საზოგადოება

დაიტბორა სახლები, დაზიანდა გზები, გაზის მილები და განათების ბოძები — სტიქია გურჯაანში

16 ივნისი, 2023 • 1100
დაიტბორა სახლები, დაზიანდა გზები, გაზის მილები და განათების ბოძები — სტიქია გურჯაანში

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შემდეგ, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. სტიქიის შედეგად სახლები და ეზოები დაიტბორა. დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, განათების ბოძები და გაზის მილები.

ძლიერი წვიმა გურჯაანში 15 ივნისს მოვიდა. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, უხვი ნალექის გამო ხევებიდან წყალი გადმოვიდა და დატბორა როგორც ქალაქის ქუჩები, ისე მიმდებარე სოფლები.

გურჯაანის მერის პირველი მოადგილის, ლერი გელენავას ცნობით, მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირი, წყალი და ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

სტიქია გურჯაანში. 15.06.23 ფოტო: გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია

“გაზის მიწოდება ნაწილობრივ შეწყვეტილია გურჯაანიდან ვეჯინამდე… შუქი რამდენიმე უბანს არ მიეწოდება ქალაქში — [ჯამში], მუნიციპალიტეტის [მასშტაბით] 450 აბონენტს არ მიეწოდება დენი. წყალი ქალაქში რამდენიმე უბანს და სოფლებშიც, რამდენიმე სოფელია ასეთი”, — გვითხრა გელენავამ.

მისი თქმით, მოსახლეობისთვის ხსენებული რესურსების მიწოდების აღსადგენად მუშაობა მიმდინარეობს და პრობლემა 2 დღის ვადაში უნდა მოგვარდეს.

მერის მოადგილის თქმით, მოსახლეობას წყალი სახლებსა და ეზოებში შეუვარდა. მისივე თქმით, სტიქიის შედეგად გურჯაანის ცენტრში მოშლილია საგზაო ინფრასტრუქტურა, სოფლებში კი სავარგულებთან მისასვლელი და საუბნო გზებია დატბორილი.

“რამდენიმე მანქანა არის დატბორილი. სავარაუდოდ, 4-5 მანქანა, ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც გვაქვს”, — ამატებს ის.

ლერი გელენავას თანახმად, დაშავებული არავინაა, სტიქიის არეალში კი გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს როგორც გურჯაანის, ისე მეზობელი მუნიციპალიტეტების კუთვნილი მძიმე ტექნიკა.

“ზარალი ჯერჯერობით დათვლილი არ არის. შეიქმნება შესაბამისი კომისია და დავიწყებთ ზარალის აღწერას”, — აღნიშნავს ის.

გარეკანის ფოტო: სტიქია გურჯაანში. 15.06.23 © გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი