გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ორი არასრულწლოვანია.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა. მანქანა შეჯახების შედეგად ამობრუნდა და ცეცხლი წაეკიდა. მანქანიდან გადმოსვლა მოახერხა 2 მგზავრმა. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.








