საზოგადოება

რუსეთიდან პირველი რეისის ჩამოფრენისას “დროა” აეროპორტთან აქციას აანონსებს

16 მაისი, 2023 • 2620
რუსეთიდან პირველი რეისის ჩამოფრენისას “დროა” აეროპორტთან აქციას აანონსებს

რუსეთიდან პირველი თვითმფრინავის ჩამოფრენის გასაპროტესტებლად თბილისში 19 მაისს, 12 საათზე აქცია დაიგეგმა. ამის შესახებ განცხადება დღეს, 16 მაისს “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გააკეთა.

ხოშტარიას თქმით, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა საფრთხეს უქმნის საქართველოს კანდიდატის სტატუსს და ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატია:

“ავიაკომპანია “აზიმუტი”, რომელიც ვერ დაფრინავს ვერც ერთ ევროპულ სახელმწიფოში, რომელიც ვერ ჯდება ვერც ერთ ევროპულ აეროპორტში, რომელიც აკრძალულია იმიტომ, რომ აკეთებს იმ თვითმფრინავებს, იმ ბომბდამშენებს, რომელმაც დაბომბა ჩვენი ქვეყანა, რომელიც დღეს ბომბავს უკრაინას, ხოცავს ადამიანებს და მთელი ცივილიზებული სამყარო ამბობს, რომ აკრძალულია შენი ფრენა — აი, ამ ავიაკომპანიას საქართველოს მთავრობამ, ჩვენს ზურგს უკან, ჩვენი ინტერესების ღალატით უთხრა, რომ მობრძანდით და იფრინეთო. ასევე, ავიაკომპანიის ერთ-ერთი მეწილე ჩახუტებულია პუტინთან, მოღალატე, სისხლში ამოსვრილი ადამიანი.

ასევე, ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ავიაკომპანიას საიტზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უწერია, როგორც ცალკე სახელმწიფო და მითითებული აქვს, რომ რუსული პასპორტით აფხაზები და ოსები უნდა დაფრინავდნენ. ანუ პირდაპირ არღვევს ჩვენს კონსტიტუციას, ოკუპაციის კანონს და რა გააკეთა მთავრობამ? გარდა იმისა, რომ მისცა ნებართვა, სასწრაფოდ დაუკავშირდა რუსეთს და ორ საათში მოხსნეს საიტიდან ეს წარწერა” —თქვა ხოშტარიამ ბრიფინგზე.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, “აზიმუტის” თვითმფრინავის ჩამოფრენის დროს: 19 მაისს, 12 საათზე აქცია თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და შემდეგ მსუბუქი ავტომობილებით მსვლელობა გაგრძელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ, რათა “რუსეთს და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ საქართველოში ტაშით არავინ ხვდება ამ თვითმფრინავს, “ქართული ოცნების” გარდა”.

“დროაში” ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ეცდებიან აქციის მონაწილეების ტრანსპორტირება რესპუბლიკის მოედნიდან აეროპორტამდე თავადაც უზრუნველყონ.

ხოშტარიამ ასევე აღნიშნა, რომ “დროა” შეუერთდება ყველა სხვა დაგეგმილ აქციასაც.


„აზიმუტი“ გახდა პირველი რუსული კომპანია, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენის ნებართვა მისცა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ თითოეულ მომართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მას შემდეგ, რაც „დეტალურად იქნება შესწავლილი ავიაკომპანიების თუ მათი საჰაერო ხომალდების არსებული სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან თუ შეზღუდვებთან მიმართებაში და ფრენის ნებართვები ზემოთ აღნიშნული პრინციპით იქნება გაცემული“. კომპანია „აზიმუტი“ სანქცირებულია უკრაინის მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი