთი ასეთი სანქციაა დაწესებული რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ყველა ამ სახელმწიფოს კონსტიტუციაში წერია უდანაშაულობის პრეზუმფცია“, — ამბობს ხმალაძე და სვამს რიტორიკულ კითხვას:

„ყველა ამ სახელმწიფომ დაარღვია და აგრძელებს უდანაშაულობის პრეზუმფციის, ანუ საკუთარი კონსტიტუციების დარღვევას“?

ვახტანგ ხმალაძის აზრით, პრობლემას ვერც გამონაკლისის აღმოფხვრა მოაგვარებს.

„თუნდაც ეს გასწორდეს და ახლა თურნავამ თქვას, რომ ყველა პირის მიმართ მხოლოდ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ აღსრულდება სანქციაო, ეს იქნება ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა და ზოგადად, მძიმე დარტყმა საქართველოში მოქმედი საფინანსო სისტემისთვის“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ხმალაძემ.

ხმალაძე ხაზს უსვამს, რომ სანქციების ფარგლებში არაერთ ადამიანს შეეზღუდა საკუთრების განკარგვის უფლება და გაუგებარია, მაშინ რატომ აპელირებს მმართველი პარტია მხოლოდ უდანაშაულობის პრეზუმფციის ნაწილზე.

„მსოფლიოს ბანკებს აეკრძალათ ფინანსური ოპერაციების განხორციელება რუსეთის რამდენიმე ბანკთან. მაგალითად, მე მაქვს ფული საქართველოს რომელიმე ბანკში და მინდა, ამ ფულით ვიყიდო რუსეთში რაღაც, რისი ყიდვაც არ არის აკრძალული, რისთვისაც მჭირდება ჩემი ფულის გადარიცხვა რუსეთის ბანკში და ამას ვერ ვაკეთებ. გინდ დაუყადაღებიათ ჩემი ანგარიში და გინდ არ მოუციათ ისე გამოყენების შესაძლებლობა, როგორც მე ეს მინდა. როდისმე ვინმემ იწივლა და იკივლა იმის თაობაზე, რომ რუსეთში გადარიცხვის საშუალებას არ მაძლევს ბანკი და ამით ჩემი კონსტიტუციური უფლება ირღვევაო — საკუთრების უფლება? კონსტიტუციაში რა უფლებებიც წერია, ეს უფლებები ყველა მოქმედებს და ყველა დასაცავია. თუ ერთ შემთხვევაში პრეზუმფციაზე გველაპარაკება ბატონი კობახიძე, აგერ, მეორე შემთხვევაში საკუთრების უფლებაზე დავიწყებ საუბარს. თუ კობახიძისნაირად მივუდგებით საკითხს, როცა ადამიანს საკუთრების გამოყენების უფლება არ ეძლევა, მაშინაც ირღვევა კონსტიტუციური უფლება, მაგრამ არ არის ასე მარტივად ეს საქმე“, — ამბობს ხმალაძე.

მისი თქმით, არის სანქციები, რომლებიც წესდება და აღსრულდება მანამ, სანამ რაღაც საქმეზე დასრულდება გამოძიება. ასევე, ფულის გათეთრების და ტრეფიკინგის საწინააღმდეგო, ანტიტერორისტული ღონისძიებები ითვალისწინებს სანქციების გამოყენებას ეჭვმიტანილთა მიმართ.

„ეს არის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მიღებული ნორმა, ჩვენც ვართ ჩართული ამ საერთაშორისო ხელშეკრულებებში. ამიტომ უდანაშაულობის პრეზუმფციის არგუმენტი არის ყურით მოთრეული“, – დასძენს იგი.

რა არჩევანი აქვთ ბანკებს?

ვახტანგ ხმალაძე მიზანშეწონილად მიიჩნევს, ბანკები არ დაემორჩილონ ეროვნული ბანკის ბრძანებას და გააგრძელონ საერთაშორისო სანქციების აღსრულება.

„კომერციულ ბანკებს ქალბატონი თურნავას ბრძანება პრობლემას უქმნის, მაგრამ სწორად მოიქცნენ ის ბანკები, რომლებმაც თქვეს, რომ გააგრძელებენ საერთაშორისო სანქციების შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, ამოვარდნენ საერთაშორისო საფინანსო სისტემიდან და დაკარგავენ ყველაფერს; დაკარგავენ არა მარტო ბანკები, არამედ ამ ბანკების კლიენტებიც.

ეროვნულ ბანკს შეეძლება, სანქცია გამოიყენოს და კომერციულ ბანკს შეუძლია, მერე გაასაჩივროს სასამართლოში. ეს იქნება სწორი მოქმედება და არა ის, რომ შეასრულონ თურნავას ბრძანება და ამით ზიანი მიაყენონ საკუთარ თავს, მომხმარებლებს და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკას, რაც ყველაზე მძიმე იქნება“, — დასძენს ვახტანგ ხმალაძე.

კონსტიტუციონალისტი ეხება ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხსაც და ამბობს, რომ ამ დროისთვის იგი საქართველოს მოქალაქეობას უკანონოდ ფლობს [ინტერვიუ ჩაწერილია 20 სექტემბერს].

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო. მედიაში, სულ მცირე, 7 თვის წინ გავიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. მიუხედავად ამისა, იუსტიციის სამინისტროში შემავალმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მხოლოდ 2023 წლის 20 სექტემბერს, ვნებათაღელვის ფონზე მიიღო.

რას ცვლის ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა?

ბანკები შეძლებენ მის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების თავისუფლად აღსრულებას. თუმცა წესი ძალაში რჩება და თუ საერთაშორისო სანქციები მომავალში საქართველოს სხვა მოქალაქეებსაც შეეხებათ, ეროვნულ ბანკს ექნება ბერკეტი, რომ ბანკებს მოსთხოვოს, არ აღასრულონ მათ მიმართ შეზღუდვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი