ახალი ამბები

„ჯორჯიან მანგანეზი“: კომპანიის ფინანსური მდგომარეობა დამოუკიდებელმა აუდიტმა შეისწავლოს

19 ივნისი, 2023 •
„ჯორჯიან მანგანეზი“: კომპანიის ფინანსური მდგომარეობა დამოუკიდებელმა აუდიტმა შეისწავლოს

„ჯორჯიან მანგანეზი“ მზადაა, კომპანიის ფინანსური მდგომარეობა დამოუკიდებელმა აუდიტმა შეისწავლოს და მაღაროელებისთვის ხელფასების მატება მიებას „სამომავლო ფინანსურ შედეგებს“.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლაშა თუთბერიძემ განაცხადა, გუშინ, დასაქმებულებთან შეხვედრაზე „თითქმის ყველა საკითხზე შეჯერდნენ“, ხელფასის მატების გარდა. კომპანია დასაქმებულებს ხელფასის 5%-ით მატებას სთავაზობს.

„კომპანია წლებია, ზარალიანია. წლებია, კრიზისი ჭიათურაში გრძელდება. ჩვენ ვეძებთ კრიზისის დაძლევის გზებს. სახელმწიფოს მხრიდან შემოთავაზებული იქნა კომისიის შექმნა. ჩვენი მხრიდან სრული მზაობაა, დამოუკიდებელი აუდიტორი იქნას მოწვეული, შესწავლილი ფინანსური მდგომარეობა, აქვს თუ არა კომპანიას რესურსი, დამატებით 15%-ით გაუზარდოს თანამშრომლებს ხელფასი. მათთვის შეთავაზებული იქნა, რომ დავდოთ აუდიტის დასკვნა, არსებული ფინანსური მდგომარეობა ვნახოთ და მივებათ სამომავლო შედეგებს. საბოლოო ჯამში, მოლაპარაკება ჩიხში შევიდა“, — განაცხადა ლაშა თუთბერიძემ.

მისივე თქმით, კრიზისის დაძლევის გზად კომპანიას  მოლაპარაკება ესახება.

„ერთობლივად შევისწავლოთ, რა ხდება, რამ გამოიწვია ზარალიანობა, რატომ მივედით ამ შედეგებამდე, რა გამოსწორების გზებს ვთავაზობთ დასაქმებულებს და გამოვიყვანოთ კომპანია არსებული ფინანსური კრიზისიდან“, — თქვა მან.

კომპანია ირწმუნება, რომ დასაქმებულებს 12 საათის ნაცვლად, 8-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა შესთავაზეს.

ჭიათურაში მაღაროელები 2 კვირაა, რაც გაფიცულები არიან. მათი ნაწილი შიმშილობს. გუშინ, 18 ივნისს, პროტესტის ნიშნად ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, ერთმა კი თვითდაზიანებები მიიყენა.

მაღაროელების მთავარი მოთხოვნა ანაზღაურების გაზრდა და უსაფრთხო, ღირსეული შრომითი პირობებია.

ამ თემაზე:

მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა

„ჩათვალეთ, მაღაროელებს სიკვდილზე გვაქვს ხელი მოწერილი“ — რეპორტაჟი ჭიათურიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი