ახალი ამბები

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ნავალნი ხანგოშვილის მკვლელში უნდა გაეცვალათ — ნავალნის გუნდი

26 თებერვალი, 2024 • 1114
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ნავალნი ხანგოშვილის მკვლელში უნდა გაეცვალათ — ნავალნის გუნდი

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც ციხეში 16 თებერვალს დაიღუპა, უშიშროების ფედერალური სამსახურის [ფსბ] ოფიცერში, ვადიმ კრასიკოვში უნდა გაეცვალათ. კრასიკოვი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიის ციხეში იხდის სასჯელს.

ინფორმაცია შესაძლო გაცვლის შესახებ მარია პევჩიხმა, ნავალნის ერთ-ერთმა უახლოესმა თანამოაზრემ გაავრცელა. როგორც ის ამბობს, გაცვლა იგეგმებოდა ნავალნის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე.

„მედუზას“ ცნობით, პევჩიხის თქმით, 15 თებერვლის საღამოს მიიღო დასტური, რომ ფინალურ სტადიაზეა მოლაპარაკებები ნავალნისა და კრასიკოვის გაცვლაზე. პევჩიხის განცხადებითვე, პუტინამდე ნავალნის კრასიკოვში გაცვლის წინადადება ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა მიიტანა.

ვადიმ კრასიკოვი 2019 წელს ბერლინში დააკავეს. იგი დამნაშავედ ცნეს საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში. ხანგოშვილი ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

ვლადიმერ პუტინს არაერთხელ უთქვამს, რომ სურს, კრასიკოვი რუსეთში დააბრუნოს. ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა მინიშნება ამის შესახებ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი