საზოგადოება

რით განსხვავდება ფარცხალაძისა და მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციები

15 სექტემბერი, 2023 • 1678
რით განსხვავდება ფარცხალაძისა და მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციები

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებულ ოთარ ფარცხალაძეს სანქციები უკრაინაში რუსეთის ომის საპასუხო ზომების ფარგლებში დაუწესა.

ფარცხალაძე სანქცირებულია აშშ-ის პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის შესაბამისად, რომელიც აწესებს სანქციებს რუსეთის ფედერაციის მთავრობის მანკიერ უცხოურ საქმიანობასთან დაკავშირებით. სანქციები შეეხება ასევე ორ საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც ოპერირებს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში და რომლის 50%-ს ფარცხალაძე ფლობს:

  • MOSCOW BUSINESS BROKERAGE
  • INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION

რას ითვალისწინებს ფარცხალაძისთვის დაწესებული სანქციები?

14024 აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად:

  • დაბლოკილია სანქცირებული პირის საკუთრებაში არსებული ყველა ქონება და სარგებელი, რომელიც არის შეერთებულ შტატებში ან აშშ-ის მოქალაქის კონტროლ ქვეშ და უნდა ეცნობოს სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისს (OFAC).
  • დაბლოკილია ყველა იურიდიული პირი, რომელშიც სანქცირებული პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს წილის 50%-ს ან მეტს.
  • აკრძალულია ყველა ტრანზაქცია აშშ-ის პირების მიერ ან შეერთებულ შტატებში (ან მისი გავლით), რომელიც დაკავშირებულია სანქცირებულ პირებთან ან მათ საკუთრებასთან, თუ ეს [ტრანზაქცია] არ არის ავტორიზებული OFAC-ის მიერ გაცემული ლიცენზიით.
  • აკრძალულია ნებისმიერი თანხის, საქონლის თუ მომსახურების კონტრიბუცია სანქცირებული პირისთვის, მისი სარგებლისთვის ან თავად სანქცირებული პირის მიერ.
  • პირისთვის, რომელიც აკმაყოფილებს აღნიშნული ბრძანების 1 ან მეტ პუნქტს, შეზღუდულია აშშ-ში შესვლა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც სახელმწიფო მდივანი ან შიდა უსაფრთხოების მდივანი განსაზღვრავენ, რომ სანქცირებული პირის შესვლა არ ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების ინტერესებს ან სამართალდამცველების მიზანს ემსახურება.

რით განსხვავდება ფარცხალაძისა და მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციები?

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მანამდე სანქციები დაუწესა ქართველ მოსამართლეებს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს. მათი სანქცირების ოფიციალური საფუძველი იყო კორუფციული ქმედებებით სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიულ პროცესების დაზიანება.

მოსამართლეებს დაუწესდათ სანქცია, რომელიც გათვალისწინებულია 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავით და ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს. აღნიშნული წესი სანქცირებულ პირებს (და მათი უშუალო ოჯახის წევრებს) უკრძალავს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლას იმ საფუძვლით, რომ სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით ისინი ჩართულნი არიან მნიშვნელოვან კორუფციაში.

ვინ არის ოთარ ფარცხალაძე?

ოთარ ფარცხალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, 2013 წელს დაიკავა მთავარი პროკურორის პოსტი.

ფარცხალაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე 2013 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

მან ამ თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ 47 დღის განმავლობაში შეძლო. ოპოზიციამ გაასაჯაროვა ცნობები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძე 2000-იანი წლების დასაწყისში ბოტასის ქურდობისთვის იყო გასამართლებული.

ნასამართლობის ფაქტი ფარცხალაძემაც დაადასტურა, თუმცა მან თქვა, რომ გერმანიის მართლმსაჯულება არა ქურდობას, არამედ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. ამ სკანდალის შემდეგ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა და ოფიციალური ცნობებით, ბიზნესსაქმიანობა დაიწყო.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუთი ცნობილი გახდა, რომ მისი შვილი, ბერა ივანიშვილი, ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.

ფარცხალაძე ფიგურებს „ომეგა ჯგუფის” საქმეში. როგორც „ომეგას” დამფუძნებელი, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი ამბობდა, ფარცხალაძე მას 4 მილიონი ლარს სძალავდა. ოქუაშვილმა ასევე ისაუბრა სპორტის ყოფილ მინისტრზე ლევან ყიფიანზე, რომელიც მისი თქმით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ დასაჯა.

„ჩააგდეს სარდაფში და მიაყენეს შეურაცხყოფა, კაცი თავის მოკვლას აპირებდა”, – ამბობს ოქუაშვილი.

ლევან ყიფიანმა ეს ინფორმაცია უარყო.

ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდება აუდიტის სამსახურის იმდროინდელი უფროსის და ამჟამად დევნილობაში მყოფი ლაშა თორდიას ცემის ფაქტიც. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ფარცხალაძე გაამართლა.

ფარცხალაძემ ქართული მედიის ყურადღება პანდემიის დროსაც მიიპყრო, როცა სპეციალური საშვის გარეშე გადაადგილების შეზღუდვის პირობებში ავტომობილით გადაადგილდებოდა. ფარცხალაძის გადაადგილების ამსახველი ვიდეო ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ფარცხალაძე ამ შემთხვევისთვის დაჯარიმდა.

შეერთებული შტატები ფარცხალაძეს უწოდებს რუს-ქართველ ოლიგარქს. აშშ-ის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ონიშჩენკომ და ФСБ-მ ფარცხალაძეზე ბერკეტები გამოიყენეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით ФСБ-სთან“, – აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტი.

სუს-მა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „მიმდინარეობს საკითხის შესწავლა”.

რა (არ) ვიცით ოთარ ფარცხალაძეზე

ივანიშვილს ინტერვიუ საკუთარ თავთან თვითონ მიჰყავს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი