6 ივნისის გვიან ღამით რუსეთმა უკრაინაში კახოვკის ჰესი ააფეთქა. ხერსონის ადმინისტრაციის თქმით, წყალი 5 საათში მიაღწევს კრიტიკულ, მოსახლეობისთვის საშიშ დონეს.
ვიდეომასალაში, რომელიც უკრაინის ოფიციალურმა პირებმა და უწყებებმა გაავრცელეს, ჩანს, რომ სადგურის დამბა სრულიად განადგურებულია. ეს ნიშნავს, რომ წყალი დიდი რაოდენობითა და მაღალი სისწრაფით მიდის დასახლებული პუნქტებისკენ. უკრაინის შსს-მ უკვე დაასახელა მაქსიმალური რისკის ხუთი ზონა, მათ შორის შედის ქალაქ ხერსონის ნაწილიც.
Відео з підірваної росіянами Каховської ГЕС. Відео з Telegram Spravdi pic.twitter.com/4HRlRLO3vR
— Українська правда ✌️ (@ukrpravda_news) June 6, 2023
როგორც ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა, უკვე დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია. მან თხოვნით მიმართა ადგილობრივებს – შეაგროვონ საჭირო დოკუმენტები, გადაუდებელი აუცილებლობის ნივთები და დაელოდონ საევაკუაციო ტრანსპორტს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი იუწყება, რომ ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით სასწრაფო წესით შეიკრიბება ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო.
„კახოვკის ჰესის განადგურება უკანასკნელ დეკადებში ადამიანის ხელით შექმნილი ყველაზე დიდი კატასტროფაა, რომელიც არა მხოლოდ გაანადგურებს გარემოს, არამედ ათასობით ადამიანის ცხოვრებაზე წლების განმავლობაში ექნება ნეგატიური გავლენა“, – ამბობს ერმაკი და ამატებს, რომ რუსეთი დღეს მსოფლიო საფრთხეა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომი“, წერს, რომ ჰესის აფეთქებით რისკის ქვეშ დგება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიც.
„წყალი კახოვკის წყალსაცავიდან აუცილებელია იმისთვის, რომ ზაპოროჟიეს სადგურმა ტურბინების კონდენსაციისთვის აუცილებელი კვება მიიღოს, ასევე, უსაფრთხოების სისტემის გამართული მუშაობისთვის“, – წერს „ენერგოატომი“ და დასძენს, რომ დილის 08:00 საათის მონაცემებით, ზაპოროჟიეს სადგურის გამაგრილებელი საცავებში წყლის დონე 16.6 მეტრს აღწევს, რაც სადგურის საჭიროებებისთვის საკმარისია.
კახოვკის ჰესი ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვა კახოვკადან 5 კილომეტრში მდებარეობს. ის დნეპრის ჰიდროელექტროსადგურების ჯაჭვში მეექვსე და ყველაზე ქვედა საფეხურია. კახოვკის ჰიდროელექტროსადგური რუსებმა ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პირველივე დღეებში დაიკავეს.