ახალი ამბები

12 განაცხადი 1 დღეში: სანქცირებულმა ფარცხალაძემ ქონება შვილს გადაუფორმა

21 სექტემბერი, 2023 •
12 განაცხადი 1 დღეში: სანქცირებულმა ფარცხალაძემ ქონება შვილს გადაუფორმა

ბინები, ნაკვეთები თუ სასტუმროს ნომერები, რომლებსაც აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე საქართველოში ფლობდა, ამჟამად მისი ვაჟის საკუთრებაშია.

ქონების გადაფორმების პროცედურები 20 სექტემბრით თარიღდება. სწორედ ამ დღეს განაცხადა იუსტიციის სამინისტრომ, რომ მიზანშეწინილადაა მიჩნეული ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა, 1 დღით ადრე კი “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ იუსტიციის სამინისტროს უკვე დაწყებული ჰქონდა ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხის შესწავლა.

საჯარო რეესტრის მიხედვით, ჩუქების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხადებები რეესტრის ეროვნულ ბიუროში 12:00 საათის შემდეგ (12:16-12:18 დროის მონაკვეთში) დარეგისტრირდა. ერთმანეთის მიყოლებით 12 განცხადებაა შესული, ერთი და იმავე მოთხოვნით. იცვლება მხოლოდ ნაჩუქარი უძრავი ქონების ნაირგვარობა და მისამართები.

რეესტრის ბაზაში ატვირთული დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთი ობიექტი, რომელიც ფარცხალაძემ თავის შვილს, ანდრია ფარცხალაძეს აჩუქა, თბილისში მოქმედი კომპანია “ჯიპიეს კონსალტინგია”. მისი იურიდიული მისამართია კოსტავას ქუჩა #60. ამ კორპუსში მდებარე 2 ბინას ახლა უკვე ფარცხალაძის შვილი ფლობს.

ფარცხალაძისა და მისი ვაჟის ხელმოწერები დოკუმენტზე, რომლითაც  “ჯიპიეს კონსალტინგი” ანდრია ფარცხალაძეს გადაეცა საჩუქრად

იმ ობიექტებს შორის, რომელთა მფლობელადაც უწინ ოთარ ფარცხალაძე იყო მითითებული, 20 სექტემბრიდან კი მის ვაჟს გადაეცა საჩუქარად, ასევე არის:

  • მიწის 3 ნაკვეთი სოფელ წავკისში (ჯამური ფართობი — 4089 კვ.მ.)
  • ბაკურიანში მოქმედი სასტუმროს, Orbi Palace-ის 2 ნომერი (25.28 კვ.მ. და 26.04 კვ.მ.)
  • 4 კომერციული ფართი თბილისში (336.24 კვ.მ. | 143 კვ.მ. | 204.16 კვ.მ. | 101.31 კვ.მ.)
  • ბინა თბილისში (77.51 კვ.მ.)

საჯარო რეესტრმა ფარცხალაძის შვილს დაუკმაყოფილა საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარდგენილი ყველა განაცხადი. რეესტრის ვებგვერდის თანახმად, განაცხადების დაკმაყოფილების პროცესი 17:00 საათის შემდეგ დაიწყო და 17:59 საათზე უკვე დასრულებული იყო.

სანამ იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში მყოფი ერთი უწყება — საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო —  ხსენებულ განცხადებებს აკმაყოფილებდა, სამინისტრომ პირველი განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ მისი მართვის ქვეშ მყოფ მეორე უწყებას — სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს — დაწყებული ჰქონდა წარმოება ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით.

ხსენებული განცხადება 17:44 საათზე აიტვირთა “ფეისბუკზე”. რამდენიმე საათის შემდეგ, კიდევ ერთი განცხადებით, სამინისტრომ გვითხრა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.

“შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან”, — დასძენდა უწყება. ამ დროს ზემოხსენებული უძრავი ქონება უკვე ფარცხალაძის შვილის სახელზე იყო.

რის გამო დაასანქცირეს ფარცხალაძე

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოაქვეყნა.

აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.

რა ხდებოდა 19-20 სექტემბერს

მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა. ეს 19 სექტემბერს მოხდა.

ბრძანებას სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა აწერს ხელს.

ცვლილებების თანახმად, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.

ზემოხსენებული გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა უნარჩუნდებოდა.

20 სექტემბერს, სებ-ის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, თანამდებობიდან წასვლის შესახებ ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა. ამასთან, საქართველოში მოქმედმა არაერთმა მსხვილმა ბანკმა თქვაა, რომ ისინი საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში რჩებიან.

საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა, რომლის დროსაც ნათია თურნავას გადადგომა მოითხოვა, დასძინა რა, რომ ამ უკანასკნელმა ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა.

ვნებათაღელვის ფონზე, დღის ბოლოს, იუსტიციის სამინისტრომ თქვა, რომ უწყებაში შემავალმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.

უწყება აცხადებს, რომ დასკვნა ხელმოსაწერად გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან.

იუსტიციის სამინისტრო კვლავ არ აკონკრეტებს, როდის მიიღო ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა და რატომ არ შეუწყვიტეს მას მაშინვე ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობა, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო, მოქალაქეობის მიღების შემდეგ კი, 2 წლის განმავლობაში, რუსეთში მნიშვნელოვანი ოდენობისა და ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება შეიძინა.

რას ცვლის ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა?

ბანკები შეძლებენ მის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების თავისუფლად აღსრულებას. თუმცა წესი ძალაში რჩება და თუ საერთაშორისო სანქციები მომავალში საქართველოს სხვა მოქალაქეებსაც შეეხებათ, ეროვნულ ბანკს ექნება ბერკეტი, რომ ბანკებს მოსთხოვოს, არ აღასრულონ მათ მიმართ შეზღუდვები.

ფარცხალაძის საქმიანობა გენ. პროკურორად

ოთარ ფარცხალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, 2013 წელს დაიკავა მთავარი პროკურორის პოსტი.

ფარცხალაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე 2013 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

მან ამ თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ 47 დღის განმავლობაში შეძლო. ოპოზიციამ გაასაჯაროვა ცნობები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძე 2000-იანი წლების დასაწყისში ბოტასის ქურდობისთვის იყო გასამართლებული.

ნასამართლობის ფაქტი ფარცხალაძემაც დაადასტურა, თუმცა მან თქვა, რომ გერმანიის მართლმსაჯულება არა ქურდობას, არამედ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. ამ სკანდალის შემდეგ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა და ოფიციალური ცნობებით, ბიზნესსაქმიანობა დაიწყო.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუთი ცნობილი გახდა, რომ მისი შვილი, ბერა ივანიშვილი, ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი