ახალი ამბები

“პატრონმა პიტბულს მიუსაფარი ძაღლი დააგლეჯინა” – დაწყებულია გამოძიება

8 მარტი, 2024 • 3081
“პატრონმა პიტბულს მიუსაფარი ძაღლი დააგლეჯინა” – დაწყებულია გამოძიება

ცხოველთა დამცველი აქტივისტების თანახმად, მცხეთაში ახალგაზრდა ბიჭს, სავარაუდოდ, მიუსაფარი ძაღლები საკუთარ პიტბულთან მიჰყავდა და საშუალებას აძლევდა, დაეგლიჯა ისინი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკად მოპყრობას, ან ძალადობას, რამაც დასახიჩრება გამოიწვია.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაახლოებით ერთი კვირაა, რაც მიმდინარეობს. დაკავებული არავინაა.

სავარაუდო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია პოლიციას ცხოველთა დამცველმა მარინა ბერსენაძემ მიაწოდა. მისივე ინფორმაციით, მეპატრონეს ორი ძაღლი ჩამოართვეს და თავშესაფარში გადაიყვანეს.

კიდევ ერთმა აქტივისტმა ტასო ლოსაბერიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ძაღლების ჩხუბის ამსახველი ვიდეო. მისი თქმით, ვიდეო თავად პიტბულის პატრონმა განათავსა საკუთარ სოციალურ ქსელში, თუმცა, ამ ეტაპზე კაცის ყველა სოციალური ქსელი ჩაკეტილია და არც სხვა ვიდეოები იძებნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი