მიმდინარე წელს საქართველოში გამოვლენილი ცოფის შემთხვევები წინა ორი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ შემთხვევებს პირველ ხუთ თვეშივე აჭარბებს.
უფრო ზუსტად, 2023 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით პერიოდში საქართველოში ცოფი 45 ცხოველს დაუდგინდა მაშინ, როცა 2022 წლის 12 თვის განმავლობაში ქვეყანაში ცოფის 31 შემთხვევა იყო აღრიცხული, 2021 წელს კი — 40.
ტენდენცია საყურადღებოა იმ ფონზეც, რომ ცოფის გავრცელებას სეზონურობა ახასიათებს. ვირუსის გავრცელების პერიოდად ზაფხულის დასაწყისი მიიჩნევა, საქართველოში კი შემთხვევების გამოვლენა ადრეულ გაზაფხულზე დაიწყო და მაისის ბოლოს 45-ს მიაღწია.
როგორია ცოფის გავრცელების სტატისტიკა საქართველოში
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნეტგაზეთისთვის მოწოდებული 2016-2022 წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ცხოველებში ვირუსის გამოვლენის მაჩვენებელს კლების ტენდენცია ახასიათებდა.
ყველაზე მეტი, 54 ცხოველი, ცოფით 2020 წელს დაავადდა. აღნიშნულ მონაცემთან ახლოს 2016 წლის მაჩვენებელია, როდესაც ცხოველებში ცოფის 53 შემთხვევა აღირიცხა.
2023 წლის პირველ 5 თვეში ყველაზე მეტი ცოფის შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აღირიცხა (17). მეორე ადგილს რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი იკავებს, სადაც იანვრიდან მაისის ჩათვლით პერიოდში ცოფით 14 ცხოველი დაიღუპა, იმერეთში 11 შემთხვევა გამოვლინდა, თბილისში, კახეთსა და სამცხე- ჯავახეთში — თითო-თითო.
ვეტერინარი მარიამ ჩხიკვიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას განმარტავს, რომ წელს საქართველოში ცოფის შემთხვევების გამოვლენა ძალიან ადრე დაიწყო. სპეციალისტის თქმით, ვირუსი ზამთარში აქტიური არაა, რადგანაც თავად ცხოველებიც ცივი სეზონის განმავლობაში უფრო პასიურები არიან, არ გადაადგილდებიან და დაავადებაც ნაკლებად ვრცელდება, ზაფხული კი ცოფის სეზონად მიიჩნევა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, ცხოველების სახეობის მიხედვით, ყოველწლიურად ცოფის ყველაზე მეტი შემთხვევა ძაღლებში ვლინდება, თუმცა შემთხვევები აღრიცხულია როგორც კატებში, ასევე სხვა შინაურ და გარეულ ცხოველებში.
არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, ძაღლებში გამოვლენილი ცოფის შემთხვევებიდან რამდენი ცხოველი იყო მიუსაფარი და რამდენს ჰყავდა პატრონი. თუმცა ვეტერინარი აღნიშნავს, რომ მიუსაფარი ცხოველების ჰიპერპოპულაციისა და აცრების თვალსაზრისით ნაკლები დაფარვის გამო, შესაძლოა, შემთხვევების მეტი წილი სწორედ მათზე მოდიოდეს.
მიუხედავად ამისა, მარიამ ჩხიკვიშვილი „ნეტგაზეთთან“ განმარტავს, რომ ცოფის შემთხვევები ხშირია პატრონიან ცხოველებშიც:
„ალბათ, რაოდენობრივად მეტი იქნება მიუსაფარი ძაღლებში იმიტომ, რომ თავად ეს ცხოველებიც მეტნი არიან, ვიდრე პატრონიანები. თუმცა, საბოლოო ჯამში, პატრონიანებთან არ უნდა გვიფიქსირდებოდეს ცოფი, არადა, გვიფიქსირდება“, — აღნიშნავს ვეტერინარი.
რაც შეეხება ადამიანებზე ცოფის გადადებას, 2023 წელს ამგვარი შემთხვევა არ ფიქსირდება, 2022 წლის მონაცემები „დაავადებათა კონტროლის ეროვნულ“ ცენტრს ამ დრომდე გამოქვეყნებული არ აქვს, თუმცა 2021 და 2019 წლებში ქვეყანაში ცოფით თითო ადამიანი დაავადდა, 2018 წელს კი — 2. 2016-2017 წლებში, ისევე, როგორც 2020 წელს, ადამიანებში ცოფის შემთხვევა საქართველოში არ დაფიქსირებულა.
ცოფის საწინაარმდეგო ვაქცინაცია
გამომდინარე იქიდან, რომ ცოფის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაავადება მკურნალობას არ ექვემდებარება და შემთხვევების 100% სიკვდილით სრულდება, განსაკუთრებული მნიშვნელობა დაავადების პრევენციას ენიჭება, რაც პროფილაქტიკურ და იძულებით ვაქცინაციაში გამოიხატება.
პროფილაქტიკური ვაქცინაცია ცხოველებში, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ძაღლებსა და კატებს წელიწადში ერთხელ უნდა ჩაუტარდეთ. იძულებითი ვაქცინაცია კი ცოფის შემთხვევის გამოვლენის შემდეგ საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში ტარდება. ასეთ დროს შემთხვევის ადგილიდან სამი კილომეტრის რადიუსში კარანტინი ცხადდება და ამ არეალში მობინადრე ყველა ცხოველი ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით იცრება.
ერთ-ერთი უწყება, რომელიც ცხოველებში ცოფის ვაქცინაციას ეწევა, სურსათის ეროვნული სააგენტოა. სააგენტო როგორც პატრონიან, ასევე მიუსაფარ, თუმცა მიკედლებულ ცხოველებს მიმართვის საფუძველზე უსასყიდლოდ ცრის. ამასთან, უწყება ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს ამგვარი ცხოველების აცრას. თუმცა, როგორც უწყებაში განმარტავენ, მიუსაფარი ცხოველების შემთხვევაში, რომლებსაც არ ჰყავთ მიმკედლებლები, მათი შესაძლებლობები მწირია. სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, მათ არ ჰყავთ პერსონალი და არც უფლებამოსილება აქვთ, რომ ქუჩის ცხოველები დაიჭირონ და ვაქცინაცია ჩაუტარონ. აღნიშნული ვალდებულება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს აქვს, რომელიც მიუსაფარ ცხოველებს ვაქცინაციასა და სტერილიზაცია/კასტრაციას უნდა უტარებდეს დაავადების გავრცელების შემცირებისა და პოპულაციის კონტროლისთვის.
სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული მონაცემების მიხედვით, სააგენტომ გასულ წელს ცოფის საწინაღმდეგო აცრა 309 404 ცხოველს ჩაუტარა. უწყების მიერ გამოგზავნილი სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლიდან ჩატარებული აცრების რაოდენობა წლების მიხედვით მზარდია, თუმცა აღნიშნული სტატისტიკა მხოლოდ სააგენტოს მიერ ჩატარებულ აცრებს ითვალისწინებს და მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში მყოფ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოების მონაცემებს არ მოიცავს.
სააგენტოს მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც პროფილაქტიკური ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, იძულებითი (ანუ საკარანტინო ღონისძიების ფარგლებში) აცრების რაოდენობა შედარებით დაბალია, რაც პროფილაქტიკური აცრების ეფექტიანობისთვის კიდევ ერთი არგუმენტი შეიძლება იყოს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ნეტგაზეთს“ ასევე მიაწოდა შესყიდული ვაქცინების შესახებ ინფორმაციაც. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2023 წელს სააგენტომ რეკორდული რაოდენობა — 400 000 დოზა — შეიძინა და ამაში 300 000 ლარი გადაიხადა.
„ნეტგაზეთმა“ ანალოგიური სტატისტიკური მონაცემები მუნიციპალიტეტებისგანაც გამოითხოვა, თუმცა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხი კანონით დადგენილ ვადაში მხოლოდ ბათუმის მერიისგან მივიღეთ.
„ნეტგაზეთის“ წერილის საპასუხოდ, ბათუმის მერიაში განგვიცხადეს, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიუსაფარი ცხოველების საერთო რაოდენობა აღრიცხული არ არის. თუმცა მუნიციპალიტეტს უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ქვეპროგრამა აქვს, რაც 4 600 ცხოველის მომსახურებას, მათ შორის სტერილიზაციასა და ვაქცინაცია/რევაქცინაციას ითვალისწინებს.
ბათუმის მერიის თქმით, მუნიციპალური ინსპექცია ცხოველებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით 2020 წლიდან ცრის. ვაქცინაციის სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:
გარდა ამისა, საჯარო ინფორმაციის სახით სტატისტიკური მონაცემები ცოფის აცრებსა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შესახებ „ნეტგაზეთმა“ ინფორმაცია თბილისის, ქობულეთის, ხონის, მარტვილის, ამბროლაურის და ქუთაისის მერიებიდან გამოითხოვა, თუმცა კანონით გათვალისწინებული 10 სამუშაო დღის ვადაში პასუხი მათგან ვერ მიიღო.
რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ცოფის ვაქცინებს, ვეტერინარი განმარტავს, რომ პრეპარატი ევროკავშირის მიერ აკრედიტებული უნდა იყოს. მარიამ ჩხიკვიშვილის თქმით, ვაქცინების უმეტესობა, რაც ქვეყანაში შემოდის, სწორედ ასეთია და მწარმოებლის მიერ ეფექტიანობა 98%-ითაა შეფასებული. თუმცა, ვეტერინარის თქმით, ასეთ დროს პრეპარატის ეფექტურობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორისაა როგორც ვაქცინის ტრანსპორტირებისას ცივი ჯაჭვის პრინციპის დაცვა, ასევე, ასაცრელი ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა:
„ეფექტურობა დამოკიდებულია, თუ როგორ მოხდა ვაქცინის ტრანსპორტირება, როგორ ინახებოდა ტრანსპორტირების შემდეგ გამოყენებამდე ეს ვაქცინა და, რაც ყველაზე მთავარია, ცხოველის აცრისას რამდენად იყო წესები დაცული. აიცრა თუ არა ჯანმრთელ კონდიციაში, იყო თუ არა ჭიებზე დამუშვებული, იმიტომ, რომ ესეც აფერხებს იმუნიტეტის გამომუშავებას, და კიდევ როგორი ზოგადი იმუნიტეტით ხასიათდება ის ცხოველი“, — აღნიშნავს ვეტერინარი.
მისი თქმით, მიუხედავად ფაქტორების სიმრავლისა, ვაქცინები მაინც მაღალი ეფექტიანობით ხასიათდება და მის პრაქტიკაში აცრილი ცხოველების მხოლოდ 1%-ში შეიძლება გამოვლინდეს ანტისხეულების სუსტი ოდენობა.
ვეტერინარული კლინიკების ქსელის „ვეტექსის“ მთავარი ვეტერინარი განმარტავს, რომ ვაქცინა არც ცხოველის ზრდაზე მოქმედებს და არც ყნოსვასა და სხვა უნარებზე. შესაბამისად, წელიწადში ერთხელ ყველა ჯიშის ძაღლისა და კატის აცრა აუცილებელია. მარიამ ჩხიკვიშვილის თქმით, აცრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ჯიშის ძაღლებში, რომლებიც სანადიროდ გამოიყენება, რადგანაც მათ გარეულ ცხოველებთან აქვთ პირდაპირი შეხება.
რაც შეეხება ვაქცინების შენახვის წესების დაცვას, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2016 წლიდან დღემდე უწყებას ვეტერინარულ კლინიკებსა და ზოომაღაზიებში ვაქცინების წესის დარღვევით შენახვის არცერთი შემთხვევა არ გამოუვლენია.
„ნეტგაზეთთან“ საუბარში მარიამ ჩხიკვიშვილიც აცხადებს, რომ ქვეყანაში ვაქცინა ცივი ჯაჭვის პრინციპით ჩამოდის და ცივ მდგომარეობაში ნაწილდება ვეტერინარულ კლინიკებში, სადაც პრეპარატს მაცივარში ათავსებენ, თუმცა, ვეტერინარის თქმით, ამ დრომდე არის შემთხვევები, როცა მეპატრონეები ვაქცინებს ზოომაღაზიებში ყიდულობენ და შინ მისულები საკუთარ ცხოველებს თავად ცრიან — გზაში კი შენახვის პირობებს არ იცავენ:
„საზღვარგარეთ ვერ ნახავთ, რომ ზოომაღაზიაში იყიდებოდეს ვაქცინა. ერთ-ერთ ბაზრობაზე ძალიან ჭარბად არის მაღაზიები, სადაც რამდენად აქვთ დაცული ეს ცივი ჯაჭვის პრინციპი, არ ვიცი. პლუს, ადამიანები ყიდულობენ ამ ვაქცინას, იდებენ ჯიბეში და სახლში რომ ჩაიტანს, სულაც არ იქნება ის ვაქცინა ვარგისიანი, უკეთებს და ჰგონია, რომ გაუკეთა აცრა. ვაქცინაციას უნდა ატარებდეს ვეტერინარი და არა მეპატრონე და თუ ამ ყველაფერს მოვაქცევთ იმ ჩარჩოში, რაც საჭიროა, დაცულობის ხარისხი იქნება კიდევ უფრო კარგი“, — აცხადებს ვეტერინარი.
რა არის გამოსავალი და როგორია საუკეთესო პრაქტიკა
ვეტერინარი მიიჩნევს, რომ ერთადერთი სწორი ქმედება, რომელიც საბოლოო ჯამში ქვეყანას იმ წერტილამდე მიიყვანს, რომ ცოფის შემთხვევები აღარ დაფიქსირდება, ცხოველთა ვაქცინაციაა და პოპულაციის კონტროლია მათი სტერილიზაცია/კასტრაციის გზით:
„ჩვენი, ადამიანების დანაშაულია, რომ ეს დაავადება საქართველოში ამ დრომდე გვიფიქსირდება. ვისაც მიკედლებული ჰყავს ეს ცხოველები, ისინი ზუსტადაც რომ ზრუნავენ მათ აცრაზე. აქ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც თავად ჰყავთ ცხოველები, ბავშვებთან ერთად, და არ ცრიან, მათზე, ვინც ამრავლებენ და მას შემდეგ, რაც ვერ გაყიდიან ცხოველებს, „ყრიან“. ქართულ რეალობაში როგორც ცოფის გავრცელება, ასევე მიუსაფარი ცხოველების ჰიპერპოპულაცია მათი დანაშაულია“, — ამბობს ვეტერინარი.
მარიამ ჩხიკვიშვილის თქმით, ზუსტი მონაცემი, თუ რამდენი მიუსაფარი ცხოველია ქვეყნის მასშტაბით ქუჩაში, არავინ იცის. მსგავსი აღრიცხვის ჩატარება სურსათის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციებში არ შედის, თავად მუნიციპალიტეტები კი როგორ ახორციელებენ ამას — უცნობია.
თბილისის მერიამ დედაქალაქის ფარგლებში მიუსაფარი ცხოველების აღწერა ბოლოს 2015 წელს ჩაატარა, თუმცა, როგორც მარიამ ჩხიკვიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აცხადებს, სადავოა ის მეთოდოლოგია, რომელიც მაშინ მერიამ გამოიყენა:
„დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს დააკავებინეს ფურცლები, ხელფასი რაც ჰქონდათ, იგივე დაუტოვეს და ასეთ არადაინტერესებულ ხალხს უნდა მოენიშნა, რა უბანში რა ძაღლს ხედავდა, ხედავდა თუ არა ერთსა და იმავე ძაღლს ორი და სამი დღის განმავლობაში. კაცმა არ იცის, შეიძლება, სულაც დაეზარა იმ ადამიანს და არ მონიშნა“, — ამბობს მარიამ ჩხიკვიშვილი.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 2015 წლის ანგარიშში მართლაც ნათქვამია, რომ 2015 წელს პირველად განხორციელდა „უპატრონო ცხოველების სრულყოფილი დათვლა“ და იმ დროისთვის მათი რაოდენობა 43 ათასს აჭარბებდა. თუმცა ანგარიშში არაფერია ნათქვამი მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით და მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ მეთოდოლოგია სამუშო ჯგუფმა შეიმუშავა, რომელშიც გაერთიანებული იყვნენ „დარგის ცნობილი სპეციალისტები და ექსპერტები (ბიოლოგიის, ეტიოლოგიის, ვეტერინარიის, კინოლოგიის სფეროებში), ცხოველთა დამცველი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები“.
„ნეტგაზეთს“ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განუცხადეს, რომ მომდევნო აღწერის ჩატარებას მუნიციპალიტეტი წელს გეგმავს და ამჟამად ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან გადიან კონსულტაციებს მეთოდოლოგიის შერჩევის მიზნით.
კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ვეტერინარი ამახვილებს ყურადღებას, მონიტორინგის სააგენტოში ვეტერინარების ნაკლებობაა, რის გამოც მუნიციპალურ სააგენტოს უწევს, ასაცრელად ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანონ, რაშიც დიდი თანხა და რესურსები იხარჯება.
ამასთან, სააგენტოს ვეტერინარის თქმით, არ აქვს ეფექტიანი მექანიზმი, რათა მიუსაფარ ცხოველებში პერიოდული ვაქცინაციის მონიტორინგი განახორციელოს:
„იმ მასშტაბში, რა მასშტაბიც ჩვენ გვაქვს ქართულ რეალობაში, მონიტორინგის სააგენტო მაგას ვერ გააკონტროლებს. ყველაზე კარგი გამოსავალია, თუ ასეთ ცხოველებს მიმკედლებელი ეყოლება. ამ შემთხვევაში, მან უნდა გააკონტროლოს და დაურეკოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს ან მუნიციპალურ თავშესაფარს, რათა ცხოველი აიცრას“, — ამბობს ჩხიკვიშვილი.
ვეტერინარი აღნიშნავს, რომ თავად მუნიციპალიტეტების ინტერესში უნდა იყოს, აღწეროს და სტერილიზაცია/კასტრაცია/ვაქცინაცია ჩაუტაროს მიუსაფარ ცხოველებს. ამ შემთხვევაში გამოსავალი ამ ცხოველების გაყვანა ან/და დაძინება ვერ იქნება.
მარიამ ჩხიკვიშვილი განმარტავს, რომ თუ ერთ ცხოველს იმ არეალს მოაშორებენ, რომელშიც ის ადაპტირებულია, იქ უთუოდ მოვა სხვა ცხოველი, რომელიც არც იმ ტერიტორიის მოსახლეობასაა შეჩვეული და შესაძლოა, სხვა ლოკაციისთვის დამახასიათებელი დაავადებებიც შემოიტანოს:
„მერე უფრო დიდი რისკებია დაკბენისაც და სხვადასხვა დაავადებების გავრცელებისაც იმიტომ, რომ ის ძაღლი არ არის მორჩილი, არ არის ხალხს მიჩვეული და მინიმუმ შეიძლება ვერ დაიჭირო, რომ აცრა, არამც თუ გაასტერილო“, — აღნიშნავს ვეტერინარი.
ამას მოწმობს ბულგარეთის გამოცდილებაც, რომლის დედაქალაქ სოფიაშიც 1995 წელს 100 000 მიუსაფარი ძაღლი დააძინეს. მიუხედავად ამისა, მარიამ ჩხიკვიშვილის თქმით, 10 წლის განმავლობაში ქუჩის ცხოველების პოპულაცია პრაქტიკულად არ შეცვლილა. 2007 წელს კი, მაშინ, როდესაც ბულგარეთმა ევროკავშირთან დაახლოება დაიწყო, ამ პრობლემასთან გამკლავების მიზნით დაიწყო წამყვან ქვეყნებში უკვე აპრობირებული მასობრივი სტერილიზაცია/კასტრაციის პროგრამის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც ყველა გასტერილებულ ცხოველს, ამავდროულად, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც უტარდებოდა.
შედეგად, 2018 წლისთვის, სტერილიზაციის შედეგად, მიუსაფარი ძაღლების პოპულაცია სოფიაში თითქმის 5-ჯერ შემცირდა, რასაც ქვემოთ მოყვანილი გრაფიკიც მოწმობს.
შესაბამისად, ბულგარეთის მაგალითიც მოწმობს, რომ მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის კონტროლის საუკეთესო საშუალება მათი სტერილიზიაცია/კასტრაცია და გამრავლების ამ გზით კონტროლია. ცხოველთა პოპულაციის კონტროლის გარეშე კი ვერც ცოფზე ფრაგმენტული ვაქცინაცია მიიყვანს ქვეყანას დაავადების გავრცელების ნულოვან ნიშნულამდე.