საზოგადოება

პრიგოჟინი: თავდაცვის სამინისტრომ ვაგნერის ბანაკები დაბომბა, უამრავი დაიღუპა

23 ივნისი, 2023 • 1924
პრიგოჟინი: თავდაცვის სამინისტრომ ვაგნერის ბანაკები დაბომბა, უამრავი დაიღუპა

„ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედროებმა „ვაგნერის“ ბანაკი დაბომბეს.

პრიგოჟინის თქმით, თავდასხმის შედეგად დაღუპულია „უამრავი მებრძოლი“.

„მათ დაინახეს, რომ ჩვენ ვერ გაგვტეხეს. სანაცვლოდ, სარაკეტო იერიშით თავს დაესხნენ ჩვენს ბანაკებს. დაღუპულია ჩვენი მებრძოლთა დიდი რაოდენობა. მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ ვუპასუხებთ ამ ბოროტებას. შემდეგი ნაბიჯი ჩვენზეა“, – ამბობს პრიგოჟინი აუდიო ჩანაწერში, რომელსაც „ვაგნერის“ პრესცენტრი ავრცელებს.

აუდიოჩანაწერებში პრიგოჟინი კვლავ უპირისპირდება რუსეთის თავდაცვის მინისტრს და ამბობს, რომ ის ლაჩარია, შემდეგ კი აცხადებს – „ჩვენ 25 ათასნი ვართ და მოვდივართ, რათა გავარკვიოთ, რატომ ხდება ქვეყანაში აურზაური“.

მალევე სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო. ავტორები ამტკიცებენ, რომ ვიდეო „ვაგნერის“ ერთ-ერთ ბანაკთანაა გადაღებული, რომელზეც რუსეთის შეიაღარებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს.

„თავს გვესხმიან.. დაგვარტყეს, არადა, იქ ხომ ჩვენი ბიჭები იყვნენ“, – ისმის ვიდეოში.

განცხადება გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც. მათი თქმით, ევგენი პრიგოჟინის სახელით გავრცელებული ცნობები, თითქოს, მათ იერიში მიიტანეს „ვაგნერის“ ბანაკებზე – მცდარია და „წარმოადგენს საინფომრაციო პროვოკაციას“.


დღეს, 23 ივნისს, გამოქვეყნდა პრიგოჟინის „ვრცელი ინტერვიუს“ პირველი ნაწილი.

ნახევარსაათიან ჩანაწერში პრიგოჟინი აგრძელებს სერგეი შოიგუს უცენზურო კრიტიკას, ირიბად აკრიტიკებს, სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინს და აცხადებს, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა „ოლიგარქების ინტერესების“ გამო მოხდა.

წაიკითხეთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი