საზოგადოება

“რაღაც უფრო უჩვეულო მოხდა” — რა შეცვალა პროტესტმა ირანში

28 აგვისტო, 2023 • 1847
“რაღაც უფრო უჩვეულო მოხდა” — რა შეცვალა პროტესტმა ირანში

რამდენიმე ქალი თეირანში მოქმედ სავაჭრო ცენტრში შედის. ორი სხვა ქალი ამავე მოლის ერთ-ერთ კაფეში ზის, ერთი კი ტანსაცმლის მაღაზიაში დგას და ტელეფონზე საუბრობს. არც ერთს არ ახურავს ჰიჯაბი. ვიდეო, რომლის კადრშიც ქალები მოხვდნენ, 2023 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა Youtube-ზე. ინტერნეტში მრავალი ასეთი ვიდეო მოიპოვება, მრავალი ასეთი კადრით.

გასულ ორ კვირაში მომხდარი ცვლილება იმდენად გარდამტეხია, მას ვერც თვალს ავარიდებთ და ვეღარც ის რეალობა დაბრუნდება, რომელიც 2 კვირის წინ სუფევდა ირანშიო — ამბობდა დისიდენტი ირანელი მწერალი ფატიმა შამსი The New Yorker-თან ინტერვიუში, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში ჩაიწერა: მწერლის სამშობლოში უპრეცედენტო საპროტესტო მოძრაობის დაწყებიდან 2 კვირის თავზე.

იმ დროს ირანის ქალაქებში ახალი გაჩაღებული იყო ჯანყი, რომელიც ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის დაღუპვას მოჰყვა. 22 წლის მაჰსა ამინის თავსაბურავის (ჰიჯაბის) არასათანადოდ  ტარებას ედავებოდა რეჟიმი, რომლის არსებობის ერთ-ერთი უმთავრესი მდგენელიც სწორედ ქალთა სხეულების მკაცრი კონტროლია.

ფატიმა შამსის ზემოხსენებული ინტერვიუ, ისევე, როგორც საპროტესტო მოძრაობა, მალე 1 წლის გახდება; 1 წელი გავა იმ დღიდან, როცა კომაში ჩავარდნილი მაჰსა დაიღუპა, მცირე ხნის შემდეგ კი ირანის ქუჩებში, უნივერსიტეტებსა თუ სკოლებში,  იქამდე არნახული სცენები დატრიალდა:

ქალები პროტესტის სათავეში ჩადგნენ, საჯაროდ მოხდილი ჰიჯაბებით კოცონები დაინთო, მოსწავლე გოგოები კი საპროტესტო სიმღერებს მღეროდნენ და რელიგიური ლიდერების ფოტოებს ანადგურებდნენ. პროტესტი გასცდა სავალდებულო ჰიჯაბს, როგორც ჩაგვრის სიმბოლოს, და მთლიანად ისლამური რესპუბლიკის საწინააღმდეგო ამბოხად იქცა, საკვანძო სლოგანით: “ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება!”

ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ძალ-ღონე არ დაიშურა წინააღმდეგობის ჩასახშობად: ასობით დემონსტრანტი ქუჩაში დახოცეს, 20 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, რამდენიმე კი სიკვდილით დასაჯეს. ჰიჯაბის მოხდა ისევ დანაშაულის ტოლფასია და რეჟიმი გეგმავს, ამ კუთხით კანონმდებლობა კიდევ უფრო გაამკაცროს.

მიუხედავად იმისა, რომ რეპრესიების ფონზე ირანში ყოველდღიური აქციები აღარ იმართება, არაერთი ფიქრობს, რომ ცვლილებების პროცესი უკვე დაწყებულია, ოღონდ მას არა ხელისუფალნი, არამედ მოქალაქეები უძღვებიან, უპირველესად კი — ქალები.

“არც კი ვგავართ იმას, ვინც [მანამდე] ვიყავით. არც კი გვახსოვს, როგორები ვიყავით მაჰსას სიკვდილამდე”, — უთხრა ავსტრალიურ ABC-ის ერთ-ერთმა დემონსტრანტმა, რომლის ისტორიაც მიმდინარე თვეში გამოქვეყნებულ დოკუმენტურ ფილმში მოხვდა. “ნეტგაზეთი” სწორედ იმით დაინტერესდა, რა შეცვალა შარშან დაწყებულმა ამბოხმა ირანში.

“ხვდები, რომ ციხეში ხარ”

მაჰსა ამინის სიკვდილამდე 2 თვით ადრე, 2022 წლის ივლისში, ირანელმა ძალოვნებმა 28 წლის ხელოვანი, სეფიდე რაშნო დააკავეს. აღნიშნულს წინ უძღოდა ინციდენტი, რომლის დროსაც რეჟიმის მომხრე პირმა ავტობუსში მყოფი რაშნო “შეუსაბამო ჩაცმულობის” გამო შეავიწროვა.

დაკავებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში ახალგაზრდა ქალის ბედი უცნობი იყო, იმავე თვის მიწურულს კი დასუსტებული რაშნო სამთავრობო მედიის ეთერში გამოჩნდა “აღიარებითი ჩვენებით”. აქტივისტები ამბობდნენ, რომ ეს იყო იძულებითი განცხადება, რომელიც 28 წლის ქალს არა მხოლოდ ფსიქოლოგიური, არამედ ფიზიკური ზეწოლის შედეგად გააკეთებინეს.

ამ დროს პრეზიდენტის სავარძელი უკვე ეკავა რადიკალური შეხედულებებით ცნობილ ებრაჰიმ რაისის, რომელმაც შესაბამის უწყებებს სავალდებულო ჰიჯაბის შესახებ კანონის ეფექტურად აღსრულება დაავალა.

იმავე პერიოდში თავსაბურავის ტარებაზე უარის თქმის გამო დაკავებულ კიდევ რამდენიმე ქალს მიაცემინეს მსგავსი “ჩვენება”, რამაც მრავალი ირანელი აღაშფოთა. მოქალაქეები მორიგ ჯერზე — შესაძლოა, უწინდელზე მეტადაც — დარწმუნდნენ, რომ ხელისუფლება ქალთა სხეულების კონტროლზე უარის თქმას არ აპირებდა და არც სასტიკი, დამამცირებელი მეთოდების გამოყენებას მოერიდებოდა ამისთვის.

“სეფიდე რაშნოს [საქმით] მთავრობამ იძულებითი ჩვენებების პრაქტიკა სრულიად ახალ დონეზე აიყვანა და ნათელი გახადა, რომ ჰიჯაბი ის საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც კომპრომისზე წასვლას არ აპირებს”, — აღნიშნავს მწერალი ფატიმა შამსი.

1979 წლის 8 მარტს, ისლამური რევოლუციის გამარჯვებიდან 1 თვეში, ათობით ათასი ირანელი ქალი ქუჩაში გამოვიდა სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ. ფოტო: ჰენგამე გოლესტანი

ქალთა საკითხი არ არის ერთადერთი რამ, რაც ირანში 1979 წელს ისლამური რესპუბლიკის დამყარებამ შეცვალა, თუმცა ესაა ერთ-ერთი ყველაზე ნათელი გამოვლინება იმ რეჟიმის ბუნებისა, რომელიც 44-ე წელია, ახლა უკვე 88-მილიონიან ქვეყანას უდგას სათავეში.

ქალთა უფლებრივი მდგომარეობის ერთბაშად შეზღუდვის სიმბოლო — სავალდებულო თავსაბურავი — დღის წესრიგში 1979 წელსვე დადგა, რამდენიმე წლის შემდეგ კი კანონად იქცა. მაშინ ხელისუფლებაში ახლად მოსულმა ისლამისტმა რადიკალებმა შეძლეს, ჩაეხშოთ მასშტაბური პროტესტი, რომლის ორგანიზებაც ირანელმა ქალებმა მყისიერად, დისკრიმინაციული მოთხოვნის საპასუხოდ დაიწყეს.

როგორც მომდევნო ათწლეულებმა აჩვენა, ძალმომრეობამ ქალთა წინააღმდეგობა შეაფერხა, თუმცა — ვერ გააქრო.

“სკოლაში შავი ჰიჯაბები უნდა გვეტარებინა. ჯინსების ჩაცმაც არ შეგვეძლო. პრობლემა იყო ფერადი, მაგალითად, თეთრი ფერის ფეხსაცმელიც”, — ეუბნება “ნეტგაზეთს” ირანელი დოკუმენტალისტი ნუშა საიდი, რომელმაც გასული 6 წელი საქართველოში გაატარა, ახლა კი საფრანგეთში ცხოვრობს.

საიდი 3 წლის იყო, როცა ირანში რევოლუციით დაამხეს პრო-დასავლური ორიენტაციის მქონე ავტოკრატი შაჰის, მუჰამად რეზა ფეჰლევის რეჟიმი. მაშინ მომხდარ რევოლუციაში მხოლოდ ისლამისტები არ მონაწილეობდნენ, თუმცა საბოლოოდ ძალაუფლება სწორედ მათ აიღეს ხელში, მანამდე ემიგრაციაში მყოფი სასულიერო პირის, აიათოლა რუჰოლა ხომეინის მეთაურობით.

ნუშა საიდი 

“ხელისუფალთა ზეწოლის ქვეშ ვიყავით, რომლებიც მიგვითითებენ, რა როგორ უნდა გვეკეთებინა. ცოტათი რომ იზრდები, ხვდები, რომ ციხეში ხარ და ამავე დროს, თანხმდები ამ ციხეს. ეს პრობლემის დასაწყისია, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება.

როცა სწავლას იწყებ უნივერსიტეტში ან საქმდები, ისევ აწყდები ამ პრობლემებს, მაგრამ ზოგჯერ არაფერს ამბობ, რადგან თითქოს ეგუები ამ ჩარჩოს”, — იხსენებს ნუშა საიდი ისლამურ რევოლუციად წოდებული პროცესების მომდევნო წლებს.

ირანელი ქალები წლების განმავლობაში ცდილობდნენ, შეძლებისდაგვარად შეერყიათ სტატუს-კვო: ბევრი მათგანი თმას მთლიანად არ იფარავდა, შავი ფერის ჰიჯაბსა და სხვა სამოსს კი — ფერადით ანაცვლებდა.

გასულ ათწლეულებში ქალთა ჩაცმულობას სხვადასხვა დოზითა და ფორმით აკონტროლებდნენ. იყო პერიოდიც, როცა კონტროლის მექანიზმები შედარებით მოეშვა, თუმცა ირანის არც ერთ ხელისუფლებას — მათ შორის, არც რეფორმატორების” სახელით ცნობილ ფრაქციას  — არ დაუყენებია დღის წესრიგში ამ პრაქტიკის აღმოფხვრა.

ამ ფონზე მრავალი ქალი ორმაგ ცხოვრებაში გადაეშვა: გარეთ, საზოგადოებაში და სახლში, ფარდის მიღმა. სწორედ ფარდის მიღმა ცხოვრება აღწერა ნუშა საიდიმ თავის ერთ-ერთ ფილმში, რომელიც არათუ საჯარო, არამედ კერძო ჩვენებაზეც არ გამოატანინეს.

ქალები თეირანში 2005 წელს. ფოტო: BEHROUZ MEHRI/AFP/GETTY IMAGES 

“როცა დოკუმენტურ ფილმს იღებ, რეალობას ასახავ. მაგალითად, გადავიღე ოჯახური წვეულება, რომელიც სრულად განსხვავდება იმისაგან, რასაც გარეთ, თუნდაც, რესტორანში ვაკეთებთ. ამ წვეულებაზე ჩემი ოჯახის წევრებს ჰიჯაბები არ ეხურათ, რაც მიუღებელი იყო მთავრობისთვის.

კიდევ ერთი: ამ ფილმის გადაღების პროცესში ძაღლმა მიკბინა და დამჭირდა აცრა. აცრა მკლავზე კეთდება, თუმცა შენ არ გაქვს უფლება, სხეულის ეს ნაწილი საჯაროდ, ფილმში აჩვენო. მითხრეს, რომ ამის გამო ირანში ამ ფილმს ვერ ვაჩვენებდი”, — გვიყვება დოკუმენტალისტი.

ბოლო წლებში ირანში სულ უფრო აქტიურდებოდა ქალთა მძლავრი წინააღმდეგობა, რომლის ფარგლებშიც ისინი საჯაროდ, ქუჩაში იხდიდნენ სავალდებულო ჰიჯაბს და წინააღმდეგობას უწევდნენ პირებს, რომლებიც ამის გამო თავს ესხმოდნენ. ეს პროტესტი არაერთ მათგანს თავისუფლების ფასად დაუჯდა, თუმცა ვერც დაპატიმრებებმა და ვერც იძულებითმა ჩვენებებმა შეაჩერა ის, რაც შემდეგ მოხდა.

“ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება”

ირანის ქურთისტანის ქალაქ საყეზიდან დედაქალაქ თეირანში ჩასულ მაჰსა ამინის ჰიჯაბი ეხურა, თუმცა, ქვეყანაში მოქმედი “მორალის პოლიციის” შეფასებით — არასწორად. მარტივად რომ ვთქვათ, მაჰსას ედავებოდნენ, რომ ქსოვილიდან თმა ნაწილობრივ მოუჩანდა. ის 13 სექტემბერს დააკავეს, 16-ში კი — კომაში ჩავარდნილი დაიღუპა.

მიუხედავად ხელისუფლების მტკიცებისა, რომ ქალის სიკვდილთან ის არაფერ შუაში იყო, სწრაფად გავრცელდა მისი ოჯახის განცხადებები, რომელიც თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ამინის დაკავებისას სცემეს.

რამდენიმე დღეში ირანის ქალაქების ქუჩები უკვე გაბრაზებულ დემონსტრანტებს ჰქონდათ დაკავებული. მალე პროტესტი ქვეყნის 80 ქალაქსა და დასახლებას მოედო. მოძრაობამ, რომელიც სავალდებულო ჰიჯაბის საკითხის გარშემო აგორდა, მალევე მიიღო მთლიანად რეჟიმის საწინააღმდეგო სახე.

“ეს არ ეხებოდა მხოლოდ ჰიჯაბს. ადამიანები აწყდებოდნენ ეკონომიკურ პრობლემებს, უსაფრთხოების პრობლემებს… ძალიან ბევრი პრობლემაა ირანში. ეს [მაჰსა ამინის სიკვდილი] უკანასკნელი შოკი იყო ხალხისთვის”, — დასძენს ნუშა საიდი პროტესტის მიმოხილვისას.

მაჰსა ამინის ფოტო სტამბოლში გამართულ აქციაზე, რომლითაც სოლიდარობა გამოუცხადეს ირანელ დემონსტრანტებს. 20.09.22 ფოტო: Ozan Kose / AFP – Getty Images 

ირანს საპროტესტო აქციები გასულ პერიოდშიც უნახავს, მათ შორის, 2009 წლის “მწვანე მოძრაობა” არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ და 2017 წლის შემდეგ აგორებული რამდენიმე საპროტესტო ტალღა, რომელთაგან არაერთს სწორედ საიდის მიერ ნახსენებმა ეკონომიკურმა პრობლემებმა მისცა ბიძგი.

თუმცა, იმის შესახებ საუბრისას, თუ როგორ შეცვალა 2022 წელს დაწყებულმა მოძრაობამ ირანი, არაერთი აქტივისტი პირველ რიგში სწორედ იმას უსვამს ხაზს, რით განსხვავდება ეს მოძრაობა უწინდელი პროტესტებისგან.

“უწინდელი მოძრაობების დროს წინა ხაზზე კაცები იდგნენ. ირანის რწმენა-წარმოდგენათა სისტემის თანახმად, კაცებმა უნდა უპატრონონ როგორც მიწას, ისე ქალს. თუმცა ამ მოძრაობაში ქალები გამოვიდნენ წინა ხაზზე…

ამ მოძრაობის დროს კაცები ქალების გვერდით დადგნენ. ისინი აღარ არიან მაყურებლის პოზიციაში და ეხმარებიან ქალებსა და გოგოებს, თუ ეს უკანასკნელნი რაიმე პრობლემას აწყდებიან”, — გვეუბნება ირანელი აქტივისტი ფურან მაჰმუდიანი, რომელიც 7 წელია, თბილისში ცხოვრობს და სწორედ აქ უკეთებს ორგანიზებას სოლიდარობის აქციებს თავის თანამემამულეთა მხარდასაჭერად.

ბრიტანულმა The Guardian-მა საპროტესტო მოძრაობის დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში, 16 სექტემბრიდან 18 ნოემბრამდე, ირანის სხვადასხვა წერტილში 1 413 საპროტესტო აქტივობა დათვალა, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას — 1 281 აქტივობას — გამოცემის ცნობით, სწორედ ქალები ხელმძღვანელობდნენ.

ირანელი დემონსტრანტი. ფოტო: AP PHOTO 

ქალთა საკითხმა ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი დაიკავა წინააღმდეგობის მოძრაობაში. საჯაროდ მოხდილი და ცეცხლში ჩაგდებული თავსაბურავი პროტესტის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა, სლოგანი “ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება” კი — ერთ-ერთ საკვანძო შეძახილად.

“რაც მოხდა, ბევრად უფრო ფართოა და ჩვენ ის მხოლოდ რევოლუციამდე არ უნდა დავიყვანოთ. ბევრი რევოლუცია გვინახავს, რომელთაც არაფერი შეუცვლიათ. რაღაც უფრო უჩვეულო მოხდა. კაცების, ირანელი კაცების აღქმა შეიცვალა ქალთა მიმართ”, — ამბობს ახალგაზრდა კაცი დემონსტრანტი ავსტრალიური ABC-სთვის ანონიმურად მიცემულ ინტერვიუში.

სანამ ირანელი ქალები და კაცები ქუჩაში მხარდამხარ ებრძოდნენ ისლამურ რესპუბლიკას, ირანელი სტუდენტები კი უნივერსიტეტების კამპუსებსა და ეზოებში მართავდნენ აქციებს, პროტესტის კიდევ ერთი კერა, ბევრისთვის მოულოდნელად, ირანის გოგონათა სკოლებში ისახებოდა.

მსოფლიო მოიარა კადრებმა, რომლებშიც ჩანს, როგორ მიდიან თმაგაშლილი მოსწავლეები სკოლის შენობისკენ საპროტესტო სლოგანებით; როგორ მღერიან საპროტესტო სიმღერებს საკლასო ოთახში; როგორც პოზირებენ ჰაერში აწეული შუა თითებით ირანის რელიგიური ლიდერების ფოტოებთან; როგორ აგდებენ თავიანთი სკოლის ეზოდან სისასტიკით გამორჩეული პროსამთავრობო შეიარაღებული ორგანიზაციის ლიდერს, რომელიც მათთან ჭკუის დასარიგებლად მივიდა.

ირანელი მოსწავლე გოგოები ირანის სულიერი ლიდერების პორტრეტთან. ფოტო: სოციალური მედია  

“ჩემს დროს შიში მეფობდა. ვერ ვაპროტესტებდით… ბოლომდე უნდა დავმორჩილებოდით წესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კლასიდან გაგაგდებდნენ, დისციპლინაში უდაბლეს შეფასებას დაგიწერდნენ და წესების დამრღვევად გამოგაცხადებდნენ.

ყველას ეშინოდა, მაგრამ ახალი თაობა არ ცნობს შიშს. მათ იციან მოქალაქეთა უფლებები, სვამენ კითხვებს და იაზრებენ, რა უნდა მოითხოვონ…” ,— ეუბნება ნეტგაზეთს ფურან მაჰმუდიანი.

ირანელ-ამერიკელი აკადემიკოსის, ჰალე ესფანდიარის შეფასებით, ფაქტი, რომ 2022 წელს ამბოხდა თაობა, რომელიც მოქმედი რეჟიმის მმართველობისას დაიბადა და რომელსაც კარნახობდნენ, როგორ უნდა ეცხოვრა, ელოცა და 6-7 წლის ასაკიდან ჰიჯაბი დაეხურა,  “ისლამური რესპუბლიკის ჩაფლავების სიმბოლოა”.

იმას, რომ მოზარდები აქტიურად ჩაერთვნენ საპროტესტო მოძრაობაში, ვერც რეჟიმი უარყოფს. “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა” ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში თქვა, რომ აქციების დროს დაკავებულთა საშუალო ასაკი 15 წელი იყო.

არაერთ მოზარდს პროტესტი სიცოცხლის ფასად დაუჯდა. უფლებადამცველთა ცნობით, აქციების დროს მოკლული 500-ზე მეტი დემონსტრანტიდან 71 არასრულწლოვანი იყო.

ირანში აქციებისას მოკლული ახალგაზრდების ნაწილი: სარინა ისმაილზადე,მილან ჰალიღი, ნიქა შაქარამი, მუჰსინ მუჰამადი, ჰადის ნაჯაფი, მუჰამად ჰასან თურქმანი

“ნებისმიერ მომენტში მზად ვართ”

პროტესტის დაწყებიდან 8 თვის შემდეგ, მაისში გავრცელებულმა ცნობებმა, რომელთა თანახმადაც ირანში ე.წ. მორალის პოლიცია “გაუქმდა”, გააჩინა წარმოდგენა, თითქოს ირანის ხელისუფლება დათმობაზე წავიდა ქალთა ჩაცმულობის კონტროლთან დაკავშირებით. თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ რეჟიმი არათუ არბილებს პოლიტიკას, არამედ — მისი გამკაცრებისკენაა მოწოდებული:

ხელისუფლების მონაცემებით, გასულ პერიოდში მილიონი გამაფრთხილებელი SMS გაუგზავნეს ქალებს, რომლებიც ჰიჯაბის გარეშე მართავდნენ ავტომობილებს. ამავე მიზეზით 2 000-მდე მანქანის კონფისკაცია განახორციელეს, 4 000 ქალის საქმე კი საგამოძიებო უწყებებს გადასცეს. მათი კონტროლისთვის რეჟიმი ქუჩის კამერებს იყენებს.

ბრძოლის კიდევ ერთი ველი ირანის ბიზნესსექტორია, რომელსაც ხელისუფლება მკაცრად სთხოვს, არ დაასაქმოს და არც მოემსახუროს ქალებს, რომლებიც ჰიჯაბს არ ატარებენ. “ამნესთი ინთერნეიშენალის” ცნობით, ასობით ბიზნესი ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის უკვე დახურეს.

პოლიტიკა ხისტია ცნობილი ქალების — მსახიობებისა და სხვათა მიმართ, რომელთაგან მრავალმა პროტესტს ღიად დაუჭირა მხარი. არაერთ ასეთ ქალს სასამართლომ მორგში იძულებითი მუშაობა და ფსიქოლოგთან სავალდებულო კონსულტაცია მიუსაჯა.

პოლიციელი ქალს ესაუბრება მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი “შეუსაბამო” ჩაცმულობისთვის დააკავეს. ფოტო: Behrouz Mehri/AFP 

ბოლოს, ივლისში, ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ქუჩებში ბრუნდება “მორალის პოლიცია”, რომლის ხილვადობაც, მძლავრი საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, თითქოს შემცირდა. ამას დაემატა ახალი კანონის განხილვა, რომელიც ჰიჯაბის კანონის დამრღვევთა წინააღმდეგ ამჟამინდელზე უფრო მსხვილ ჯარიმებსა და ხანგრძლივ პატიმრობებს მოიცავს.

რეჟიმის ეს ძალისხმევა გასაკვირი არ არის: სავალდებულო ჰიჯაბი მისი ძალაუფლების ერთ-ერთი საკვანძო სიმბოლოა, თავსაბურავის მოხდა კი — ისლამური რესპუბლიკისადმი დაუმორჩილებლობის ტოლფასი. ქვეყნის სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის სიტყვებით, ჰიჯაბზე უარის თქმა “რელიგიური და პოლიტიკური ცოდვაა”, თეირანის სემინარიის ხელმძღვანელმა კი ისიც თქვა, თუ ჰიჯაბის მოხდას სათანადო პასუხი არ გაეცემა, “ისლამური სისტემიდან აღარაფერი დარჩებაო”.

ყოველივე ამის მიუხედავად, თეირანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში ჩვეულ მოვლენად იქცა ის, რაც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ რთულად წარმოსადგენი იყო: ჰიჯაბმოხდილი ქალები ქუჩებში, სავაჭრო ცენტრებში, კაფე-რესტორნებში, ბაზრობებზე, საზოგადოებრივ პარკებში…

ასობით დემონსტრანტის დახოცვისა და არაერთი მათგანის სიკვდილით დასჯის შემდეგ, ამ ეტაპზე აღარ იმართება პერმანენტული აქციები, თუმცა წინააღმდეგობა, რომელსაც ხელისუფლება მთელი არსებით ებრძვის, ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

ამ პროცესს ვერ აჩერებს შეურაცხყოფა, დაშინება და ფიზიკური ძალადობა, რომელსაც ქალები ქუჩებში აწყდებიან ე.წ. მორალის პოლიციისა თუ რეჟიმის მომხრე რადიკალების მხრიდან. ინტერნეტში მსგავსი ინციდენტების ამსახველი არაერთი ვიდეოა ხელმისაწვდომი.

ქარაჯი, ირანი  

თეირანი, ირანი 

“პოლიცია და სხვა ძალები მათ პრობლემებს უქმნიან, ვიდეოებს უღებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანები იმაზე მამაცები არიან ახლა, ვიდრე უწინ”, — აღნიშნავს ნუშა საიდი.

სიმამაცის ერთ-ერთ მაგალითად გასულ დღეებში მრავალი ირანელი განიხილავდა ახალგაზრდა ჟურნალისტის, ნაზილა მარუფიანის ქმედებას. ის რამდენჯერმე დააკავეს მას შემდეგ, რაც ინტერვიუ ჩაწერა მაჰსა ამინის მამასთან, რომელიც ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას თავისი ქალიშვილის დაღუპვაზე.

ერთ-ერთი ბოლო დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ, 13 აგვისტოს, ჟურნალისტმა თავისი ფოტო გამოაქვეყნა ჰიჯაბის გარეშე. ცოტა ხნის შემდეგ ის ისევ დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. მარუფიანმა კვლავაც დაპოსტა ფოტო ჰიჯაბის გარეშე, აღწერილობის სახით კი პოსტს დიალოგი დაურთო:

“- ნანობ იმ ფოტოს, რომელიც გათავისუფლების შემდეგ გამოაქვეყნე? აღიარებ, რომ შეცდომა დაუშვი?

-არა, არასწორი არაფერი გამიკეთებია”.

“ნეტგაზეთის” რესპონდენტი ფურან მაჰმუდიანი, რომელიც პროფესიით მევიოლინეა, იხსენებს, რომ ირანში ცხოვრების წლებში სცენაზე დაკვრის საშუალებაც კი არ ეძლეოდა. ქალებს მხოლოდ სცენის ფარდის მიღმა შეეძლოთ დაკვრა, ხოლო მაშინ, როცა ამ რეგულაციას არღვევდნენ, ადგილზე პოლიცია მიდიოდა და შემსრულებლებს ინსტრუმენტებს ართმევდა.

ახლა არაერთი ქალი საჯაროდ, ქუჩაში უკრავს ვიოლინოზე, მღერის და ცეკვავს. ესეც პოლიტიკური აქტია, რადგან რეჟიმის კანონებით, ქალებისთვის საჯაროდ ცეკვა და სიმღერაც დანაშაულია: იანვარში ჯამურად 10 წლით დააპატიმრეს წყვილი, რომელმაც თეირანის მთავარ მოედანზე იცეკვა.

“ჩემი სამშობლოს ქალების სიმამაცე გამარჯვების დასტურია. მე მათით ვამაყობ და მუდმივად მათთან ვიქნები”, — დასძენს მაჰმუდიანი.

ფურან მაჰმუდიანი. ფოტო: პირადი ფეისბუკიდან 

ხელისუფლება მრავალგზის ცდილობს, საპროტესტო მოძრაობის მონაწილეები წარმოაჩინოს ირანისა და ისლამური ღირებულებების მტრების მიერ მართულ პირებად, სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ მებრძოლი ქალები კი – “ნორმების დამრღვევ” უმცირესობად. თუმცა რეჟიმისადმი უკმაყოფილება კონსერვატიულად განწყობილ მორწმუნე მოქალაქეებს შორისაც ნათლად შეიმჩნევა.

ეს გამოჩნდა ივლისშიც, შიიტი მუსლიმებისათვის უმნიშვნელოვანეს აშურას დღესასწაულზე, რომელიც ანტისამთავრობო მოსაზრებების გამოხატვის პლატფორმად იქცა.

“წელს ჩვენ ვნახეთ, რომ რელიგიური ქადაგებები და სიმღერები წინა წლებთან შედარებით უფრო საპროტესტო იყო და მიემართებოდა ფორმას, რომლითაც ლიდერები მართავენ ირანს, ისევე როგორც ფართომასშტაბიან კორუფციას ისლამურ რესპუბლიკაში და პოლიტიკურ წინააღმდეგობებს, რომლებსაც ვაწყდებით”, – უთხრა New York Times-ს კონსერვატორმა მიმომხილველმა მუჰამად ალი აჰანგანმა.

როცა აქციები შენელდა, მოქალაქეებმა საპროტესტო სლოგანების ყვირილი ფანჯრებიდან, აივნებიდან და სახლის სახურავებიდან განაგრძეს. ახლა, მაჰსა ამინის დაღუპვის წლისთავის მოახლოებასთან ერთად, კვლავ მატულობს მოწოდებები საპროტესტო აქციების გამართვაზე ირანის ქუჩებში. ამ ფონზე ხელისუფლებამ უფლებადამცველების დაკავება დაიწყო.

ქალები ჰიჯაბების გარეშე ქალაქ ქარაჯის ერთ-ერთ სავაჭრო მოლში 

“წინა პროტესტები, მათ შორის 2009 წლის, ასეთი არ იყო. რაღაც მოხდა, შემდეგ მთავრობამ მოქალაქეები ძალით შეაჩერა და ყველაფერი მორჩა. მაგრამ ახლა ასე აღარ ხდება… ჩვენ ნებისმიერ მომენტში მზად ვართ ბრძოლის გასაგრძელებლად”, — დასძენს ნუშა საიდი.

საერთო ჯამში, რთული სათქმელია, რა ელის ირანის საპროტესტო მოძრაობას და მეტად შეარყევს თუ არა ის ისლამური რესპუბლიკის ძალაუფლებას.  თუმცა ფაქტია, რომ არაერთი მოქალაქისთვის მიუღებელია, დაუბრუნდეს დღის წესრიგს, რომელშიც მაჰსა ამინის დაღუპვამდე ცხოვრობდა.

“თუ მათი შეგვეშინდება და უკან დავიხევთ, მაშ რაღა დარჩება თავგანწირვისგან, რომელიც დემონსტრანტებმა გაიღეს თავიანთი სიცოცხლისა და ოჯახების დაკარგვით? მე მზად ვარ, განვაგრძო ბრძოლა”, — უთხრა მედიას უნივერსიტეტის სტუდენტმა თეირანიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი