საზოგადოება

კობახიძე: 3 ევრორეკომენდაცია კონკრეტიკის არარსებობის გამო ვერ შესრულდა

25 ივლისი, 2023 • 1004
კობახიძე: 3 ევრორეკომენდაცია კონკრეტიკის არარსებობის გამო ვერ შესრულდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, 3 ევრორეკომენდაცია ვერ შესრულდა იმიტომ, რომ მმართველ გუნდს ევროკავშირიდან კონკრეტიკა არ მიუღია.

კონკრეტიკის არარსებობას უკავშირებს კობახიძე, მათ შორის, სასამართლოს რეფორმის რეკომენდაციის არშესრულებასაც.

„მე წარვადგინე დეტალური ანგარიში თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, საიდანაც ჩანს შემდეგი: ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც შესაძლებელია, ყველაფერი გაკეთდა. რჩება კანონმდებლობასთან დაკავშირებით 3 რეკომენდაცია. ერთი მათგანი ეხება სასამართლო რეფორმას, კერძოდ კი, უფრო ფართო რეფორმას – ამაზე ჩვენ ვითხოვთ კონკრეტიკას, ჩვენ არ ვიცით, ამაში რა იგულისხმება.

და ჯერჯერობით არ უთქვამთ არც ევროკავშირიდან, რას გულისხმობენ „უფრო ფართო სასამართლო რეფორმაში“. როგორც კი გვექნება კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით… სწორედ იმიტომ ვერ შესრულდა ეს პუნქტი, რომ არ ვიცოდით, რა იგულისხმებოდა მასში კონკრეტულად“ ,- აცხადებს კობახიძე.

კობახიძის თქმითვე, დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციაც არ შესრულდა ამავე მიზეზით – ანუ კონკრეტული დეტალების არცოდნის გამო, და ამაზე მმართველი გუნდი დისკუსიას გააგრძელებს – „ჩვენთვის მთავარია, რომ არ დარჩეს ღია ჭრილობა, როცა გეუბნებიან, რომ საჭიროა დეოლიგარქიზაცია, უნდა დაგიკონკრეტონ კიდეც – ვინ არიან ოლიგარქები და რა ზომები უნდა იყოს“.

ამის საპასუხოდ, კობახიძეს გაუხსენეს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეს ციტატა, რომელშიც ის ამბობს, რომ დეოლიგარქიზაცია – „ნიშნავს დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას“. ამაზე „ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ იუკნევიჩიენე არ არის ევროკავშირი, არამედ არის „ ერთ-ერთი ოდიოზური ევროპარლამენტარი“.

„აქედან გამომდინარე, ვიდრე არ გვექნება ევროკავშირიდან კონკრეტიკა, ჩვენ არ გვეცოდინება, რა უნდა გავაკეთოთ კანონმდებლობის კუთხით. ამიტომ აქაც გვჭირდება კონკრეტიკა – იმიტომ ვერ გავაკეთეთ ივნისის ბოლომდე ეს, რომ კონკრეტიკა არ გვქონდა. ველოდებით კონკრეტიკას.

და მესამე, „მანივალის“ [ფულის გათეთრების წინააღმდეგ და ფინანსური დანაშაულის შესახებ] რეკომენდაცია, ეს ნაკლებად პოლიტიზებული საკითხია. აქაც გვჭირდება კონკრეტიკა და ესეც გაკეთდება. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ: დეტალური ანალიზიდან, ანგარიშიდან ჩანს, რომ ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი – ყველაფერი გაკეთდა ჩვენი მხრიდან“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.


ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდ რეკომენდაციაზე აქვს გარკვეული პროგრესი, შეზღუდულ პროგრესს მიაღწია დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციაში, ხოლო მედიის თავისუფლების პირობაში საერთოდ არ აქვს წინსვლა.

წაიკითხეთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი