გასული კვირის მიწურულს სუდანის დედაქალაქის მოსახლეობა სროლისა და აფეთქებების ხმამ გააღვიძა. ის, რისაც ბევრს ეშინოდა, რეალობად იქცა — ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის შიგნით მზარდი დაპირისპირება შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა.
დედაქალაქ ხარტუმსა და მის გარეთ ერთმანეთს ორი სამხედრო ძალა ებრძვის: სუდანის რეგულარული არმია (SAF) და გასამხედროებული დაჯგუფება, სახელწოდებით “სწრაფი მხარდაჭერის ძალები” (RSF).
ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი ფრაქცია, დიდწილად, აეროპორტების, სამხედრო ბაზებისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების კონტროლს ეცილება ერთმანეთს.
ამ სტატიაში მოკლედ გეტყვით, როგორ მივიდა სუდანი სამხედრო კონფლიქტამდე.
სუდანის შესახებ
ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარე სუდანი ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა კონტინენტზე. ის 1.9 მილიონ კვ.კმ-ს ფარავს, მოსახლეობა კი 46 მილიონს შეადგენს. დომინანტი რელიგიაა ისლამი, სახელმწიფო ენები — არაბული და ინგლისური.
ოქროთი, ვერცხლით, რკინითა და სხვა მინერალური რესურსებით მდიდარი სუდანი ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა მსოფლიოში: მსოფლიო ბანკის თანახმად, ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი $750-ს (დაახლ. 1882 ლარი) შეადგენს.
სუდანისთვის არასტაბილურობა, სამხედრო გადატრიალებები და სამოქალაქო ომები უცხო არ არის. თუმცა ქვეყნის დედაქალაქისთვის უცხოა ბრძოლების ის მასშტაბი, რომელიც 6-მილიონიანმა ხარტუმმა მიმდინარე დღეებში იხილა.
ვინ ვის ებრძვის ამჟამად
2021 წელს სუდანში სამხედრო გადატრიალება მოხდა, რის შემდეგაც ქვეყნის მმართველობა მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე გენერლების ხელშია. ესენი არიან:
გენერალი აბდულ ფათთაფ ალ-ბურჰანი — სუდანის არმიის(SAF) მეთაური, რომელსაც სამხედრო მმართველობის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილება აქვს;
გენერალი მუჰამად ჰამდან დაგალუ (იგივე ჰამიდთი) — ალ-ბურჰანის მოადგილე და ლიდერი გასამხედროებული დაჯგუფებისა, სახელწოდებით “სწრაფი მხარდაჭერის ძალები”(RSF).
აბდულ ფათთაფ ალ-ბურჰანი(მარცხნივ) და მუჰამად ჰამდან დაგალუ(მარჯვნივ). © EPA, Reuters
ორივე გენერალს მრავალგზის ადანაშაულებენ ადამიანის უფლებათა ხელყოფაში.
შაბათს დაწყებულ კონფლიქტს წინ უძღოდა დეკემბერში გაფორმებული შეთანხმება ალ-ბურჰანის არმიას, ჰამიდთის RSF-სა და სამოქალაქო, პროდემოკრატიულ ძალებს შორის.
შეთანხმების მიხედვით, ქვეყანა მმართველობის სამოქალაქო მოდელზე ეტაპობრივად უნდა გადავიდეს, არმია — ბარაკებში დაბრუნდეს, RSF კი — შეერწყას სუდანის არმიას და დაასრულოს არსებობა, როგორც ცალკე დაჯგუფებამ.
მთავარი საკითხი, რომელზეც ალ-ბურჰანი და ჰამიდთი ვერ თანხმდებიან, სწორედ ისაა, ვინ უნდა უხელმძღვანელოს ახალ სამხედრო ძალას, თუ RSF მართლაც გაერთიანდება SAF-ში.
მაინც არ არის RSF, რატომ დგას ცალკე?
ალ-ბურჰანისა და ჰამიდთის ურთიერთობას მრავალწლიანი ისტორია აქვს. ორივემ საკვანძო როლი ითამაშა სუდანის დასავლეთში მდებარე დარფურის რეგიონში აჯანყებულთა წინააღმდეგ ბრძოლაში.
ესაა სამოქალაქო ომი, რომელიც ქვეყანაში 2003 წლიდან მიმდინარეობს. 300 000 ადამიანი დაიღუპა, 2.7 მილიონი კი — დევნილად იქცა.
როგორც BBC წერს, უშუალოდ ჰამიდთი იყო ლიდერი ერთ-ერთი მილიციისა იმ არაბულ მილიციათაგან, რომლებსაც სუდანის მთავრობა იყენებდა დარფურში მოქმედი, დიდწილად, არაარაბი აჯანყებულების წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლისთვის.
ხსენებულ მილიციებს — რომლებიც ცნობილნი არიან კრებითი სახელწოდებით “ჯანჯავიდები” — დარფურში ეთნიკური წმენდის მოწყობასა და მასობრივ გაუპატიურებებში ადანაშაულებენ.
გენერალ დაგალუს “სწრაფი მხარდაჭერის ძალები”, რომლებიც სწორედ “ჯანჯავიდებიდან” ამოიზარდა, 2013 წელს შეიქმნა. დაგალუმ ის აქცია მძლავრ დაჯგუფებად, რომელიც იემენისა და ლიბიის კონფლიქტებშიც კი ჩაერია.
იძულებით გადაადგილებულთა ბანაკი დარფურის რეგიონში. © UN
ამჟამად დაგალუ ერთ-ერთი უმდიდრესი კაცია სუდანში, მისი დაჯგუფება კი ქვეყნის შიგნით ოქროს ზოგიერთ საბადოსაც აკონტროლებს.
სუდანის დიქტატორი ომარ ალ-ბაშირი, რომელიც 30 წელი მართავდა ქვეყანას, სწორედ RSF-ს ეყრდნობოდა და ხელიც შეუწყო მის გაძლიერებას. ალ-ბაშირი ჰამიდთის დაჯგუფებას სუდანის შეიარაღებული ძალების საპირწონედ განიხილავდა.
BBC-ის ჟურნალისტი ჯეიმს კოპნალი, რომელიც სუდანის საკითხებს აშუქებს, წერს, რომ ალ-ბაშირი ამ მანევრით ძალაუფლების შენარჩუნებას იმედოვნებდა. კერძოდ, ფიქრობდა, რომ რომელიმე კონკრეტულ სამხედრო ძალას მისი თანამდებობიდან ჩამოშორება გაუჭირდებოდა.
როგორ მოვიდნენ სამხედროები ხელისუფლებაში
დიქტატორის მცდელობებმა არ გაამართლა. 2019 წლის აპრილში, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, სამხედროების ჩარევით ის გადააყენეს.
ქუჩის უზარმაზარი პროტესტის ფონზე, ალ-ბაშირის წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ალ-ბურჰანი, ისე — ჰამიდთი.
მასშტაბურმა აქციებმა, რომელსაც აქტიურად აორგანიზებდნენ სუდანის პროფესიული გაერთიანებები, ბევრ მოქალაქეს გაუჩინა იმედი, რომ მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ სუდანში დემოკრატიული გარდაქმნა მოხდებოდა.
კადრი 2019 წლის პროტესტიდან, რომელიც ალ-ბაშირის ჩამოგდებით დასრულდა. © AFP
სამხედროების ჩარევით ალ-ბაშირის ჩამოგდების შემდეგ, მოქალაქეებმა განაგრძეს პროტესტი, რათა ჯარი ბარაკებში დაბრუნებულიყო და ქვეყანა მმართველობის დემოკრატიულ, სამოქალაქო მოდელზე გადასულიყო.
შედეგად, გენერლებმა შეთანხმება დადეს დემონსტრანტებთან, რომლის ძალითაც შეიქმნა მთავრობა სამოქალაქო პირთა ხელმძღვანელობით. თუმცა საბჭოს, რომელსაც მთავრობისთვის მეთვალყურეობა უნდა გაეწია, გენერალი ალ-ბურჰანი მეთაურობდა, მისი მოადგილე კი გენერალი ჰამიდთი იყო.
ამ მოცემულობამ სულ 2 წელს გასტანა. 2021 წლის ოქტომბერში სამხედროებმა გადატრიალება მოაწყვეს, მთავრობა დაშალეს და ძალაუფლება მთლიანად აიღეს ხელში. საპასუხოდ დაწყებულ ქუჩის აქციებზე უსაფრთხოების ძალებმა ათეულობით მოქალაქე მოკლეს.
სუდანელები ქუჩის აქციებით აპროტესტებდნენ 2021 წლის სამხედრო გადატრიალებას. ათეულობით მათგანი მოკლეს. © EPA
გადატრიალების შედეგად ქვეყნის სათავეში მოვიდა გენერალი ალ-ბურჰანი, მისი მოადგილე კი ისევ გენერალი დაგალუ, იგივე ჰამიდთი გახდა. თუმცა ორ გენერალს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლაც ამ პერიოდში გამწვავდა.
სწორედ ეს ბრძოლაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც სამოქალაქო მმართველობასთან დაკავშირებით დეკემბერში დადებული შეთანხმება ჯერაც ვერ განხორციელდა, შაბათს კი ქვეყანაში მასშტაბური შეიარაღებული ბრძოლა დაიწყო.
რატომ დაიწყო ბრძოლა ახლა
საერთაშორისო მედიის თანახმად, დაპირისპირებულ მხარეებს შორის უკანასკნელ დღეებში ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა.
დედაქალაქ ხარტუმსა და მის გარეთ RSF-ის ქვედანაყოფების გადაჯგუფება და სტრატეგიულ ობიექტებთან მათი ტექნიკის მოძრაობა არმიამ საფრთხედ აღიქვა.
კამათობენ, თუ ვინ გაისროლა პირველმა 15 აპრილის დილას, თუმცა უკვე ნათელია კონფლიქტის დრამატული შედეგები:
გაეროს ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 185 ადამიანი, 1800 — დაშავებულია. AP-ის მიხედვით, ორივე მხარე იყენებს როგორც ტანკებს, ისე არტილერიასა და სხვა იარაღს მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში. არმია საჰაერო დარტყმებსაც ახორციელებს.
სხვებთან ერთად, თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდნენ ჰუმანიტარული მუშაკები და ელჩები, მათ შორის, ევროკავშირის ელჩი. შაბათის ბრძოლებისას “მსოფლიოს სურსათის პროგრამის” სამი თანამშრომელი დაიღუპა.
ხარტუმის გარდა, ბრძოლები მიმდინარეობს სუდანის სხვა ნაწილებშიც, მათ შორის, ომით ისედაც დაზარალებულ დარფურში.
ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავები ხარტუმის საერთაშორისო აეროპორტში. ©2023 Maxar Technologies
როგორ პოზიციონირებენ გენერლები
ჰამიდთი ამტკიცებს, რომ ის ხალხისა და დემოკრატიის მხარესაა, ხოლო 2021 წლის გადატრიალებას, რომელშიც თავადაც მონაწილეობდა, შეცდომას უწოდებს. მეორე მხრივ, სწორედ ჰამიდთის RSF-ის სამხედროებმა მოაწყვეს 2019 წლის ივნისში ხარტუმში მიმდინარე აქციის მონაწილეთა ჟლეტა, რასაც 120 მოქალაქე ემსხვერპლა.
დარფურში დაბადებული ჰამიდთი იმასაც ცდილობს, თავი მარგინალიზებული ჯგუფების დამცველად წარმოაჩინოს ხარტუმის ელიტების წინააღმდეგ, თუმცა აღნიშნულს ფონად გასდევს ბრალდებები მისი ძალებისადმი, დარფურში ეთნიკური წმენდის შესახებ.
გენერალი ალ-ბურჰანი თავის განცხადებებში მხარს უჭერს სამოქალაქო მმართველობას, თუმცა გაცხადებული აქვს, რომ არმია ძალაუფლებას მხოლოდ არჩეულ მთავრობას გადააბარებს. მიმდინარე პროცესების ფონზე ბუნდოვანია არჩევნების ბედი, რომელიც დეკემბრის შეთანხმების თანახმად, 2-წლიანი გარდამავალი პერიოდის შემდეგ უნდა ჩატარდეს.
მეორე მხრივ, გენერლების წარსულიდან გამომდინარე, არაერთი ფიქრობს, რომ როგორც ალ-ბურჰანის, ისე ჰამიდთის მთავარი საზრუნავი მხოლოდ პირადი ინტერესებია და ორივე მათგანი იმ გავლენაზე ღელავს, რომელსაც კომპრომისის შემთხვევაში დაკარგავენ.
გასულ პერიოდში დემოკრატი აქტივისტები ორივე მათგანს ადანაშაულებდნენ დემონსტრანტების დევნაში. მრავალი ჯგუფი ითხოვს ორივე გენერლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.
რას ამბობენ მსოფლიოში
მეოთხე დღეა, მსოფლიო უყურებს ათობით ათასი ჯარისკაცისგან მხარდაჭერილი ორი გენერლის დაპირისპირებას, რომელმაც მილიონობით სუდანელი გამოკეტა სახლებსა და თავშესაფრად ქცეულ სხვადასხვა სივრცეში.
საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც სუდანის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლის რთულ პროცესში მონაწილეობენ, ახლა ცდილობენ, მოლაპარაკების მაგიდასთან დასვან ორი გენერალი.
აფრიკის ერთ-ერთმა რეგიონულმა ბლოკმა ქვეყანაში კენიის, ჯიბუტისა და სუდანიდან 2011 წელს გამოყოფილი სამხრეთ სუდანის პრეზიდენტები მიავლინა, თუმცა ბუნდოვანია, მიაღწევენ თუ არა ისინი დანიშნულების ადგილებს, შეწყვეტილი ფრენების პირობებში.
მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს როგორც აშშ, ისე — ევროკავშირი და გაერო.
ხარტუმში მიმდინარე ბრძოლების შედეგად დაზიანებული სახლი. © Reuters
ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს რუსეთიც, რომელიც, CNN-ის 2022 წლის გამოძიების ვერსიით, ქვეყნის სამხედრო ლიდერებს გაურიგდა სუდანიდან ოქროს კონტრაბანდისთვის.
ტელეარხის თანახმად, გენერალ დაგალუს ძალები იღებდნენ როგორც იარაღს, ისე წვრთნებს რუსეთიდან. გენერალი ალ-ბურჰანი, CNN-ის წყაროების ცნობით, ასევე იყო მხარდაჭერილი რუსეთისგან, სანამ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად არ გახდა იძულებული, საჯაროდ უარეყო რუსული “ვაგნერის” წევრების ყოფნა სუდანში.
ქართველები სუდანში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამჟამად სუდანში საქართველოს 30-მდე მოქალაქე იმყოფება. უწყების თქმით, განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას მათ დასახმარებლად.
სამინისტროს განცხადებით, თურქეთის საელჩოსთან ერთად კონტაქტზეა როგორც ხსენებულ მოქალაქეებთან, ისე მათ ოჯახებთან და დამსაქმებელ კომპანიებთან; ასევე, პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან:
“დამატებით ხორციელდება სამუშაოები სუდანში მყოფი მოქალაქეებისთვის საკვებისა და სასმელი წყლის მისაწოდებლად. ასევე, უწყება თვალს ადევნებს სუდანში მიმდინარე პროცესებს და ინფორმირებულია იქ არსებული ვითარების შესახებ”.