საზოგადოება

დარჩება თუ არა დეოლიგარქიზაციის რეკომენდაცია 12 პუნქტში – ევროკომისიის პასუხი

15 ივნისი, 2023 • 1957
დარჩება თუ არა დეოლიგარქიზაციის რეკომენდაცია 12 პუნქტში – ევროკომისიის პასუხი

ევროკომისიის განცხადებით, დეოლიგარქიზაცია საქართველოს 12-პუნქტიან რეკომენდაციებში დარჩება.

თუმცა ნეტგაზეთისთვის ევროკომისიიდან გამოგზავნილ წერილობით პასუხში ნათქვამია, რომ დეოლიგარქიზაციის მისაღწევად საქართველომ  პერსონალურის ნაცვლად სისტემური მიდგომა უნდა გამოიყენოს.

ევროკომისია კიდევ ერთხელ აზუსტებს, რომ საქართველოს მოეთხოვება, დეოლიგარქიზაცია განახორციელოს: ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადაჭარბებული პირადი ინტერესების და გავლენის აღმოფხვრის გზით.

ამასთან, ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ ყველა ნაბიჯი საჭიროებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულ შესრულებას.

„კერძოდ, უნდა იქნას გამოყენებული სისტემური მიდგომა, ნაცვლად პირადი მიდგომისა. აღსანიშნავია ორივე მოსაზრებაში ვენეციის კომისიის გაფრთხილება, რომ პერსონალური მიდგომა, სავარაუდოდ, არაეფექტური იქნება და „რისკის შემცველი, რადგან შესაძლოა, ეს გახდეს სახიფათო იარაღი ხელისუფლებაში მყოფებისთვის პოლიტიკური ოპონენტების დევნის მიზნით“.

ევროკომისია რეგულარულად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას სისტემური მიდგომა, როგორც ეს არის ასახული ვენეციის კომისიის მოსაზრებაში. ასეთი მიდგომა უნდა მოიცავდეს უამრავ საკითხს, როგორიცაა პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და საარჩევნო კამპანიის წესების გაძლიერება, არსებული კონტროლის მექანიზმების, საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილებას, კონკურენციის პოლიტიკას, მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლას, სახელმწიფო შესყიდვებში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაცვას, მედიის პლურალიზმისა და მედიის მფლობელობის გამჭვირვალობის გაძლიერებას და სხვა მრავალ საკითხს“, – აცხადებს ევროკომისია.

ევროკომისია ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ წერილში ხაზს უსვამს, რომ მართლმსაჯულების სისტემის საფუძვლიანი რეფორმა ამ რთული პრიორიტეტის გადაწყვეტის განუყოფელი ნაწილია.

„ეს პრიორიტეტი [დეოლიგარქიზაცია] ძალაში რჩება საქართველოსთვის და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უნდა მოგვარდეს. ევროკომისია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ამ პროცესში“, – აცხადებს ევროკომისია.

რა ხდება?

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2022 წლის ივნისში ევროკომისიამ საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია წარუდგინა. 12 პუნქტში ერთ-ერთი პრიორიტეტი დეოლიგარქიზაციაა.

დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციის შესასრულებლად მმართველმა პარტიამ უკრაინის კანონის მაგალითზე კანონპროექტი მოამზადა, რომელიც ოლიგარქების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს და აცხადებს, რომ ეს კანონი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება. თუმცა, მათი თქმით, დეოლიგარქიზაციის კრიტერიუმებში ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი ჯდება.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად „ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას არ აპირებდა, კრიტიკის შემდეგ დოკუმენტი ევროპულ სტრუქტურაში მაინც გაგზავნეს.

ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით შუალედური მოსაზრება მარტში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავდა, რომ საქართველოდან გაგზავნილი დოკუმენტი პერსონალურ მიდგომებს ეფუძნება და არ არის სისტემური, რომელიც მოემსახურებოდა ინსტიტუციებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებას.

ვენეციის კომისიის შუალედური მოსაზრების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შეიტანა და შეფასებისთვის ისევ ვენეციის კომისიაში გააგზავნა. ვენეციის კომისიამ საბოლოო მოსაზრება 12 ივნისს გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის კანონპროექტი ოლიგარქიული ზეგავლენის დამარცხებისთვის არაეფექტურია და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნაცვლად ხარვეზიანი კანონპროექტის მიღებისა, საქართველომ ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლაში სისტემური მიდგომა უნდა დანერგოს.

ვენეციის კომისიის მოსაზრებას იზიარებს ევროკავშირიც. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული.

თუმცა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება საკმარისი არ არის. მისი თქმით, საჭიროა, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხი ევროკომისიამ 12-პუნქტიანი რეკომენდაციებიდან ამოიღოს.

კობახიძის თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მმართველი გუნდი მესამე მოსმენითაც მიიღებს და ევროკომისიის შეფასებას დაელოდება. მისი თქმით, თუ ევროკომისია ამ საკითხს 12 პუნქტიდან ამოიღებს, მაშინ „ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის კანონს აღარ აამოქმედებს და თებერვალში გააუქმებს.

„ე.წ. სისტემური მიდგომა პრობლემის გადაწყვეტას საერთოდ არ უზრუნველყოფს. მაგალითად, კეზერაშვილი ღიად აფინანსებს პარტიებს, NGO-ებს, მედიასაშუალებებს. ვერც ერთი სისტემური რეფორმა ამ პრობლემას ვერ გადაჭრის. თუ პერსონალიზებული მიდგომა არ დანერგე, კეზერაშვილის პრობლემა ქართულ პოლიტიკაში ვერ გადაიჭრება“,- აცხადებს ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი