საზოგადოება

რუსეთიდან ფრენების საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

19 მაისი, 2023 • 1870
რუსეთიდან ფრენების საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.

მიუხედავად წვიმისა, აქციის მონაწილეები, ქოლგებითა და საწვიმრებით, დედაქალაქის ცენტრში რჩებიან და მოქალაქეები აქციას ისევ უერთდებიან. მათ სხვადასხვა შინაარსის პლაკატები უკავიათ ხელში, მათ შორის:

“რუსული თვითმფრინავი უსაფრთხოდ არ ჯდება” და “გაეცით გმირებს მხედრული პასუხი! 7 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსებმა გიგა ოთხოზორია მოგვიკლეს!”

აქცია რუსთაველის გამზირზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი

საპროტესტო აქცია 19 მაისს, იმ დღეს დაიგეგმა, როცა რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რუსული თვითმფრინავი დაჯდა.

აქტივისტთა ჯგუფების მიერ ორგანიზებული შეკრების სახელწოდებაა “რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება”. ორგანიზატორების თქმით, ესა აქცია “მიკროფონების, გამომსვლელების და აქციის ლიდერების გარეშე”.

“ყველა ერთად, პარტიული, უპარტიო, შუაშისტი, ა. შ და ისევ ვერთიანდებით საქართველოს ევროკავშირის გზაზე შექმნილი შეფერხების აღმოსაფხვრელად”, — აღნიშნავენ ისინი.

პირდაპირი ფრენები რუსეთიდან

19 მაისს პირველი საპროტესტო აქცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან გაიმართა, სადაც პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ პირველი რეისის ჩამოფრენას აპროტესტებდნენ, რომელიც რუსულმა კომპანიამ, “აზიმუტმა” შეასრულა.

მოსკოვმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. პოლიტიკოსების და მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.

ფრენების ნებართვა უკვე მიიღო სამმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“, Red Wings-მა და ქართულმა „Georgian Airways-მა“.

ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.

გარეკანის ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი