საზოგადოება

ირანი: პროტესტი მაჰსა ამინის დაღუპვის წლისთავზე

17 სექტემბერი, 2023 • 928
ირანი: პროტესტი მაჰსა ამინის დაღუპვის წლისთავზე

მიუხედავად უსაფრთხოების ძალების მობილიზებისა, ირანის ზოგიერთ ქალაქში ადამიანთა ჯგუფებმა მაინც გამოხატეს პროტესტი ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის წლისთავთან დაკავშირებით. აღნიშნულს თან ახლდა შეკრებების ჩახშობის მცდელობა ძალოვანთა მხრიდან.

ირანში საპროტესტო აქციები ამინის დაღუპვის წლისთავამდე კვირებით ადრე ანონსდებოდა. 16 სექტემბრის საღამოდან უკვე ვრცელდებოდა ცნობები უსაფრთხოების ძალების განსაკუთრებული მობილიზების შესახებ ქვეყნის სხვადასხვა წერტილში, მათ შორის, დედაქალაქ თეირანსა და ქურთისტანში, რომელიც მაჰსა ამინის მშობლიური პროვინციაა.

სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, მოქალაქეები აქციებზე გამოვიდნენ თეირანში, მაშჰადში, ქარაჯში, არაქსა და სხვა ქალაქებში. შეძახილებს შორის იყო “ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება” — გასულ წელს ქვეყანაში აგორებული საპროტესტო ტალღის ერთ-ერთი სიმბოლო.

დემონსტრანტები ასევე სკანდირებდნენ ირანის სულიერი ლიდერის საწინააღმდეგო სლოგანებს — “სიკვდილი დიქტატორს” და “სიკვდილი ხამენეის”, ისევე როგორც “ჩვენ დიადი ერი ვართ, ირანს დავიბრუნებთ”. ზოგიერთ შემთხვევაში, ავტომანქანების მძღოლები პროტესტის მონაწილეებისადმი თანადგომას სიგნალებით გამოხატავდნენ.

ქურთი უფლებადამცველების ცნობით, საპროტესტო შეკრებები არაერთი ქურთულ ქალაქში ჩატარდა, თუმცა როგორც BBC-ის სპარსუელოვან სამსახურს ერთ-ერთმა მოქალაქემ უთხრა, ამ პროცესს ხელი შეუშალა უსაფრთხოების ძალების მობილიზებამ. ტელეარხის რესპონდენტების ცნობით, ძალოვნები ქუჩებს სათვალთვალო დრონებითაც აკონტროლებდნენ.

უფლებადამცველთა ჯგუფის “Hengaw” ცნობით, ქურთებით დასახლებულ ქალაქ მაჰაბადში უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გახსნეს და მინიმუმ ერთი ადამიანი დაჭრეს. ამავე ცნობებით, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა ქალაქ ქემრანშაჰშიც.

ხსენებული ორი ინციდენტი ოფიციალურად არ დასრულებულა, თუმცა პროსამთავრობო საინფორმაციო სააგენტო “ფარსი” იტყობინება, რომ მაჰსა ამინის მშობლიურ ქალაქ საყეზში პოლიციამ საფანტის იარაღიდან ესროლა კაცს, რომელიც “არ დაემორჩილა გაფრთხილებას”. ის რეანიმაციაში გადაიყვანეს.

“რადიო თავისუფლების” სპარსულენოვანი გამოცემა უფლებადამცველებზე, სამთავრობო მედიასა და ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ პროტესტის ჩახშობის მცდელობისას სხვადასხვა ქალაქში ათეულობით ადამიანი დააკავეს.

უფლებადამცველთა ცნობით, გასულ კვირებში, 16 სექტემბრის მოახლოებასთან ერთად, მრავალი ჟურნალისტი, აქტივისტი, აკადემიკოსი, სტუდენტი, მსახიობი, ეთნიკური უმცირესობების წევრი დააკავეს, დაკითხეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამ პროცესში მოკლული დემონსტრანტების ნათესავებიც მოყვნენ.

22 წლის ქურთი ქალი, მაჰსა ამინი, ირანის ე.წ. მორალის პოლიციამ გასული წლის სექტემბერში დააკავა. მას სავალდებულო თავსაბურავთან დაკავშირებული წესების დარღვევას ედავებოდნენ. დაკავებიდან მალევე, ამინი კომაში ჩავარდა და 3 დღეში დაიღუპა.

ხელისუფლება ქალის სიკვდილს ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირებდა, თუმცა სწრაფად გავრცელდა მისი ოჯახის განცხადებები, რომელიც თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ამინის დაკავებისას სცემეს.

მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაწყებული დემონსტრაციები, რომლებმაც მალევე მიიღო მმართველი რეჟიმის საწინააღმდეგო სახე, არაერთგზის შეფასდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ისლამური რესპუბლიკისთვის, მისი არსებობის ისტორიაში.

უფლებადამცველთა ცნობით, აქციების ჩახშობისას უსაფრთხოების ძალებმა 500-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, საიდანაც 71 არასრულწლოვანი იყო. დაკავებულთა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა. 7 ადამიანი, დაკავების შემდეგ, სიკვდილით დასაჯეს.

ამინის დაღუპვის წლისთავზე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა აქციები, რომლებზეც პატივი მიაგეს ახალგაზრდა ქალის ხსოვნას. მსგავსი დემონსტრაცია საქართველოში მცხოვრებმა ირანელებმაც მოაწყვეს თბილისის ცენტრში.

ამავე თემაზე გირჩევთ:

“რაღაც უფრო უჩვეულო მოხდა” — რა შეცვალა პროტესტმა ირანში

მასალების გადაბეჭდვის წესი