საზოგადოება

ბრძოლა თანაბარი საპრიზო თანხისთვის – ისტორიული ამბები ქალთა ჩოგბურთზე

26 დეკემბერი, 2023 • 782
ბრძოლა თანაბარი საპრიზო თანხისთვის – ისტორიული ამბები ქალთა ჩოგბურთზე

სანამ 2023 წლის 9 სექტემბერს 19 წლის კოკო გოფი მარცხნიდან ხაზზე საჩემპიონო ბურთს ჩააგდებდა და გახდებოდა სერენა უილიამსის შემდეგ ამერიკის ღია პირველობის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი ქალი, ვინც ტურნირის მოგებას შეძლებდა, ნახევარი საუკუნით უკან, ჯერ კიდევ იმ დროში უნდა დავბრუნდეთ, როცა არც კოკო და არც სერენა დაბადებული არ იყვნენ, ჩოგბურთელი ქალები კი მათი უფლებებისთვის იბრძოდნენ.

„ორიგინალი 9″ და გლედის ჰელდმანი – ერთდოლარიანი კონტრაქტი

1968 წელს პროფესიონალ და მოყვარულ ჩოგბურთელებს უკვე თავისუფლად შეეძლოთ ასპარეზობა, თუმცა სულ უფრო იზრდებოდა საპრიზო თანხაში გენდერული ნიშნით უთანასწორობა. პრობლემამ მწვავე სახე მიიღო 1970 წლის ზაფხულში, როდესაც ლოს-ანჯელესის პრესტიჟული ტურნირის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ კაცი ჩოგბურთელები მიიღებდნენ ქალებზე დაახლოებით რვაჯერ დიდ საპრიზო თანხას.

პასუხად გლედის ჰელდმანმა, ცნობილმა გამომცემელმა, თავისი კორპორაციული კონტაქტებით შეძლო, ჰიუსტონში  ახალი ტურნირი “Virginia Slims Invitational“ დაეარსებინა.

სპორტულმა მმართველებმა არ მისცეს ლეგიტიმაცია ტურნირს და შავ სიაში შეყვანით დაემუქრნენ მასში  მონაწილე ყველა მეამბოხე ჩოგბურთელს. ეს ნიშნავდა, რომ ჩოგბურთელებს შეიძლება ვეღარ მიეღოთ მონაწილეობა დიდი სლემისა და გუნდურ შეჯიბრებებში, ასევე, დაეკარგათ სარეიტინგო ქულები.

სწორედ აქედან იწყება „ორიგინალი 9 – ის” (Original 9) ამბავი. 9 ჩოგბურთელი ქალი – ჯეინ ბარტკოვიჩი, როსი კასალსი, ჯუდი დალტონი, ჯული ჰელდმანი, ბილი ჯინ კინგი, ჯერი მელვილ რეიდი, კრისტი პიჯეონი, ნენსი რიჩი და ვალერი ზიგენფუსი – არ შეუშინდა მოსალოდნელ შედეგებს. მათ ინდივიდუალურად, თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, მიეღოთ ტურნირში მონაწილეობა. ჰელდმანმა ტურნირში მონაწილე ყველა ქალს სიმბოლურად გაუფორმა ერთდოლარიანი კონტრაქტი, რათა მათ სამართლებრივად ვერავინ მოსდავებოდა. ასე იქცა ერთდოლარიანი კუპიურა „ორიგინალი 9 – ის” და მათი ბრძოლის მთავარ სიმბოლოდ.

„ორიგინალი 9″ ერთდოლარიანი კონტრაქტების გაფორმების შემდეგ, ერთდოლარიანებით ხელში.

„მქონდა ორმხრივი, შიშისა და აღფრთოვანების შეგრძნება“, – იხსენებს ბილი ჯინ კინგი – „ვიცოდით, რომ ისტორიაში შევდიოდით და გვქონდა საჭიროების ძლიერი განცდა. განვაგრძობდით ფიქრს ხედვაზე, რომელიც გაგვაჩნდა სპორტის მომავლისთვის. გვინდოდა დარწმუნებით გვცოდნოდა, რომ ნებისმიერ გოგოს, რომელიც საკმარისად კარგად თამაშობდა ჩოგბურთს, ექნებოდა წასასვლელი ადგილი და შესაძლებლობა, ერჩინა თავი ჩოგბურთის თამაშით.”

საბოლოოდ, ახლად დაარსებული ტურნირი დასრულდა როსი კასალსის გამარჯვებით. კულმინაცია იყო მისი და ჯუდი დალტონის ფინალი, რომელიც იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ სპონსორებმა მომავალი წლისთვის ბევრად დიდი ინვესტიცია ჩადეს ტურნირში და აქციეს სრულფასოვან შეჯიბრებად.

სწორედ ეს ინოვაციურობა და ენთუზიაზმი გახდა წინაპირობა 1973 წელს ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის (WTA) დაარსებისთვის, რომელშიც უკვე მთავარი მოქმედი პირი გახდა ბილი ჯინ კინგი.

ბილი ჯინ კინგი და ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის დაარსება

„ახლა ან არასოდეს, ასე იდგა საკითხი ჩემს გონებაში”, – იხსენებს ბილი ჯინ კინგი – „მინდოდა, კაცი და ქალი ჩოგბურთელები ერთად ვყოფილიყავით, თუმცა ვიცოდი, ეს არ მოხდებოდა. როგორც ქალები, ჩვენ ვიყავით ისტორიის იმ გარდამტეხ პერიოდში, სადაც გვჭირდებოდა საერთო, ძლიერი, ერთიანი ხმა.”

1973 წლის უიმბლდონის დაწყებამდე 50-ზე მეტი ქალი ჩოგბურთელი შეიკრიბა ლონდონში, ახლად გახსნილ სასტუმროში – “Gloucester Hotel”:

„ბილი ჯინ კინგთან შეხვედრამ შეცვალა ჩემი ცხოვრება. იგი იყო ჩოგბურთელი თავისი თვითმყოფადი, თავდაჯერებული სტილით, რომელიც დაუფარავად იღებდა სიამოვნებას კორტზე ყოფნისას. იგი საოცრად მოქნილად ამუშავებდა ბურთს და გადიოდა შეტევაზე ბადესთან. გარდა ამისა, მას სურდა დახმარებოდა სხვა ქალებს თავიანთი ნიჭის განვითარებაში. იგი იყო ხმამაღალი, ჰქონდა თავისი პოზიცია, ძალიან უყვარდა ჩოგბურთი და სურდა ყველას სცოდნოდა, როგორ კარგად ვთამაშობდით”, – ამბობდა შეხვედრაზე მყოფი 70-იანი წლების ათეულის ძირითადი მოთამაშე ავსტრალიელი ლესლი ჰანტი, რომელიც მონუსხული იყო ბილი ჯინ კინგის განსაკუთრებული მიზანდასახულობით – „მომწონდა, რომ იგი მოგვმართავდა, როგორც „ქალ სპორტსმენებს“, რომლებიც აღტაცებას ვიმსახურებდით და სურდა, რომ გაგვეფართოებინა ჩვენი თვალსაწიერი. მაშინ ვიპოვე ლიდერი, რომლითაც აღფრთოვანებას შევძლებდი.”

ჰანტი არ ყოფილა მარტო. 29 წლის კინგის მიზანდასახულობამ და ძლიერმა სურვილმა 1973 წლის 21 ივნისს ჩოგბურთის ისტორიაში გარდამტეხ შეხვედრაზე შეკრიბა  მოთამაშეთა დიდი ჯგუფი.

ბილი ჯინ კინგმა ზუსტად შეარჩია შეხვედრის ადგილი და დრო – ახლად გახსნილი სასტუმრო მოთამაშეებს უფასოდ სთავაზობდა ნომრებს. ახლოს მიმდინარე „ქუინსის” ტურნირის გამო კი სასტუმრო სავსე იყო მოთამაშეებით.

ქალ ჩოგბურთელთა შეხვედრის მიზანი და დღის წესრიგი ცხადი იყო – სპორტის მესვეურების სექსისტური მიდგომებით გაბრაზებული ქალები ოფიციალურად უნდა გაერთიანებულიყვნენ და საერთო ძალებით განესაზღვრათ თავიანთი მომავალი.

1970 წელს წარმატებით გამართული ტურნირის შემდგომმა შეჯიბრებებმა 9 ჩოგბურთელის დამსახურებით პოპულარობა მოუპოვა ქალთა ჩოგბურთს და, შესაბამისად, მეტი თანხა გააჩინა ქალთა ტურნირებში  (1971 წელს ბილი ჯინ კინგი გახდა  ისტორიაში პირველი ჩოგბურთელი ქალი, რომელმაც წელიწადში გამოიმუშავა 100 000 დოლარზე მეტი). 1973 წლის გაზაფხულზე ამან კიდევ ერთი კონფლიქტი წარმოშვა ჰელდმანსა და ამერიკის ჩოგბურთის ასოციაციას (USLTA) შორის. ასოციაცია ითხოვდა თავისი წილის გაზრდას ტურნირებიდან და კვლავ დაემუქრა ჰელდმანის ორგანიზებით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილე ჩოგბურთელებს შავ სიაში შეყვანით. პარალელურად კი, ჩაატარა საწინააღმდეგო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ იმ დროისთვის პოპულარული ჩოგბურთელები – კრის ევერტი, ევონ გულაგონგი, ვირჯინია ვეიდი და ოლგა მოროზოვა.

კინგისთვის ეს იყო გარდამტეხი ნიშნული. ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ იგი უკვე ნიდერლანდელ ჩოგბურთელ ბეტი სტოვს ამზადებდა, რათა ედარაჯა კარისთვის, ოთახში შეეშვა ჩოგბურთელები, მედია კი  დაეტოვებინა კარს მიღმა, სანამ იგი და მისი კოლეგები მივიდოდნენ შეთანხმებამდე.

„შეგრძნება მქონდა, რომ შეხვედრა დაუსრულებლად გაგრძელდა, მაგრამ, სავარაუდოდ, გასტანა მხოლოდ ორ საათს”, – თქვა კასალსმა შეხვედრის შემდეგ – „გარემო იყო ბრწყინვალე. მჯერა, რომ ქალები, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ, მოსული იყვნენ კონკრეტული მიზნით. ვფიქრობ, ყველანი ვგრძნობდით, რომ რაღაცის მიღწევა შეგვეძლო.”

„უზარმაზარი იყო ერთობა ყველა ქალს შორის. 21 წლის ავსტრალიელი ვიყავი, რომელმაც თავი ამოყო მოვლენების შუაგულში და მომწონდა ფაქტი, რომ ვქმნიდით რაღაც განსაკუთრებულს. არასოდეს შემიტანია ეჭვი ასოციაციაში გაწევრიანების გადაწყვეტილებაში. ეს ყველაფერი შთამაგონებელი იყო და მაძლევდა შესაძლებლობას, მქონოდა ნამდვილი კარიერა ქალთა პროფესიონალურ ჩოგბურთში”,  – იხსენებს ჩოგბურთელი სინთია დორნერი.

ბილი ჯინ კინგი 1973 წლის შეკრებაზე სასტუმროში “Gloucester”.

შეხვედრიდან კინგი და კასალსი კმაყოფილი გამოვიდნენ. ასე იქნა არჩეული ბილი ჯინ კინგი ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის (WTA) პრეზიდენტად, ვირჯინია ვეიდი კი – ვიცე-პრეზიდენტად.

ბილი ჯინ კინგს არც იურიდიული მხარე დარჩენია გაუთვალისწინებელი, რომელიც თავის თავზე აიღო იმ დროისთვის მისმა მეუღლემ და იურისტმა – ლარი კინგმა:

„ვიცოდი, რომ უნდა ვყოფილიყავით ასოციაცია და არა გაერთიანება, რადგან, როგორც სპორტსმენები, ვიყავით კერძო კონტრაქტორები. ლარიმ შეგვმატა კომპეტენცია, რომელიც გვჭირდებოდა ისეთ სფეროში, როგორიც იყო ასოციაციის კანონები, რათა მაშინვე შეგვძლებოდა გაერთიანება”, – იხსენებს კინგი.

წინ გრძელი გზა იყო, თანამშრომლების არარსებობის გამო ჩოგბურთელებმა ყველაფერი თავის თავზე აიღეს, გაინაწილეს მოვალეობები, ჩაიბარეს სხვადასხვა შრეები და დაიწყეს ახლად ჩამოყალიბებული ასოციაციის განვითარება. ენთუზიაზმის და წინსვლის გაძლიერებაში  დიდი როლი ითამაშა 1973 წელს მომხდარმა კიდევ ერთმა გარდამტეხმა მოვლენამ ჩოგბურთის ისტორიაში.

სქესთა ბრძოლა

1973 წელს ერთ დროს ძალიან წარმატებული ჩოგბურთელი ბობი რიგსი უკვე დიდი ხნის დაშორებული იყო თავის საუკეთესო წლებს და მნიშვნელოვან ტიტულებს. 55 წლის რიგსი იმჟამად თვითრეკლამას ეწეოდა და  იცავდა „კაცურ ღირებულებებს”. მისთვის კაცების ჩოგბურთი ბევრად აღმატებული იყო ქალებისაზე, ქალთა ადგილს კი ხედავდა  სამზარეულოში.

მაისში რიგსი იმ დროის გამორჩეულ ჩოგბურთელ – მარგარეტ კორტს შეხვდა საჩვენებელ თამაშში, რომელსაც ესწრებოდა 5000 ადამიანი. წელიწადზე ოდნავ მეტი იყო გასული მას შემდეგ, რაც კორტმა პირველი ბავშვი გააჩინა, შესაბამისად, მარტივად დამარცხდა –  ანგარიშით 6-1, 6-2. რიგსი კი ჟურნალების გარეკანზე გამოჩნდა.

ბილი ჯინ კინგი, რომელმაც თავის დროზე უარყო რიგსის შეთავაზება დაპირისპირებაზე, ხვდებოდა, რომ აზრი უნდა შეეცვალა.

20 სექტემბერს ტეხასში კინგი და რიგსი ერთმანეთს შეხვდნენ „სქესთა ბრძოლაში“. დაძაბულ სანახაობას თვალს ადევნებდა 50 მილიონზე მეტი ადამიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაახლოებით 90 მილიონი კი- მსოფლიოს გარშემო. „სქესთა ბრძოლა“ იყო სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი ღონისძიება.

რამდენიმე თვის წინ დაარსებული ქალთა ჩოგბურთის ასოციაცია ბევრად დიდ პასუხისმგებლობას აკისრებდა ბილი ჯინ კინგს, მის ხელში იყო ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის ბედი და წინსვლა.

„ძალიან სერიოზულად ვუდგები თამაშს”, – განუცხადა კინგმა ჟურნალისტებს – „მიყვარს მოგება. ღია ვარ პასუხისმგებლობისა და წნეხისთვის. ბობის ურჩევნია მზად იყოს.”

29 წლის ბილი ჯინ კინგმა უშანსოდ დაამარცხა რიგსი ანგარიშით – 6-4, 6-3, 6-3 და დაწერა ახალი თავი ჩოგბურთის ისტორიაში.  100, 000 დოლართან ერთად, მან მოიპოვა მთავარი რამ –  ქალთა ჩოგბურთისთვის აღდგენილი რეპუტაცია.

„ვფიქრობდი, წაგება 50 წლით უკან დაგვხევდა”, – თქვა კინგმა თამაშის შემდეგ – „გაანადგურებდა ქალთა ჩოგბურთს და გავლენას იქონიებდა ყველა ქალის თვითშეფასებაზე. 55 წლის კაცისთვის მოგება არ ყოფილა ჩემთვის ამაღელვებელი. ამაღელვებელი იყო ჩოგბურთის გაცნობა ახალი ადამიანებისათვის.“

ბილი ჯინ კინგი ბობი რიგსთან გამარჯვების შემდეგ

ზაინ გარისონი, მომავალში წარმატებული ჩოგბურთელი, კინგის და რიგსის დაპირისპირების დროს ცხრა წლის იყო და ეზოში თამაშობდა მეგობრებთან ერთად, როცა გაიგო დედამისის შეძახილები:

„დედაჩემი, რომელიც არ ყოფილა სპორტული ადამიანი, ყვიროდა – ქალმა კაცი დაამარცხა. ქალმა კაცი დაამარცხა!”

„ჩოგბურთი არნახულად პოპულარული გახდა ამ პერიოდში. ადამიანები ღამეებს ათენებდნენ თამაშში. დილის სამ საათზე ჯავშნიდნენ კორტებს, საოცარი რამ ხდებოდა”, – იხსენებს ნენსი რიჩი.

დიდი გარდატეხა მოხდა, თუმცა თანაბარი საპრიზო თანხა ჯერ კიდევ დღის წესრიგში იდგა.

თანაბარი საპრიზო თანხა „ამერიკის ღია პირველობაზე”

ქალთა ჩოგბურთის ასოციაციაში შემავალმა ჩოგბურთელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, თანაბარი საპრიზო თანხის  არქონის  შემთხვევაში ბოიკოტი გამოეცხადებინათ ამერიკის ღია პირველობისთვის, მაგრამ ეს აღარ გახდა საჭირო.

1973 წლის ამერიკის ღია პირველობის წინ დეოდორანტების ბრენდი “Ban”, შვილობილი ფარმაცევტული კომპანიისა – “Bristol Meyers”,  აღმოჩნდა რევოლუციური ცვლილების ინიციატორი. ბრენდმა ქალთა საპრიზო ფონდს დაუმატა თანხის ის ნაწილი ($95,200), რომელიც განასხვავებდა ქალებისა და კაცების საპრიზო თანხებს.

„ვთვლით, რომ ქალთა ჩოგბურთი ისეთივე ამაღელვებელი და სანახაობრივია, როგორც კაცების. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პირდაპირი ჩართულობა 1973 წლის ამერიკის ღია პირველობაში ცხადად გამოხატავს ჩვენს პოზიციას სპორტში მყოფი ქალების მიმართ “, – განაცხადა „ბრისტოლ მეიერსის” ვიცე-პრეზიდენტმა.

ამგვარად, ამერიკის ღია პირველობა გახდა პირველი ტურნირი, რომელმაც თანაბარი საპრიზო თანხა დაუწესა ქალ და კაც ჩოგბურთელებს. სხვა დიდი სლემის ტურნირებს (ავსტრალიის ღია პირველობა, როლან გაროსი, უიმბლდონი) კი – ამისათვის ოთხი ათწლეული დასჭირდათ.

„როცა გამოვეყავით საბჭოთა კავშირს და გავაფორმეთ ინდივიდუალური კონტრაქტები, ძალიან კარგად მახსოვს ბილი ჯინ კინგის დიდი გამოხმაურება თანაბარ საპრიზო თანხასთან დაკავშირებით. პოლემიკა არ წყდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სლემის ტურნირებზე საპრიზო თანხა თანაბარი გახდა,  პირველი და მილიონიანი კატეგორიის ტურნირებზე მამაკაცის და ქალების საპრიზო თანხები ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ეს გრძელდებოდა იმ პერიოდშიც, როცა ვთამაშობდი. რა თქმა უნდა, ყველა ვეთანხმებოდით ამ ინიციატივას. მამაკაცები ამბობდნენ, რომ უნდა ყოფილიყო განსხვავება საპრიზო თანხაში, რადგან მამაკაცის მოვალეობა იყო, ოჯახი შეენახა, მაგრამ ქალები ვმბობდით, რომ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იყო საპრიზო თანხა, რადგან ჩვენ ბევრად უფრო გვიჭირდა ოჯახებიდან წამოსვლა. ქალები ითხოვდნენ თანაბარ საპრიზო თანხებს სხვადასხვა ტურნირებზე. როცა ვთამაშობდი, ნელ-ნელა სულ უფრო მეტ ტურნირზე თანაბრდებოდა საპრიზო თანხები”, – იხსენებს „ნეტგაზეთთან” საუბრისას ყოფილი მსოფლიოს მე-12 ჩოგანი, ჩოგბურთელი ლეილა მესხი.

ამერიკის ღია პირველობა 50 წლის შემდეგ

ამერიკის ღია პირველობა იქცა მნიშვნელოვანი ამბების საწინდრად.  ყველასთვის ცხადი იყო, რომ ბილი ჯინ კინგის ბრძოლა თანაბარი საპრიზო თანხისთვის არ ყოფილა ბრძოლა მხოლოდ თანხისთვის, ეს უფრო ცხადი  გახდა წლების მანძილზე.

ამერიკის ღია პირველობაზე მოხდა ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა, ათწლეულების შემდეგ პირველად, როგორც დედამ და ჩოგბურთელმა, აქ აღმართა დიდი სლემის ტურნირის თასი კიმ კლისტერსმა,  რომელიც მშობიარობის შემდეგ დაუბრუნდა ჩოგბურთს. 2019 წელს, ორი დედა (სერენა უილიამსი და ვიქტორია აზარენკა) პირველად შეხვდა ნახევარ-ფინალში ერთმანეთს. უკრაინელმა ქალმა ჩოგბურთელებმა (აქტიური ჩოგბურთელი კაცი ტურში ამ ეტაპზე უკრაინას არ ჰყავს) ზაფხულში ბოიკოტი გამოუცხადეს რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს, თამაშის შემდეგ უარი თქვეს მათთვის ხელის ჩამორთმევაზე; ამ წლებმა დაიტია უამრავი მოვლენა, რაც ქალებმა 50 წლის მანძილზე შეძლეს და  რომელთა ჩამოთვლა რამდენიმე ვრცელ სტატიას მოითხოვს. მთავარი კი ისაა, რომ ბილი ჯინ კინგისა და „ორიგინალი 9 – ის” მნიშვნელობას და წვლილს ამ ყველაფერში ყველა იაზრებს და არავის ავიწყდება.

2023 წელს „ამერიკის ღია პირველობაზე” თანასწორი საპრიზო თანხის საიუბილეო თარიღი გამარჯვებით აღნიშნა კოკო გოფმა, ამერიკელმა 19 წლის ჩოგბურთელმა, რომელმაც ახალი თავი დაწერა ამერიკის ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში; სერენა უილიამსის შემდეგ გახდა ყველაზე ახალგაზრდა ქალი, რომელმაც მშობლიური ტურნირი მოიგო და, რაც მთავარია, დაჯილდოების ცერემონიალზე მადლობა გადაუხადა ბილი ჯინ კინგს, თანამემამულესა და მისთვის ასპარეზის გადმომცემ ადამიანს – „მადლობა ამისთვის ბილი.”

კოკო გოფი და ბილი ჯინ კინგი 2023 წლის ამერიკის ღია პირველობის დაჯილდოების ცერემონიაზე. ფოტო: EPA-EFE/CJ GUNTHER

მასალების გადაბეჭდვის წესი