საზოგადოება

როგორ იმუშავა აშშ-ის სანქციებმა მოლდოვაში

13 აპრილი, 2023 • 4796
როგორ იმუშავა აშშ-ის სანქციებმა მოლდოვაში

საქართველო გახდა მესამე ქვეყანა დეკლარირებული ევროატლანტიკური საგარეო კურსით, რომლის წარმომადგენლებსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა.

ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა მოლდოვაა – საქართველოს მსგავსად, საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყანა, რომლის დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური მიზანიც ევროკავშირში ინტეგრაციაა.

საქართველოს მსგავსად, მოლდოვაშიც აქტუალური იყო საუბრები ოლიგარქიულ მმართველობასა და რუსულ გავლენებზე.

„ნეტგაზეთი“ გთავაზობთ მიმოხილვას, თუ როგორ დაიწყო ვაშინგტონმა მოლდოველი პოლიტიკოსების სანქცირება და რა შედეგები მოუტანა ამან ქვეყანას.

ვინ და რატომ დაასანქცირეს მოლდოვაში

ვაშინგტონის სანქციები ორი მოლდოველი პოლიტიკოსის, ვლადიმირ პლოხოტნიუკისა და ილან შორის წინააღმდეგ მოქმედებს.

ილან შორი და ვლადიმირ პლოხოტნიუკი

ოლიგარქი ვლადიმირ პლოხოტნიუკი 1990-იანი წლებიდან ბიზნეს-საქმიანობას ეწეოდა, 2010 წელს კი ოფიციალურად ჩაერთო პოლიტიკაში. პირადად მას მაღალი თანამდებობა არ ეკავა, მაგრამ 2010-იან წლებში მაინც მიიჩნეოდა მოლდოვის ყველაზე გავლენიან პირად.

გარდა ამისა, ოლიგარქის სახელს უკავშირებენ მოლდოვის საბანკო სისტემიდან მილიარდი დოლარის მოპარვას, რომლის შესახებაც 2014 წელს გახდა ცნობილი. ამ საქმეზე მოლდოვის პროკურატურამ მას ბრალი 2020 წელს წარუდგინა.

პლოხოტნიუკმა ქვეყანა 2019 წელს დატოვა, თუმცა 2022 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს.

ილან შორი, – პლოხოტნიუკის პარტნიორი პოლიტიკაში, – აგრეთვე ბიზნესმენია და პოლიტიკურ სცენაზე ოფიციალურად 2015 წელს გამოჩნდა. პლოხოტნიუკის მსგავსად, მანაც დატოვა მოლდოვა , ხოლო საბანკო სისტემიდან მილიარდის მოპარვის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. შორის პარტია ამჟამად ორგანიზებას უწევს, თავად კი – აფინანსებს მოლდოვაში მოქმედი პროევროპული ხელისუფლების საწინააღმდეგო პროტესტებს.

პირველი სანქციები, კერძოდ კი სავიზო შეზღუდვები, 2020 წელს პლოხოტნიუკს დაუწესეს, ხოლო შემდეგ უფრო მასშტაბური გახდა. კერძოდ, აშშ-ში შესვლის გარდა, 2022 წლის ოქტომბერში ფინანსური შეზღუდვა (აქტივების გაყინვა) დაუწესეს როგორც პლოხოტნიუკს, სახელმწიფოს მიტაცებისა და კორუფციის ბრალდებით, ასევე ილან შორს – „მოლდოვაში პოლიტიკური მღელვარების შექმნისა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ძირის გამოთხრის“ გამო.

როგორც აღმოსავლეთ ევროპის შესწავლის ცენტრის (ლიეტუვა) ასოცირებული ექსპერტი დიონის ჩენუსა ამბობს, სანქციების მიზანი მოლდოვის შიდა პოლიტიკაზე პლოხოტნიუკისა და შორის გავლენის შემცირება იყო.

„მოლდოვის ხელისუფლება იყო და არის კარგ ურთიერთობაში ვაშინგტონთან და დაარწმუნეს [აშშ], რომ პლოხოტნიუკს და მის ოჯახს დაუწესონ სანქციები. ხელისუფლება ეხვეწებოდა აშშ-ს სანქციების დაწესებაზე. ახლა იმავეს სთხოვენ ევროკავშირს“, – ამობს იგი.

განსხვავებული სტრატეგია

თუკი მოლდოვის შემთხვევაში სანქციები პირდაპირ პოლიტიკოსებს შეეხოთ, საქართველოდან სანქცირებული მხოლოდ მოსამართლეები არიან და არა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ან ბიძინა ივანიშვილი – მმართველი პარტიის დამფუძნებელი, რომლის გავლენაზეც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე საუბარია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

როგორც დიონის ჩენუსა ამბობს, სანქციები მოსამართლეებისთვის „გამაფრთხილებელი გასროლაა“.

„საქართველო სხვა საქმეა. მთავრობა არათუ არ თანამშრომლობს, არამედ აკრიტიკებს აშშ-ს. [მოლდოვის მსგავსი] სტრატეგიის გამოყენება შეუძლებელია.

[სანქციები] ეს გარკვეულწილად გამაფრთხილებელი გასროლაა. ვაშინგტონი ელის, რა მოხდება შემდეგ. თუ ასეთი რიტორიკა და პოლიტიკა გაგრძელდა, შეიძლება ველოდოთ, რომ უფრო მაღალი დონის პოლიტიკოსები დასანქცირდებიან“, – ხსნის იგი.

დიპლომატი მამუკა ჟღენტი, – მოლდოვაში სასამართლოსა და პროკურატურაში ევროკავშირის მივლენილი ყოფილი მრჩეველი, თავის მხრივ, ხაზს უსვამს, ზოგადად, მოსამართლეებისადმი სანქციების დაწესების იშვიათობას და ამბობს, რომ „ეს უფრო შემაშფოთებელია, ვიდრე პოლიტიკოსის სანქცირება“.

„ევროკავშირს და აშშ-ს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ პრეტენზიები მოლდოვის სასამართლოსადმი, მაგრამ ასეთი პრეცედენტი, მოსამართლის დასანქცირება, არ ყოფილა“.

ჟღენტიც იზიარებს მოსაზრებას, რომ ეს სანქციები „გაფრთხილებაა“, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მთლიანობაში ეს ცუდია საქართველოსთვის:

„სასამართლო ვალდებულია, კანონის უზენაესობა დაიცვას და თუ მისი წარმომადგენლები არიან ბრალდებულნი, შემდგომი ნაბიჯები ბევრად არასახარბიელო იქნება.

შეიძლება ველოდოთ აღმასრულებელი ხელისუფლების პირების მიმართ იგივე გადაწყვეტილებას, რაც ქვეყნის იმიჯისთვის ცუდია, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ეს ხელისუფლება. მოქმედი მინისტრის ან პრემიერის დასანქცირება აისახება როგორც ინვესტორებისთვის, ასევე სხვებისთვის, უარყოფითად“, – ამბობს დიპლომატი.

„ტოქსიკურობის გამო კონტაქტები გაწყვიტეს“ – როგორ მუშაობს სანქციები მოლდოვაში

რა ეფექტი იქონია სანქციებმა მოლდოვაში? – დიონის ჩენუსას თქმით, სანქციებმა აიძულა პლოხოტნიუკის მოკავშირეები, რომლებიც მას ხელისუფლების დატოვების შემდეგ ჰყავდა, საჯაროდ მაინც შეეცვალათ პოზიცია:

„[პლოხოტნიუკის] ტოქსიკურობის გამო ხალხმა, ვინც მისი გუნდის ნაწილი იყო, კონტაქტები გაწყვიტა, ყოველ შემთხვევაში- საჯაროდ. ოღონდ, შეიძლება, ეს დროებითია, ან ტაქტიკური მიზეზებითაა განპირობებული“.

მამუკა ჟღენტი კი დასძენს, რომ სანქციებმა „ახალ ხელისუფლებას მეტი საშუალება მისცა [პლოხოტნიუკის შესაძლო დანაშაულების] გამოძიებისთვის“ და აჩვენა, რომ „პლოხოტნიუკი მიუღებელი იყო არათუ მოსახლეობისთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრებისთვის“. გამოძიებას კი, მისი თქმით, პლოხოტნიუკის პარტიამაც კი „ნაკლები ოპოზიციით“ უპასუხა. თუმცა ყოფილი დიპლომატი ეჭვობს, რომ მსგავსი ეფექტი სანქციებს საქართველოს შემთხვევაშიც ექნება, “თუ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა არ დაინახავს, რომ მასაც მოეთხოვება პასუხი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი