“ნორმალური არჩევანი” — ესაა გზავნილი წინასაარჩევნოდ შექმნილი პოლიტიკური პლატფორმისა, რომელშიც პარტიები “დროა” და “გირჩი — მეტი თავისუფლება” ერთიანდებიან. ალიანსში ამბობენ, რომ სხვებთან თანამშრომლობის ფანჯარა ღიაა, თუმცა არ აპირებენ, თავად გასწიონ განსაკუთრებული ძალისხმევა სხვა პარტიების დასარწმუნებლად.
ალიანსის გამოცხადება ვიდეორგოლით
ორმა პარტიამ ერთიანი პლატფორმის შექმნის შესახებ 6 სექტემბერს, ნახევრად იუმორისტული ვიდეორგოლით გამოაცხადა, ცნობილი ამერიკული სერიალის, Friends-ის (მეგობრები) სტილში.
ვიდეოს დასაწყისში პარტიების ლიდერები — ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია — ჩანან, რომელთაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან დივანი მიაქვთ. მოგვიანებით მათ თანაგუნდელებიც უერთდებიან.
ერთობლივი ვიდეო მოიცავს კადრებს სხვადასხვა საპროტესტო აქციიდან, რომლებშიც “გირჩი — მეტი თავისუფლებისა” და “დროას” წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საიმიჯო ვიდეოს გზავნილია “გირჩი და დროა — ნორმალური არჩევანი”
“ჩვენ გვაერთიანებს:
- ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან;
- მომავლის მკაფიო ხედვა;
- მოტივაცია, შევცვალოთ საბჭოთა, ერთპარტიული სისტემა თანამედროვე, დასავლური ტიპის, კოალიციური მმართველობით.
ჩვენ ვქმნით ნორმალურ არჩევანს საქართველოს მოქალაქეებისთვის”, — აღნიშნავენ პარტიები.
“გირჩი — მეტი თავისუფლების” წევრის, ბორის ყურუას თქმით, პარტიები “ცოლად არ გაჰყვნენ მდიდარ პოლიტიკურ პარტიას” და გაერთიანდნენ, რადგან “საერთო მიზანი” აქვთ.
“ჩვენ ამას თავიდანვე პროცენტებით არ ვითვლით. ჩვენ ამას ვითვლით იმ პოტენციალით, რომელიც გვაქვს. მართლა ბევრია საერთო, მათ შორის ის, რომ ორივეს მწირი რესურსი გვაქვს”, — დასძინა მან.
“ჩვენ გვინდა, რომ სისტემა შეიცვალოს ძირფესვიანად, თამაშის წესები შეიცვალოს თავიდან ბოლომდე… სწორედ ამით გაერთიანებულებს გვგონია, რომ [უნდა] გვქონდეს იმის ამბიცია, რომ 5%-ზე კი არ ვინერვიულოთ, არამედ… ადამიანებს შევთავაზოთ ნორმალური არჩევანი და ვაჩვენოთ, რომ პოლიტიკა სინამდვილეში არ არის ბინძური საქმე”, — დაამატა ყურუამ.
პლატფორმის გაფართოების პერსპექტივა
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამჟამად ორი ოპოზიციური ალიანსია შექმნილი: ერთი მათგანი “ნაციონალურ მოძრაობასა” და გიორგი ვაშაძის “სტრატეგია აღმაშენებელს” აერთიანებს, მეორე კი — ჯაფარიძისა და ხოშტარიას პარტიებს.
კიდევ ერთ ოპოზიციურ პარტიას, “ლელოს”, გაცხადებული აქვს სურვილი, შექმნას “ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი”, რომელიც “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” პირობებში ჩასახულ “ორპოლუსიანობას” დაასრულებს.
წარსულში ისმოდა კითხვები, ხომ არ გაერთიანდებოდნენ ერთ ალიანსში “ლელო”, “გირჩი — მეტი თავისუფლება” და “დროა”. თუმცა, 6 სექტემბერს გამოცხადებულ ალიანსში “ლელო” არ ჩანს.
გიგა ლემონჯავა
“არავითარი დამატებითი კონსულტაციები არ მიმდინარეობს. ჩვენ დავხარჯეთ რამდენიმე თვე იმისთვის, რომ შეგვექმნა ეს საარჩევნო გაერთიანება და გადაწყდა, რომ “დროა” და “გირჩი” ერთად გამოვლენ შემდეგ არჩევნებზე.
ამ ეტაპზე არავითარი დამატებითი კონსულტაცია არ მიმდინარეობს და გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვაპირებთ, დამატებითი დრო დავკარგოთ პოლიტიკური პარტიების დარწმუნებაში ერთობის აუცილებლობასთან დაკავშირებით”, — უთხრა “ნეტგაზეთს” პარტია “დროას” წევრმა გიგა ლემონჯავამ.
მისივე სიტყვებით, ახლად შექმნილი პლატფორმა კარს არავის უხურავს და დაელაპარაკება ყველა იმ ჯგუფს, რომელიც თავისი ღირებულებებით ალიანსთან თანხვედრაში იქნება.
“[თუმცა], ჩვენი ინიციატივით არავითარ კონსულტაციებს არ გავმართავთ პოლიტიკურ პარტიებთან”, — ამატებს ლემონჯავა.
ბორის ყურუა
ამ საკითხზე “ფორმულას” ეთერში “გირჩი — მეტი თავისუფლების” წევრმა, ბორის ყურუამაც ისაუბრა. მისი თქმით, პარტიას ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რათა საარჩევნო ერთობა შექმნილიყო, თუმცა ეს არ გამოვიდა.
წამყვანმა ყურუას ჰკითხა, რატომ ვერ შედგა წინასაარჩევნო ერთობა “სტრატეგია აღმაშენებელთან” და “ლელოსთან”. მისი თქმით, გიორგი ვაშაძის პარტიის ამომრჩეველი “დროას” და ჯაფარიძის “გირჩის” ამომრჩევლისგან განსხვავდება და მსგავს ალიანსს, შეიძლება, უკუშედეგი გამოეღო. ყურუა ამბობს, რომ ამომრჩევლებს შორის სხვაობა “ლელოს” შემთხვევაშიც იჩენდა თავს, თუმცა ეს არ არის ალიანსში მისი არყოფნის ერთადერთი მიზეზი.
“ლელომ” თვითონ გამოაცხადა, რომ უნდოდა საარჩევნო ერთობის გაკეთება, თითქოს ყველა მასთან უნდა მივსულიყავით. მერე იყო რაღაც კომპრომისები, თუმცა ეს უკვე მოხდა მაშინ, როცა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აღარ ღირს ამ საკითხზე პროაქტიულად საუბარი და ჩვენი აქტიურობა.
ვინმეს თუ უნდა ჩვენთან საუბარი და კონსულტაცია, ამისთვის ვართ 100%-ით ღია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ვითანამშრომლებთ. მაგრამ… თანამშრომლობის ფანჯარას [ღიას] ვტოვებთ”, – დასძენს ბორის ყურუა.
“ახალგაზრდა, ლიბერალური ამომრჩეველი”
CRRC-ის მკვლევარი გივი სილაგაძე მიიჩნევს, რომ ალიანსის სამიზნე, მასში შემავალი პარტიების წარსულიდან და მათი ხედვებიდან გამომდინარე, უფრო ახალგაზრდა, ურბანულ ცენტრებში მცხოვრები და ლიბერალურად განწყობილი ამომრჩეველია. ის ვარაუდობს, რომ ამ სეგმენტისთვის ხოშტარია-ჯაფარიძის ალიანსი, შეიძლება, საინტერესო ძალას წარმოადგენდეს.
“ბოლოდროინდელ საზოგადოებრივ გამოკითხვებში ვხედავთ, რომ პოლიტიკური პარტია “გირჩი — მეტი თავისუფლება” მესამე ან მეოთხე ადგილზე არის ხოლმე. “დროას” უფრო ნაკლები [შედეგი აქვს]. ეს გაერთიანება მოულოდნელი არ არის და არც მნიშვნელოვანი იდეოლოგიური შეუთავსებლობა იკვეთება. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ “დროას” უფრო ნაკლებად აქვს გამოკვეთილი იდეოლოგიური პროფილი, განსაკუთრებით სოციალ-ეკონომიკური საკითხების მხრივ.
…თუ შევხედავთ მათ მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლს, დავინახავთ, რომ ეს გაერთიანება ცდილობს, რომ ამ პოლარიზებულ, რადიკალიზებულ და ნეგატიური კამპანიით გაჯერებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში პოზიციონირდეს, როგორც “ნორმალური არჩევანი”. ვიცით, რომ ელექტორატის დიდი ნაწილი გადაღლილია მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებებით. თუმცა, იმდენად დიდი ხანია, ეს ძალები პოლიტიკაში სხვადასხვა ფორმით არიან, რომ რაიმე ფუნდამენტურად ახლის შეთავაზების გარეშე შეიძლება, ამაში გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დარწმუნება გაუჭირდეთ”, — აღნიშნავს სილაგაძე.
გივი სილაგაძე
მკვლევრის თქმით, წინა წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ როცა მსგავსი პარტიები ერთიანდებიან, ისინი ვერ ახერხებენ, მოიზიდონ ამომრჩეველი თავიანთი მხარდამჭერების არითმეტიკული ჯამური რაოდენობის მიღმა. სილაგაძეს უჭირს იმის თქმა, ამ კუთხით როგორ იმუშავებს ახალი ერთობა.
“ზოგ შემთხვევაში ისიც შეიძლება მოხდეს, რომ გაერთიანებებმა, შეიძლება, პირიქით, ამომრჩეველი დააკარგვინოს კიდევაც [პარტიებს]. ამ შემთხვევაში ეს როგორ იქნება, ვერ გეტყვით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს გაერთიანება მნიშვნელოვნად გაიზარდოს და ძალიან სერიოზული ელექტორალური მოთამაშე გახდეს. ამ ეტაპზე ის საპარლამენტო არჩევნების ბარიერის გადასალახად შექმნილ გაერთიანებას ჰგავს, რისი კარგი შანსიც აქვთ, თუ გამოკითხვებს დავუჯერებთ”, — აღნიშნავს ის.
მკვლევარი იხსენებს არშემდგარი ერთობების შემთხვევებსაც, რომლებშიც ალიანსში შემავალი პოლიტიკოსები მონაწილეობდნენ. გივი სილაგაძეს მიაჩნია, რომ მსგავსი გამოცდილება ახალ ალიანსს არ არგებს:
“ადრე ეს იყო გირჩის თანამშრომლობა პაატა ბურჭულაძის პარტიასთან. სულ ბოლოს იყო ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძის ერთობა და ესეც, როგორც ჩანს, არ იყო წარმატებული. ამგვარი ალიანსები და გადაჯგუფებები ამომრჩეველში დაბნეულობის და ნიჰილიზმის განცდის გარდა, ბევრს არაფერს იწვევს. ეს გამოცდილება ნამდვილად არ არის ამ გაერთიანებისთვის პლუსი”, – ამბობს ის.