საზოგადოება

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში ინიცირებულია შესწორება ივანიშვილის სანქცირების შესახებ

13 დეკემბერი, 2022 • 1492
ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში ინიცირებულია შესწორება ივანიშვილის სანქცირების შესახებ

13 დეკემბერს ევროპარლამენტში  განიხილავენ ესტონელი ევროპარლამენტარის სვენ მიკსერის (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი) მომზადებულ ანგარიშს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე. ანგარიშზე დაყრდნობით ევროპარლამენტი საქართველოზე მორიგ რეზოლუციას 14 დეკემბერს მიიღებს.

რა წერია რეზოლუციის პროექტში?

რეზოლუციით ევროკავშირი მიესალმება საქართველოს ევროპული პერსპექტივას და ქვეყანას მოუწოდებს, გამოიყენოს შესაძლებლობების ეს ისტორიული ფანჯარა; საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები. მიესალმება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად სამუშაო პროცესის დაწყებას, ხელისუფლებას მისი ინკლუზიურად წარმართვისა და სამოქალაქო საზოგადოების წინადადებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, ყველა პოლიტიკურ ძალას კი — ჩართულობისკენ.

რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობას და სოლიდარობას, რადგან ეს, ასევე, გადამწყვეტი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ 2008 წელს საკმარისად ვერ დაიცვა.

ევროპარლამენტი მიესალმება ქართული საზოგადოების ძლიერ მხარდაჭერას უკრაინისადმი, საქართველოს ხელისუფლებას კი მოუწოდებს, შეუერთდეს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის შესაბამის განცხადებებს, ქვეყნის ევროპული ამბიციების შესაბამისად. ამასთან, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის სანქციებთან თავსებადობისა და იმის უზრუნველყოფისკენ, საქართველოს გავლით არ მოხდეს რუსეთისთვის უკრაინაში ომის გამო დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა.

რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მოუწოდებს რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ და ემხრობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების გაზრდასა და პარტნიორობის გაღრმავებას.

ევროპარლამენტი წუხს, რომ სიღრმისეული პოლარიზაცია კვლავ არის საქართველოს პოლიტიკური გარემოს განმსაზღვრელი მახასიათებელი; მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ მხარეს, გააერთიანონ ძალები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი მიზნის გარშემო, ამბიციური, დემოკრატიული, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელების გზით; კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული, 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენს გზას საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ. დოკუმენტში საუბარია საარჩევნო და სასამართლო რეფორმის მნიშვნელობაზე.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, შეწყვიტონ აგრესიული სიტყვიერი თავდასხმები ევროპარლამენტის წევრებისა და ევროატლანტიკური პარტნიორების სხვა წარმომადგენლების მიმართ, როგორიცაა ევროკავშირი ან აშშ, ისევე, როგორც უსაფუძვლო და მავნე რიტორიკა საქართველოს ომში ჩათრევაზე საერთაშორისო პარტნიორების სავარაუდო განზრახვის შესახებ. რეზოლუცია შეშფოთებით აღნიშნავს საქართველოში მზარდ ანტიდასავლურ პროპაგანდას, დეზინფორმაციას და რიტორიკას, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი საზოგადოების შეუმცირებელ და მაღალ მხარდაჭერას.

ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას განგრძობითი სახელმწიფოს მიტაცებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სტაგნაციის გამო.

მოუწოდებს ხელისუფლებას, გააძლიეროს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე, გამოიძიოს 2021 წლის სექტემბერში გამოვლენილი მასობრივი უკანონო მოსმენების საქმე [ე.წ. სუსის ფაილები].

სვენ მიკსერის ანგარიშს საკომიტეტო მოსმენისას დაემატა ჩანაწერები, რომელთა თანახმადაც:

  • ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ, როგორც ჰუმანიტარული საფუძვლით, ასევე, პოლიტიკური პოლარიზების შემცირების მიზნით;
  • პოლიტიზებული სასამართლოს აშკარა დემონსტრირებად დასახელებულია სასამართლოს გადაწყვეტილება პარტია „ლელოს“ ლიდერების — მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის — მიმართ და ამ განაჩენის გამოყენება ჯაფარიძის საპარლამენტო მანდატის ჩამოსართმევად;

დოკუმენტში ღრმა შეშფოთებაა გამოთქმული იმის გამო, რომ მიუხედავად საქართველოს მყარი საკანონმდებლო ჩარჩოსი, მედიაგარემო და ჟურნალისტთა უფლებრივი მდგომარეობა 2021 წელს გაუარესდა. დაგმობილია 5-6 ივლისის მოვლენები და არასათანადო გამოძიება, ჟურნალისტების მიმართ მუქარა, დევნა, ძალადობა და მედიამფლობელებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ სამართლებრივი დევნა:

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების წარმოება და გადახედოს ჟურნალისტების, მედიამფლობელებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მათ შორის დასახელებულია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმე, ისევე როგორც „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები.

ევროპარლამენტი მოელის, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად მოეკიდება თავის ვალდებულებას, უზრუნველყოს ავტორიტარული რეჟიმებისგან თავშეფარებული ადამიანების უსაფრთხოება, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაქართველმა ჟურნალისტებმა განიცადეს შევიწროება და მთავრობის ჩარევა საქართველოს საზღვარზე.

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას დადებით როლს ადამიანის უფლებების დაცვაში, კარგი მმართველობის ხელშეწყობაში, კანონის უზენაესობის განმტკიცებაში, მედიის თავისუფლების დაცვასა და აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკისა და ქმედებების ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ზედამხედველობაში და გმობს მათ შორის ხელისუფლების რეგულარულ მცდელობებს, შელახოს ომბუდსმენის დამოუკიდებლობა. ევროპარლამენტი ახალი სახალხო დამცველის ინკლუზიურ და გამჭვირვალე პროცესით შერჩევისკენ მოუწოდებს.

ევროპარლამენტო ხაზს უსვამს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გადამწყვეტ როლს დემოკრატიის ზედამხედველობაში და კომისიას და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, უზრუნველყონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა.

ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას ევროკავშირში ქართველი თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობასთან დაკავშირებით და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღოს შემდგომი ზომები ამ საკითხის გადასაჭრელად.

ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით, ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პოზიტიურ გამოცდილებას კანონმდებლობის დაახლოებისა და სრულად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის მშენებლობის მიმართულებით. მოუწოდებს კომისიას და საქართველოს, განიხილონ ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის პროექტების რაოდენობის გაზრდა საქართველოში; ხაზს უსვამს სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში ჩინური ინვესტიციების უსაფრთხოების უარყოფით შედეგებს; მწუხარებას გამოთქვამს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების შეფერხებების გამო და იმედოვნებს, რომ საქართველო დააჩქარებს პორტის მშენებლობას, საქართველოს სტრატეგიული ევროატლანტიკური მიზნების შესაბამისად.

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ქვეყნის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე კერძო ინტერესების აღმოფხვრის აუცილებლობას, როგორც ეს მითითებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებში და ნათქვამია, რომ ეს განსაკუთრებით ეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს.

ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს. ამ მხრივ რეკომენდაციას უწევს განსაკუთრებით ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენის საკითხის გადაჭრას სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების გზით.

ინიცირებული შესწორებები

პროექტში ინიცირებულია 28 შესწორება.

კიდევ ერთი, მიკ ვოლესის (მემარცხენე ჯგუფი) მიერ ინიცირებული შესწორება ევროკავშირს საქართველოში გაქცეული 100 000-ზე მეტი რუსის მხარდაჭერის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს. ვოლესის აზრით, საერთაშორისო საზოგადოებამ და ევროკავშირმა უკრაინაში მშვიდობის აღდგენის მიზნით უნდა წამოიწყონ დიპლომატიური ინიციატივები, რომელიც მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მცდელობებსაც.

ურმას პაეტი და პეტრას ასუტრევიჩიუსი (Renew Group) ევროპარლამენტს სთავაზობენ, ბიძინა ივანიშვილი რეზოლუციაში მოხსენიებული იყოს არა მხოლოდ როგორც ყოფილი პრემიერი, არამედ როგორც ოლიგარქიც. მათ მიერ, ასევე, ინიცირებულია სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებაზე ჩანაწერის გამკაცრება.

„საქართველოს ხელისუფლება სრულად პასუხისმგებელია ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე და თუ გაგრძელდა მისი უფლებების დარღვევა, პასუხისმგებელი პირები შეიძლება სანქცირებული იყვნენ ევროკავშირის მაგნიტსკის აქტის ფარგლებში“, — ნათქვამია შესწორებაში.

რამდენიმე შესწორება აპელირებს სააკაშვილის მძიმე მეტალებით მოწამვლაზე, რის საფუძვლადაც მოყვანილია ექიმ დევიდ სმიტის დასკვნა.

ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის (EPP) და ანა ფოტიგას (კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი) მიერ ინიცირებული ცვლილებებით შეშფოთებაა გამოთქმული ვარაუდის გამო, რომ რუსი ხალხი და სუბიექტები საქართველოს იყენებს სანქციების გვერდის ასავლელად. შესწორება ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, შეისწავლოს ეს ბრალდებები და უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული ბიუროს ცნობები ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებ.

„თუ ბრალდებები დადასტურდება, მოვუწოდებთ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი თანამოაზრეების წინააღმდეგ“, — ნათქვამია შესწორებაში.

ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესების საკითხი ლექსმანს წამოჭრილი აქვს დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირების კონტექსტშიც.

ანა ფოტიგას მიერ ინიცირებული კიდევ ერთი შესწორება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ.

თავად მომხსენებლის, სვენ მიკსერის (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი) მიერ ინიცირებული ერთ-ერთი შესწორება საქართველოს მოუწოდებს, რთული კონტექსტის გათვალისწინებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან ნდობის აღდგენისა და შემდგომი კონსტრუქციული დიალოგისკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი