საზოგადოება

სუდანში სამხედრო დაპირისპირებაა – იქ საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებიან

17 აპრილი, 2023 • 1102
სუდანში სამხედრო დაპირისპირებაა – იქ საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებიან

სუდანში, სადაც ახლა სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს, საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა. უწყება ამბობს, რომ საუბარია დაახლოებით 30 მოქალაქეზე.

თავდაპირველად საქართველოს მოქალაქეების შესახებ ცნობა „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. ტელეკომპანიის თქმით, მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მისწერა და უთხრა, რომ ადგილზე დაახლოებით 50-მდე ქართველი იმყოფება.

„გუშინ იყო 3-საათიანი [ჰუმანიტარული] კორიდორი და არავის უცდია გამოყვანა, დღეს მათი დროით 16:00 საათზეა და ახლაც არაფერი ისმის“, – ამბობს მოქალაქე „მთავარ არხთან“, რომელიც ითხოვს, რომ ჟურნალისტებმა მისი კონფიდენციალურობა დაიცვან.

დედაქალაქ ხარტუმში აფეთქებებია, დაზიანებულია საკვანძო ინფრასტრუქტურული ობიექტები. სატელიტური ფოტოებით ჩანს, რომ აფეთქებები მოხდა ასევე აეროპორტშიც.

ნეტგაზეთს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია საქართველოს საელჩო თურქეთშიც და კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. უწყების თქმითვე, ისინი აკეთებენ ყველაფერს, რათა მოქალაქეებს დაეხმარონ, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით.

რაც შეეხება ჰუმანიტარულ დერეფანს, უწყებაში გვითხრეს, რომ აღნიშნული გაიხსნა მხოლოდ დაჭრილებისა და დაღუპულებისთვის. მათივე ცნობით, საუბარია საქართველოს დაახლოებით 30 მოქალაქეზე.


უკვე რამდენიმე დღეა, რაც სუდანში  სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს. შეტაკება დაიწყო სუდანის ჯარისა და შეიარაღებული ფორმირების (RFS) წევრებს შორის.

დაღუპულია სულ მცირე 100 მოქალაქე. სუდანის ჯარი ამბობს, რომ არ აპირებს RFS-თან დიალოგს მანამ, სანამ დაჯგუფება არ დაიშლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი