საზოგადოება

Facebook-ის გამოძიება: მთავრობა დუმს, NGO-ები კი საპარლამენტო მექანიზმების ამოქმედებას ითხოვენ

4 მაისი, 2023 • 4285
Facebook-ის გამოძიება: მთავრობა დუმს, NGO-ები კი საპარლამენტო მექანიზმების ამოქმედებას ითხოვენ

საქართველოს მთავრობა დუმს Facebook-ის მფლობელი კომპანია META-ს მიერ მთავრობასთან დაკავშირებული ანგარიშების წაშლაზე.

META-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო კომპანიამ Facebook-ის 80 ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და ინსტაგრამის 2 ანგარიში წაშალა. საუბარია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერ ჯგუფებსა და სხვა პროსახელისუფლებო ანგარიშებზე. კომპანიის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციის უკან მყოფი პირები ცდილობდნენ საკუთარი ვინაობისა და კოორდინაციის დამალვას, გამოძიებამ „აღმოაჩინა [ქსელის] კავშირი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან“. პროსამთავრობო ქსელის რეკლამირებაში დაახლოებით 33 500 აშშ დოლარი დაიხარჯა.

„ნეტგაზეთი“ 3 მაისს, META-ს ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე, დაუკავშირდა საქართველოს მთავრობის პრესსამსახურს, თუმცა ადმინისტრაციაში მეორე დღეა, კომენტარს არ აკეთებენ.

კოალიციაში „ინფორმაციის სანდოობისთვის“ შემავალი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული საზედამხედველო მექანიზმები ანგარიშში მითითებული დეზინფორმაციული სქემების შესასწავლად, მათ შორის, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია ან/და მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

„როგორც ანგარიშიდან დგინდება, აღნიშნული ქსელი ხშირად იყენებდა კომენტარების ფუნქციას, რისი საშუალებითაც საზოგადოებაში ავრცელებდა არაავთენტურ, ცრუ ინფორმაციას სასურველი განწყობის შესაქმნელად. ქსელი ასევე ცდილობდა პროსამთავრობო გზავნილების პოპულარიზებას, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციას. ეს ყველაფერი ხდებოდა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის კონტექსტში. საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მხარდაჭერის მიზნით მოქმედი გვერდების სქემა სხვადასხვა ორგანიზაციასა და მკვლევარს წარსულშიც გამოუვლენია“, — ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

„სამართლიანი არჩევნების” 2021 წლის მონიტორინგით, მთავრობის სტრატკომთან ფარულად დაკავშირებული გვერდები პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციას ითავსებდნენ და, პარალელურად, ოპოზიციის მადისკრედიტირებელ კამპანიას აწარმოებდნენ.

„საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დეკლარირებულ ძირითად ამოცანას მთავრობის გრძელვადიანი მიზნების მხარდაჭერა წარმოადგენს. ამ კუთხით უმთავრესია საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ META-ს გამოძიების თანახმად, დეპარტამენტი, დეკლარირებული მიზნების საწინააღმდეგოდ, საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის ფარულ ოპერაციებშია ჩართული“, — ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები:

  • ევროპულ-ქართული ინსტიტუტი – EGI
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი – DRI
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი – GMC
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – ISFED
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – IDFI
  • ღია სივრცე კავკასია – COS
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ფრანკლინის კლუბი
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • IWPR საქართველო
  • აი, ფაქტი – Ifact

ინტერნეტის რეაქცია გვერდების წაშლაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი