ახალი ამბები

“მერისგან ვიბარებ ანგარიშს” — ხაბეიშვილი გურჯაანის სტიქიაზე

19 ივნისი, 2023 •
“მერისგან ვიბარებ ანგარიშს” — ხაბეიშვილი გურჯაანის სტიქიაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გურჯაანის მერის მოვალეობის შემსრულებელს, ლერი გელენავას შეხვდა გასულ კვირას კახეთში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით.

ხაბეიშვილის თქმით, გელენავასგან “ანგარიში ჩაიბარა” სტიქიით მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით და მისგან პირადად მოითხოვა სამუშაოების დაჩქარება.

ამის შესახებ ხაბეიშვილმა დღეს, 19 ივნისს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა:

“ამ წუთებში ვიმყოფები გურჯაანის მერთან – ლერი გელენავასთან და ვიბარებ ანგარიშს სტიქიით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით. ასევე, მივეცი პირობა, რომ ოპოზიციის მხრიდან ადგილობრივ დონეზე არანაირი ბიუროკრატიული პრობლემა არ ექნება მოქალაქეების საკეთილდღეოდ!

მერისგან პირადად მოვითხოვე სამუშაოების დაჩქარება და ზარალის დათვლის პროცესში ჩართულობა, რაზეც მივიღეთ პირობა, რომ შესრულდება. ცხადია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გააგრძელებს მონიტორინგს გურჯაანში განვითარებული მოვლენების, პირადად ვიქნები ჩართული და ეს საქმე მექნება პირად კონტროლზე აყვანილი”, — წერს ხაბეიშვილი.

აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით ნეტგაზეთი ესაუბრა მერის მოვალეობის შემსრულებელს, ლერი გელენავასაც. მისი თქმით, მისი და ლევან ხაბეიშვილის შეხვედრა 3-4 წუთს გაგრძელდა:

“სპონტანური შეხვედრა იყო. შემოვიდა მერიაში. დერეფანში გადავეყარეთ ერთმანეთს. შემოვიყვანე კაბინეტში, ვისაუბრეთ. მას აინტერესებდა, წმინდა ნინოს ქუჩაზე ორი ავტომანქანა რატომ არ იყო გატანილი, რაზეც ვუთხარი, რომ კერძო საკუთრებაა და მეპატრონის გარეშე ხელს ვერ ვახლებდით.

ასევე აინტერესებდა ინფრასტრუქტურის საკითხები, რაზეც ვუთხარი, რომ დაზიანებულ გზებთან დაკავშირებით ჩვენი ინფრასტრუქტურა აქტიურად მუშაობს და უმოკლეს ვადაში დაიდება ზარალის ოდენობა და რა თანხა დასჭირდება. მან გამოთქვა დახმარების სურვილი. რასაკვირველია, დახმარება მათ არაფერში შეუძლიათ”, — განაცხადა გელენავამ ნეტგაზეთთან.

ხუთშაბათს, 15 ივნისს, გურჯაანში  ძლიერი წვიმის, სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად ათამდე სოფელი დაზიანდა. მათ შორის, ხევებიდან გადმოსულმა წყალმა დააზიანა მანქანები და ინფრასტრუქტურა. მოვარდნილმა ნიაღვარმა წაიღო საფეხმავლო ხიდი, ასევე, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და კომერციული ფართები. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი