საზოგადოება

სახლში მივედი და დაიწყო საბრძოლო მოქმედებები – სუდანში მყოფი ქართველი პილოტი

17 აპრილი, 2023 •
სახლში მივედი და დაიწყო საბრძოლო მოქმედებები – სუდანში მყოფი ქართველი პილოტი

მამუკა მარკოზაშვილი კომპანია Myway Airlines-ის პილოტია, საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად ახლა სუდანში იმყოფება.

მასთან ერთად ქვეყანაში არიან მისი თანამშომლები, ეკიპაჟის სხვა წევრებიც. სამხედრო დაპირისპირების ფონზე ქალაქში პერიოდულად აფეთქებები და სროლებია.

„მთავარ არხთან“ ინტერვიუში მარკოზაშვილი ამბობს, რომ საბრძოლო მოქმედებები მისი ჩაფრენიდან მალევე დაიწყო.

„ჩვენ ჯერჯერობით ეპიცენტრში არ ვართ საბრძოლო მოქმედებებისა. სროლა ისმის კილომეტრ-კილომეტრ-ნახევარში, რა თქმა უნდა, ფანჯრებთან არ მივდივართ, რომ შემთხვევითი ტყვია არ მოგვხვდეს.. სახლში მივედი და დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, აეროპორტში არ მოვყოლივარ“, – დასძენს ის.

„მგონი, აქ არანაირი გზა არ არსებობს თვითმფრინავის გარდა. ერთადერთი ტრანსპორტი ამ ქვეყანაში, მგონი, თვითმფრინავია,“

მარკოზაშვილის გარდა ამჟამად სუდანში მისი 13 თანამშრომელი იმყოფება, მათ შორის არიან პილოტები, ბორტგამცილებლები და ტექნიკური პერსონალი.

„გვაქვს მუდმივი კონტაქტი ჩვენი ეკიპაჟის წევრებთან, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან უსაფრთხო ზონაში, თავიანთ საცხოვრებლებში და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თავს იკავებენ გარეთ გამოსვლისა და გადაადგილებისგან. სუდანში ჩვენს პარტნიორთან თანამშრომლობით ვცდილობთ, რომ მათ მიეწოდოთ აუცილებელი სურსათი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები“, – ნათქვამია კომპანია Myway Airlines-ს განცხადებაში.

დილიდან სუდანში მყოფ მოქალაქეებზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტროც. მათი თქმით, ამჟამად ქვეყანაში, სადაც სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს – 30-მდე მოქალაქე იმყოფება.

შეტაკებების გამო დედაქალაქ ხარტუმში აფეთქებებია, დაზიანებულია საკვანძო ინფრასტრუქტურული ობიექტები. სატელიტური ფოტოებით ჩანს, რომ აფეთქებები მოხდა ასევე აეროპორტშიც. დაღუპულია სულ მცირე, 100 ადამიანი.

ვრცლად წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი