საზოგადოება

არასამთავრობოები: 12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ ერთია შესრულებული

20 აპრილი, 2023 • 1736
არასამთავრობოები: 12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ ერთია შესრულებული

8 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად დაწესებული 12 რეკომენდაციიდან, 31 მარტის მდგომარეობით, სრულად მხოლოდ ერთია შესრულებული.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ანგარიში დღეს, 20 აპრილს წარადგინეს.

როგორ (არ) სრულდება რეკომენდაციები

ანგარიშის თანახმად, სრულად შესასრულებელია ევროკავშირის 5 პირობა. კერძოდ:

  1.  დეპოლარიზაცია
  2. დამოუკიდებელი სასამართლო
  3. დეოლიგარქიზაცია
  4. მედიის თავისუფლება
  5. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა

ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი პირობა:

  1. საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები
  2. ანტიკორუფციული ზომები
  3. მოწყვლადი ჯგუფების დაცვა
  4. დამოუკიდებელი სახალხო დამცველი

დიდწილად შესრულებულია ორი პირობა:

  1. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა
  2. გენდერული თანასწორობა

სრულად შესრულებულია ერთი – ECHR-ის გადაწყვეტილებების გათვალისწინების თაობაზე ევროკომისიის რეკომენდაცია.

დეპოლარიზაციის ნაწილში, ანგარიშის თანახმად, მოლოდინებიდან, რომელშიც მათ შორის ნიკა გვარამიას გათავისუფლება და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაა, არცერთი არ არის შესრულებული. გამოწვევებს შორის არასამთავრობოები ასახელებენ, მათ შორის, მმართველი პარტიის მიერ ანტიდასავლურ რიტორიკას, ოპოზიციის მიერ კი „ქართული ოცნების“ „რუსეთის მონებად და მოღალატეებად“ მოხსენიებას.

რაც შეეხება დამოუკიდებელ სასამართლოს, ანგარიშში ნათქვამია, რომ მოლოდინებიდან, რომელთა რიგშიც სასამართლოს დამოუკიდებლობის ზრდა და ე.წ. კლანის გავლენის შემცირებაც შედის, შესრულებულია მხოლოდ გენერალური პროკურორის დანიშვნის წესის ცვლილება, ხოლო ვენეციის კომისიის განცხადებით, არ არის გათვალისწინებული მისი წინა რეკომენდაციები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კორპორატივიზმი და პირადი ინტერესები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. არასამთავრობოების თანახმად, გამოწვევად რჩება ის, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ცვლილებები რეალურად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლოს ჩამოყალიბებისათვის საკმარისი არაა.

დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციის ნაწილში ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ამ მიმართულებით ბოლომდე ერთი ნაბიჯიც კი არ არის გადადგმული, ხოლო გამოწვევად სახელდება ის, რომ „ოცნების“ განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი შეეხება მხოლოდ კრიტიკული მედიისა და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს, მაგრამ არა ბიძინა ივანიშვილს.

თავისუფალი მედიაგარემოს უზრუნველყოფის მხრივაც, ანგარიშის თანახმად, ბოლომდე არ არის გადადგმული ერთი ნაბიჯიც კი, მაშინ, როცა 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები დაუსჯელნი რჩებიან, ხოლო ოპოზიციური მედიასაშუალებების წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოტანილია ბრალდებითი განაჩენები ან გრძელდება სასამართლო პროცესები.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ამ ეტაპზე ეს არის პირველი ანგარიშის შედეგები, თუმცა ისინი აგრძელებენ პროგრესის შეფასებაზე მუშაობას და მომავალში შემდეგ ანგარიშსაც წარადგენენ.

აღნიშნულ შეფასებაზე იმუშავა „ღია საზოგადოების ფონდმა“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“, „სასამართლოს გუშაგმა“, „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“, „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა“, „მმართველი მონიტორინგის ცენტრმა“, „საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და „საფარიმ“.


2022 წლის ივნისში საქართველომ ევროკომისიისგან 12 რეკომენდაცია მიიღო, რომელთა შესრულებაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებადაა საჭირო.

მედიის ცნობით, რეკომენდაციათა შესრულებაზე ევროკომისიის პოზიცია მიმდინარე წლის განმავლობაში გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი