საზოგადოება

ალიანსები ოპოზიციაში?! – რომელი პარტია რას ფიქრობს

12 ივნისი, 2023 • 1026
ალიანსები ოპოზიციაში?! – რომელი პარტია რას ფიქრობს

უკანასკნელ დღეებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შესაძლო წინასაარჩევნო ერთობაზე — ან ერთობებზე — მსჯელობენ.

დისკუსია განსაკუთრებით გაფართოვდა მას შემდეგ, რაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თქვა, რომ “ბიძინა ივანიშვილის დამარცხების გასაღები” სწორედ ენმ-ს აქვს.

“ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით კი არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს… მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5 და 7% მიიღონ, რათა ხვალ- ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა”, — დასძინა “პალიტრა ნიუსთან” ინტერვიუში ხაბეიშვილმა სხვა ოპოზიციური პარტიების მისამართით.

რას ფიქრობენ სხვა სუბიექტები “ნაციონალურ მოძრაობასთან” წინასაარჩევნოდ გაერთიანების იდეაზე? შეიძლება თუ არა, ვიხილოთ ალიანსი, თუმცა ენმ-ის გარეშე?

“ნეტგაზეთი” ოპოზიციური პარტიების მოსაზრებებს წარმოგიდგენთ.

“ლელო”

პარტია “ლელო” ხაბეიშვილს არ ეთანხმება და მხარს უჭერს ისეთი ოპოზიციური გაერთიანების შექმნას, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება.

პარტიის ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის სიტყვებით, “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” მიერ შექმნილი ორპოლუსიანი ველი “აბსოლუტურად ხელს აძლევს” მმართველ პარტიას.

“ჩვენ ხელს შევუწყობთ ასეთი პროევროპული პარტიების ერთობის შექმნას, რომელიც ორიენტირებული იქნება სწორედ იმაზე, რომ დაამსხვრიოს ეს ორპოლუსიანობა; იმუშავებს იმ ელექტორატთან, რომელიც არ აპირებს, ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“.

“სწორედ ეს არის გასაღები “ქართული ოცნების” დამარცხებისა და შეცვლისა”, — ამბობს ჯაფარიძე “პალიტრა ნიუსთან” საუბრისას.

“საქართველოსთვის”

პარტიაში, რომელიც დაარსების დღიდან პოზიციონირებს გზავნილით “არც ოცნება, არც ენმ”, ხაბეიშვილის განაცხადს არ ეთანხმებიან და ხაზს უსვამენ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” გასული 11 წლის მანძილზე ვერ შეძლო, ხელისუფლებიდან ჩამოეშორებინა მმართველი პარტია.

“ჩვენ, მაგალითად, შევძელით ის, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ 6 მუნიციპალიტეტში არც ენმ-აა ხელისუფლებაში ერთპარტიულად და არც ქართული ოცნება”, — თქვა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.

იგი პარტიებს სთავაზობს, არჩევნებამდე საკუთარი ამომრჩევლის რაოდენობის გაზრდაზე იზრუნონ, რათა “ქართულმა ოცნებამ” და ენმ-მ ერთად ვერ გადალახონ 50%”.

“ყველა საუბარი პარტიების გაერთიანებაზე და რაღაც საერთო სიების შექმნაზე არჩევნებამდე, ეს ემსახურება არა იმას, რომ ვიღაცას სურს, ოპოზიციაში გადაიყვანოს “ქართული ოცნება”, არამედ ემსახურება იმას, რომ ვიღაცები მოხვდნენ პარლამენტში”, — დასძენს ლილუაშვილი.

“სტრატეგია აღმაშენებელი”

“სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ, შესაძლო წინასაარჩევნო ალიანსზე საუბრისას ჟურნალისტებს უთხრა:

“თუ ვინმე აპირებს “ქართული ოცნების” ისე დამარცხებას, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” არ აპირებს კოალიციის გაფორმებას, ისეთი ოპოზიციური ძალა, რომელიც მარტო აიღებს 51%-ს, მე არ ვიცი”.

მანჯგალაძის სიტყვებითვე, ტექნიკური საკითხია, კოალიცია არჩევნებამდე ჩამოყალიბდება თუ არჩევნების შემდეგ.

ამ საკითხზე “ნეტგაზეთმა” პარტიის კიდევ ერთ წარმომადგენელს, სერგო ჩიხლაძეს ჰკითხა. მისი თქმით, იდეალური იქნებოდა “ერთი დიდი ოპოზიციური გაერთიანება, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობისა” და სხვა ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით.

“ეს უფრო ეფექტური იქნებოდა. მაგრამ თუ ეს ვერ ხერხდება, ამაშიც ვერ ვხედავ ტრაგედიას. შეიძლება იყოს ორი ასეთი გაერთიანება ან სამი. მთავარია, რომ ეს სამივე იყოს ძლიერი, ერთმანეთს ვაძლიერებდეთ და არ ვასუსტებდეთ”, — აღნიშნავს ის.

ჩიხლაძის სიტყვებით, “სტრატეგია აღმაშენებლისთვის” არ არსებობს წითელი ხაზი პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობის კუთხით.

ვინაიდან 2024 წლის არჩევნებზე პარტიებს ბლოკებში გაერთიანების საშუალება აღარ ექნებათ, სერგო ჩიხლაძე ერთიანი საარჩევნო სიების ფორმირების შესაძლებლობასაც განიხილავს.

“ეს იქნება ერთი დიდი სია — ყველა ოპოზიციური პროდასავლური ძალა “ქართლი ოცნების” წინააღმდეგ — თუ ორი დიდი ოპოზიციური დაჯგუფება ან სამი, ამის თქმა ჯერჯერობით ძალიან ადრეა”, — ამატებს ის.

“გირჩი”

“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია არ ფიქრობს, რომ ხაბეიშვილის მიპატიჟება მის პარტიასაც ეხებოდა.

“უფრო ეხებოდა იმ ხალხს, რომლებიც ისედაც მიდრეკილნი არიან ნაცობისკენ”, — ამბობს ხვიჩია.

ის ენმ-სთან გაერთიანების იდეას არ იზიარებს, ვინაიდან ფიქრობს, რომ მსგავსი გაერთიანების პირობებში თამაშის წესებს ენმ დაადგენს, სხვა პარტიები კი აღნიშნულ წესებს უნდა დათანხმდნენ პარლამენტში შეყვანის სანაცვლოდ.

“[ეს] ბელადზე აწყობილი ტაქტიკაა… ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მიშას სახით ბელადის არჩევით ქართული ოცნება არ მარცხდება”, — გვეუბნება იაგო ხვიჩია.

მისი სიტყვებით, შეიძლება მართალი იყოს, რომ ენმ-ის ხმების გარეშე “ქართული ოცნება” ვერ დამარცხდება, თუმცა ხვიჩია ფიქრობს, რომ არჩევნებამდე ყველა პარტიამ ისე უნდა იმუშაოს, როგორც თავად წარმოუდგენია:

“ბოლოს თუ დადგება ის საკითხი, რომ “ოცნება” ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს ისე, რომ ენმ არ შეიცვალოს, მე მირჩევნია, პოლიტიკური კრიზისი გამოვიწვიოთ და თავიდან ჩავატაროთ არჩევნები.

საბოლოო ჯამში, ადამიანები მიხვდებიან, რომ ასე ენმ-ის გაჯიუტება, რომ “თუ მე არ მოვალ ერთპიროვნულ ხელისუფლებაში, მანამდე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქოცები არ წავიდნენ”, საბოლოო ჯამში, მათთვის იმუშავებს ყველაზე ცუდად.

ხვიჩიას აზრით, “გირჩს” არც “ლელოს” განცხადება ეხებოდა ენმ-ის გარეშე ალიანსის შექმნის შესახებ, ვინაიდან “გირჩი” “ლელოს” პოლიტიკურ შესაძლებლობებში დარწმუნებული არ არის.

“გირჩი — მეტი თავისუფლება”

“მე გამოვრიცხავ მაგას”, — თქვა “გირჩი — მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, როცა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ უთხრა, რომ მისი აზრით, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “დროა” და “გირჩი” საბოლოოდ ენმ-ის სიით გავლენ არჩევნებზე.

ახლა, ამ მოცემულობაში, ეგეთი რაღაც შეუძლებელი მგონია. მე არ ვიცი, რა შეიძლება მოხდეს ამ ქვეყანაში, მაგრამ ამ წუთში ეგ არ მგონია გამარჯვების ფორმულა და ამიტომ გამოვრიცხავ”, — დასძენს ჯაფარიძე, ხაბეიშვილის განცხადებას კი “ერთდღიანი ნიუსის შექმნის” მცდელობად აფასებს.

“თუ მართლა რაღაცის გაკეთება გინდა, პარტიებს ტელევიზიით არ ეძახი”, — დასძენს ის.

მეორე მხრივ, ჯაფარიძე ამბობს, რომ ცალკე აღებულ არცერთ ოპოზიციურ პარტიას შესწევს ძალა, დაამარცხოს “ქართული ოცნება”.

“ერთადერთი გზა ამ სისტემის დამარცხებისა არის ის, რომ მოხდეს რაღაც ტიპის კონსოლიდაცია ოპოზიციურ, აქეთა ველზე. ეს მარტო პარტიების ამბავი არ არის: ეს უნდა იყოს პარტიებიც, მედიაც და სამოქალაქო სექტორიც.

“იმათ[მმართველ ძალას] ვერ დაამარცხებ რაღაც ფინანსური რესურსებით. იმათ დაამარცხებს მარტო იდეა, [რომელიც] ამ შემთხვევაში იქნება ძალიან მარტივი: დასავლეთი თუ რუსეთი”, — აღნიშნავს ზურაბ ჯაფარიძე.

“ევროპული საქართველო”

“ევროპული საქართველო” ენმ-სთან ალიანსს არ განიხილავს. აღნიშნულის შესახებ პარტიის ლიდერი გიგა ბოკერია საუბრობს ვიდეო-კომენტარში, რომელიც “ნეტგაზეთს” პარტიის პრესსამსახურიდან გამოუგზავნეს.

“ჩვენი ამოცანაა ის, რომ ახლა უნდა გავაფართოოთ იმ მოქალაქეთა [რიგები], ვისაც პოლიტიკური რწმენა ექნება ჩვენი ძალისა და მზად იქნება წამოგვყვეს ამ ბრძოლაში საარჩევნოდ და არჩევნების შემდეგ, თუ საჭირო იქნა.

როცა სწორი მომენტი მოვა, მაშინ შევაფასოთ, როგორია ჩვენი ძალები და იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც ფასეულობებით ახლოს არიან ჩვენთან, ვიფიქროთ შესაძლო თანამშრომლობაზე.

“ნაციონალური მოძრაობა” არ განიხილება, როგორც შესაძლო პარტნიორი ჩვენთვის”, — აღნიშნავს ბოკერია.

“მოქალაქეები”

ალეკო ელისაშვილის მიერ დაფუძნებული პარტია “მოქალაქეები” ხაბეიშვილის განცხადებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. პარტიის გენერალური მდივნის, ივანე ნორაკიძის სიტყვებით, “ენმ-ს აქვს არა “ოცნების” დამარცხების, არამედ “ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გაგრძელების გასაღები”.

“სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” უგუნური პოლიტიკაა ის, რაც ასულდგმულებს ქართულ ოცნებას. პირიქით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ “ქართული ოცნების” დამარცხების ერთადერთი გზა არის ალტერნატიული პოლიტიკური ძალების გაერთიანება, სადაც არ იქნება ენმ”, — ეუბნება ნორაკიძე “ნეტგაზეთს”.

ვინ შეიძლება იყვნენ ეს ძალები, ნორაკიძე ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ საუბარია ყველა იმ პოლიტიკურ ძალაზე, “ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის დასავლური ინტეგრაცია და ნატოში და ევროკავშირში მისი გაერთიანება და ამავდროულად არ მოსწონს ის მდგომარეობა, რასაც ხელისუფლება არგაღიზიანების პოლიტიკას ეძახის და რეალურად საქართველოს რუსეთიზაცია ხდება”.

ნორაკიძე ფიქრობს, რომ ენმ-ის გარეშე მმართველი პარტიის დამარცხება შესაძლებელია, “თუკი დანარჩენი ოპოზიცია ვიყოჩაღებთ, გავერთიანდებით და დავარწმუნებთ ამომრჩეველს, რომ ამ ქვეყნისთვის კარგი გვინდა და შეგვიძლია, უფრო მეტი გავუკეთოთ, ვიდრე უკეთებს ქართული ოცნება”.

“დროა”

ელენე ხოშტარიას მიერ დაფუძნებული “დროას” წარმომადგენელი, გიგა ლემონჯავა ამბობს, რომ ოპოზიციის ერთიანობა მნიშვნელოვანია, თუმცა ეს მხოლოდ საარჩევნო ერთიანობას არ გულისხმობს.

“ჩემი აზრით, ფუნდამენტური შეცდომა, რომელსაც ოპოზიცია უშვებს, არის ის, რომ ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლა დაგვყავს მხოლოდ საარჩევნო პროცესამდე. ეს გარდაუვალი მარცხის წინაპირობაა…

ამ რუსულ ავტორიტარულ რეჟიმთან დაპირისპირებაში ჩვენ ერთიანი ძალისხმევა უნდა მივმართოთ პროტესტისკენ, საგარეო კომუნიკაციისკენ… სანამ არჩევნებამდე მივალთ, საკმაოდ ბევრი საქმეა გასაკეთებელი ერთად”, — ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

მისი თქმით, უკეთესი საარჩევნო ტაქტიკაა, თუ “ენმ არჩევნებზე გავა ცალკე და დანარჩენი დემოკრატიული და პროდასავლური ოპოზიცია შექმნის ცალკე პოლუსს”.

როცა ვეკითხებით, რატომ ფიქრობს ასე, ლემონჯავა გვპასუხობს:

“ვფიქრობ, “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს ტრადიციული ამომრჩეველი, რომელიც მას ხმას აძლევს, თუმცა ქვეყანაში ასევე არის ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც არ უნდა “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში და ასევე არ უნდა, რომ ხმა მისცეს ენმ-ს.

ასეთი ბიპოლარული დაპირისპირების ფონზე, “ქართული ოცნება” აღწევს ხოლმე წარმატებას. ვფიქრობ, თუ იარსებებს ალტერნატიული ცენტრი, ეს იქნებოდა უკეთესი ამ ტიპის ელექტორატის გააქტიურებისთვის”, – ამბობს “დროას” ერთ-ერთი ლიდერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი