„ვაგნერის“ პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ჯგუფის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის „ვრცელი ინტერვიუს“ პირველი ნაწილი.
ნახევარსაათიან ჩანაწერში პრიგოჟინი აგრძელებს სერგეი შოიგუს უცენზურო კრიტიკას, ირიბად აკრიტიკებს, სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინს და აცხადებს, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა „ოლიგარქების ინტერესების“ გამო მოხდა.
პრიგოჟინი ინტერვიუს იწყებს 2014 წელს, უკრაინაში „ღირსების რევოლუციის“ [ასევე ცნობილი, როგორც „ევრომაიდანი“] შემდგომ განვითარებული მოვლენების მიმოხილვით და ამბობს, რომ რვა წლის განმავლობაში დონბასში [ლუჰანსკისა და დონბასის ოლქები] მხარეები სტაბილურად უხსნიდნენ ერთმანეთს ცეცხლს, თუმცა:
„[2022 წლის] 24 თებერვლისთვის არაფერი განსაკუთრებით უჩვეულო არ ყოფილა. ახლა თავდაცვის სამინისტრო ცდილობს მოატყუოს პრეზიდენტი და საზოგადოება და მოჰყვეს, რომ უკრაინის მხრიდან ზღვარგადასული აგრესია იყო და ნატოს ბლოკთან ერთად გეგმავდნენ ჩვენზე თავდასხმას. სპეცოპერაცია დაიწყეს სულ სხვა მიზეზით“, – ამბობს პრიგოჟინი.
შემდეგ პრიგოჟინი ეხება 2019 წლის მოვლენებს, როცა პრეზიდენტად ვოლოდიმირ ზელენსკი აირჩიეს. სწორედ მაშინ, პრიგოჟინის მტკიცებით, ზელენსკი მზად იყო „ნებისმიერი შეთანხმებისთვის“, თუმცა რუსულმა მხარემ ეს არ გამოიყენა – „საჭირო იყო ოლიმპოდან ჩამოსვლა და მოლაპარაკება. მთელი აღმოსავლეთ უკრაინა სავსეა გენეტიკურად რუსი ხალხით, დღეს კი მივდივართ და ამ ხალხს ვკლავთ“.
„სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყებას პრიგოჟინი უკავშირებს „ოლიგარქების კლანის ინტერესს, რომელიც ფაქტობრივად მართავს რუსეთს“ და სურვილს, უკრაინის პრეზიდენტად, ამავე ოლიგარქების ინტერესების გამო, ვიქტორ მედვედჩუკი დაენიშნათ. მედვედჩუკის შვილის ნათლიმამა ვლადიმერ პუტინია.
„მედვედჩუკი გაცვალეს მთელ „აზოვის პოლკში“. თუ უკრაინის დენაციფიკაცია გვინდა, – „აზოვი“ ხომ ნაციონალისტური სტრუქტურების ფუძეა, – რატომ გავცვალეთ? რატომაა ჩვენთვის ძვირფასი? რატომ არ გავცვალეთ პოლკი ტყვე ჯარისკაცებში? რატომ გავცვალეთ მედვედჩუკში, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ კარგი, მეგობრული ურთიერთობები აქვს, ასე ვთქვათ, რუსეთის ხელისუფლებაში“, – კითხულობს „ვაგნერის“ დამფუძნებელი.
თავად „ოპერაციასთან“ დაკავშირებით, რომლის ხელმძღვანელებზეც მუდმივ უკმაყოფილებას გამოთქვამს, პრიგოჟინს მიაჩნია, რომ „უნიჭოდ დაგეგმილი“ იყო, თუმცა დარწმუნებულია, რომ სწორი ხელმძღვანელობის პირობებში რუსეთი მართლაც მოახერხებდა ომის პირველივე დღეებში კიევის დაკავებას. ხელმძღვანელ პირებს იგი ბრალს სდებს ომისდამი და ჯარისკაცებისადმი ინდიფერენტულ დამოკიდებულებაში:
„იმის ნაცვლად, რომ შეკრებილიყვნენ და გამოეძახათ ყველა გენერალი, ყველა, ვისაც რამის რჩევა შეუძლია. ჩვენს ქვეყანაში ჯერაც თვითიზოლაციაა [მედიის ცნობით, პუტინთან შეხვედრამდე ჩინოვნიკები ორკვირიან თვითიზოლაციას გადიან – რედ.] და ამიტომ, გადაწყვეტილების მიმღებთაგან არავინ შეიკრიბა. ყველა ტელეფონით ლაპარაკობდა. […] ჩვენი წმინდა ომი მათთან, ვინც ჩაგრავს და ცდილობს დაამციროს რუსი ხალხი, იქცა უბრალო რეკეტად [ოლიგარქების ინტერესისთვის]“.
პრიგოჟინის თქმითვე, რუსეთის ხელისუფლებას არ აინტერესებს დაღუპულ ჯარისკაცთა რაოდენობა, ხოლო იგივე სერგეი შოიგუ პრეზიდენტ პუტინს ატყუებს ფრონტზე მიღწეული წარმატებების შესახებ:
„ვიკითხე, რატომ არ ვსაუბრობთ დაღუპულებისა და დაჭრილების რაოდენობის შესახებ. მიპასუხეს, რომ „ზემოთ“ ეს არავის აინტერესებს, არის შესასრულებელი ამოცანები და რამდენი დაიღუპა, დავითვლით ომის შემდეგო. არავის აინტერესებდა, რა ძალისხმევით მიიღწეოდა მიზნები.
პრეზიდენტს ატყუებენ: ყოველდღე ვისმენთ 60 განადგურებულ ლეოპარდზე, მოწინააღმდეგის 3000 განადგურებულ ჯარისკაცზე. სხვადასხვა რაკურსიდან აჩვენებენ ერთი და იმავე ტექნიკის გნაადგურების ვიდეოებს. არავის გაუნადგურებია 60 ლეოპარდი, ეს სისულელეა“.