საზოგადოება

გაფიცული მაღაროელების ნაწილი შიმშილობის დაწყებას თბილისშიც გეგმავს

21 ივნისი, 2023 • 1183
გაფიცული მაღაროელების ნაწილი შიმშილობის დაწყებას თბილისშიც გეგმავს

გაფიცული მაღაროელების ნაწილი შიმშილობის დაწყებას თბილისშიც გეგმავს. ინფორმაცია ამის შესახებ მაღაროელების „ფეისბუკ“ გვერდზე ვრცელდება.

მაღაროელების ნაწილი, რომლებიც ორი დღეა აქციებს თბილისშიც მართავენ, აცხადებენ, რომ ჭიათურაში მოშიმშილე კოლეგების სოლიდარობის ნიშნად შიმშილობას ისინიც დაიწყებენ:

„ჩვენ გაფიცულ ბიჭებს ვუცხადებთ სოლიდარობას. ვიწყებთ შიმშილობას თბილისშიც. ჩვენი მეგობრების მდგომარეობა, რომლებმაც სხეულის ნაწილები დაიზიანეს პროტესტის ნიშნად, ყოველ წუთს მძიმდება. ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს. მშრომელებო, შემოგვიერთდით,“ — ვკითხულობთ მაღაროელების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, გაფიცული მაღაროელები თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქციას 19:00 საათზე აანონსებენ.

დღეს მაღაროელთა გაფიცვის მე-15 და 11 მათგანის შიმშილობის მე-9 დღეა. მაღაროელების ნაწილი უკვე ორი დღეა აქციებს თბილისშიც მართავს, მათ პარლამენტის შენობის წინ კარვებიც გაშალეს.

გაფიცულების მთავარი მოთხოვნა ანაზღაურების გაზრდა და უსაფრთხო, ღირსეული შრომითი პირობებია.

“ჯორჯიან მანგანეზი”, ბოლო განცხადების თანახმად, მზადაა, კომპანიის ფინანსური მდგომარეობა დამოუკიდებელმა აუდიტმა შეისწავლოს და მაღაროელებისთვის ხელფასების მატება მიებას „სამომავლო ფინანსურ შედეგებს“.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლაშა თუთბერიძემ 19 ივნისს განაცხადა,  18 ივნისს დასაქმებულებთან გამართულ შეხვედრაზე „თითქმის ყველა საკითხზე შეჯერდნენ“, ხელფასის მატების გარდა. კომპანია დასაქმებულებს ხელფასის 5%-ით მატებას სთავაზობს.

მაღაროელებისთვის კომპანიის შეთავაზება მისაღები არ არის და პროტესტს განაგრძობენ მანამ, სანამ “ჯორჯიან მანგანეზი” მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი