ახალი ამბები

„ბოლო გაფრთხილება ივანიშვილისთვის“ – არახამია მოსამართლეების სანქცირებაზე

6 აპრილი, 2023 • 1113
„ბოლო გაფრთხილება ივანიშვილისთვის“ – არახამია მოსამართლეების სანქცირებაზე

უკრაინის უმაღლეს რადაში მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელი დავით არახამია მიიჩნევს, რომ ქართველი მოსამართლეების სანქცირება „აშშ-ის მიერ ოლიგარქ ივანიშვილის ბოლო გაფრთხილებაა“.

„ეს ბოლო გაფრთხილებაა ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც ყველა წითელ ხაზს გადადის და უკანონოდ აკონტროლებს ხელისუფლებას. ვაფრთხილებდით, რომ ეს ცუდად დამთავრდება. პირველ ჯერზე ვერ გაიგეს. იმედი მაქვს, ახლა მიხვდებიან“, – წერს იგი.

არახამია ვარაუდობს, რომ სანქციები შეიძლება დაუწესონ ივანიშვილის ბიზნესგარემოცვასაც.

„მსურს შეგახსენოთ, რომ ჩვენ გადავეცით ინფორმაცია ივანიშვილის უახლოეს ბიზნესგარემოცვაზე, რომელიც თავისი სტრუქტურებით რუსეთის მოქალაქეებს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ამ მიმართულებებითაც შეიძლება ველოდოთ ახალ ამბებს“, – აღნიშნავს არახამია.

სანქციები მოსამართლეების წინააღმდეგ

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს ე.წ. კლანის წევრ მოსამართლეებს. სახდეპის თქმით, სანქცირება უკავშირდება მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათ ჩართულობას. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.

ოპოზიცია სანქციებს მიესალმება, მმართველის გუნდის ლიდერმა კი თქვა, რომ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირების საპასუხოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება პირადად მისთვის „ძალიან ცუდი იქნება“, თუმცა „ცხოვრება გაგრძელდება“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი