ახალი ამბები

ვარჰეი კანდიდატობაზე: იმედი გვაქვს, რომ მთავრობა პირობებს შეასრულებს

14 სექტემბერი, 2023 • 1104
ვარჰეი კანდიდატობაზე: იმედი გვაქვს, რომ მთავრობა პირობებს შეასრულებს

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ  გასულ წელს ბრიუსელიდან მიღებული თორმეტი რეკომენდაციიდან საქართველომ ამ ეტაპზე მხოლოდ სამი შეასრულა.

მისი თქმით, რეკომენდაციების შესრულების შეფასების ანგარიშის წარდგენის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ყოველი წუთი. ევროკომისარმა იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა შეასრულებს რეკომენდაციებს და ხალხის სურვილებს.

„ნათელია, როგორია პირობები, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ ნათლად დასახა პირობები. იმედი მაქვს, საქართველო მათ შეასრულებს, რათა საქართველოსაც პოზიტიური შეთავაზება გავუკეთოთ. მთავრობამ თორმეტიდან სამი პრიორიტეტი შეასრულა. ახლა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, რადგან უკვე ოქტომბერში უნდა წარვადგინოთ ანგარიში. ვხედავთ, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და კანდიდატობა. იმედი გვაქვს, რომ მთავრობა პირობებს შეასრულებს და შემდეგ ნაბიჯზე გადავალთ“, – უთხრა მან ტელეარხ „ალა ნიუსს“.


ვარჰეის მსგავსი განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა ჟოზეფ ბორელმაც. მისი თქმითაც, ამ ეტაპზე მხოლოდ სამი რეკომენდაციაა შესრულებული და პროგრესი ევროკავშირის წევრობის გზაზე დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესია. საქართველოს მთავრობის შეფასებით კი, საქართველოს რეკომენდაციათა უმრავლესობა შესრულებული უკვე აქვს და იმსახურებს სტატუსს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გუშინ, სიტყვით გამოსვლისას, საქართველო ევროინტეგრაციის სხვა მოსურნეთაგან განსხვავებულ კატეგორიაში გაიყვანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი