საზოგადოება

CPAC-ზე ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ, ევროპაში “ოცნებას” შესაძლოა, პარტნიორ პარტიაში სტატუსი შეუჩერონ

4 მაისი, 2023 • 2085
CPAC-ზე ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ, ევროპაში “ოცნებას” შესაძლოა, პარტნიორ პარტიაში სტატუსი შეუჩერონ

ევროპელი სოციალისტების პარტია [PES] გმობს ბუდაპეშტში, კონსერვატიული ფორუმის CPAC-ის კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობას და აცხადებს, რომ იმსჯელებს “ქართული ოცნების” სტატუსზე. ამის შესახებ განცხადება მათ დღეს, 4 მაისს გაავრცელეს.

“პრემიერ ღარიბაშვილის ქმედებები მიუღებელია და მას ჩვენი პოლიტიკური ოჯახის ღირებულებებს მიღმა აქცევს. PES-მა უკვე გადაწყვიტა, პარტიაში “ქართული ოცნების” სტატუსის შესახებ იმსჯელოს მომავალ ყრილობაზე. ეს, ცხადია, აუცილებელი ნაბიჯია ღარიბაშვილის დღევანდელი ინტერვენციის შემდეგ”, – განაცხადა PES-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

პარტიის განცხადებაში აღნიშნილია, რომ PES-მა პარტიაში “ქართული ოცნების” სტატუსის შესახებ მარტში და გასულ კვირას გამართულ ყრილობაზეც იმსჯელა, ახლა კი ამ საკითხს ივნისში დაგეგმილი ყრილობის დღის წესრიგში შევიტანთ.

“ქართული ოცნება” ევროპელი სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრია.


დღეს, 4 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კომიტეტის [CPAC] კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. დაახლოებით 20-წუთიან გამოსვლაში მთავრობის თავმჯდომარემ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა და არაერთი ჰომოფობიური განცხადება გააკეთა. „ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება“ და „უმცირესობის მიერ უმრავლესობაზე ძალადობის დაუშვებლობა” იყო მისი გამოსვლის მთავარი აქცენტები.

პრემიერის მტკიცებით, მაშინ, როცა საქართველოს უმრავლესობა იზიარებს ტრადიციულ ღირებულებებს, ძალები, რომლებიც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, აკეთებენ ამას „ლგბტ პროპაგანდით“, რაც მისი აზრით, საბოლოო ჯამში, „ფესვებს მოწყვეტილი“ ხალხის უფრო მარტივად მართვას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, საფრთხეს წარმოადგენენ „ისინი, ვინც რწმენისა და ღირებულებების არმქონენი და აგრესიული ცინიზმით, ხშირად დემოკრატიის, რელიგიისა და თავისუფლების სახელით, ეწინააღმდეგებიან თავისუფლებას და სიმართლეს“.

ნეტგაზეთი ასევე გირჩევთ:

Facebook-ის გამოძიება: მთავრობა დუმს, NGO-ები კი საპარლამენტო მექანიზმების ამოქმედებას ითხოვენ

მასალების გადაბეჭდვის წესი