საზოგადოება

ისრაფილ-ბეკ იედიგარის ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

15 მარტი, 2023 • 2328
ისრაფილ-ბეკ იედიგარის ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

კოლექტიური მეხსიერებიდან ადამიანებისა და თარიღების ამოშლა, ისევე როგორც იდეურ მოწინააღმდეგეთა დაუღალავი დემონიზება, საბჭოთა ისტორიოგრაფიისთვის უცხო არ არის.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე, 26 მაისი, 1921 წლის ანექსიიდან მალევე გამოაცხადეს “მასების დამონების” თარიღად, წითელი არმიის მიერ თბილისის დაკავება კი — “ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის” დღედ. დამოუკიდებლობის შემოქმედნი და დამცველები მოღალატეებად შერაცხეს, მისი დამსამარებელნი კი— გმირებად.

არაერთი სახელი ქართული საზოგადოების აღქმიდან უბრალოდ გაქრა: ისინი რეჟიმისთვის სასურველმა და მის მიერ განდიდებულმა პერსონებმა ჩაანაცვლეს. ზოგიერთი გამქრალი სახელი და მასთან დაკავშირებული ისტორიული ფაქტები მხოლოდ მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის დაშლიდან წლების შემდეგ ამოტივტივდა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების მაიორი, საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქე  ისრაფილ-ბეკ იედიგარი მათ შორის ერთ-ერთია.

ვინ იყო ისრაფილ-ბეკ იედიგარი

იედიგარმა 1905 წელს თბილისის კადეტთა კორპუსი დაამთავრა, რომელიც იმ დროისთვის პრესტიჟული სამხედრო სასწავლებელი იყო.

როგორც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის(SOVLAB) მკვლევარი, დავით ხვადაგიანი გვეუბნება, იმპერიის დროს სამხრეთ კავკასიაში უმაღლესი სასწავლებლის არარსებობის ფონზე, იმჟამინდელ ახალგაზრდებს ძირითადად ორი არჩევანი ჰქონდათ: სასულიერო სემინარია ან სამხედრო სასწავლებელი.

ისრაფილ-ბეკ იედიგარმა სამხედრო მიმართულება აირჩია, თბილისის შემდეგ კი პეტერბურგის ვაჟთა კორპუსში განაგრძო სწავლა და მეფის რუსეთის არმიის ოფიცერიც გახდა.

“პირველ მსოფლიო ომშიც მონაწილეობდა, კავალერიის ოფიცერი იყო”, — გვიყვება მკვლევარი.

ისრაფილ-ბეკ იედიგარი. ფოტო: ria1914.info

1917 წლის შემდეგ, როცა იმპერია დაიშალა და მის ნანგრევებზე არაერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო აღმოცენდა, ისრაფილ-ბეკ იედიგარი ქართულ არმიაში, მაიორის ჩინით ჩაირიცხა.

დამოუკიდებელი საქართველოს არმიაში მისი საქმიანობის შესახებ აქამდეც ცნობილი იყო, თუმცა დავით ხვადაგიანმა, რომელიც პირველი რესპუბლიკის სპეცსამსახურების საკითხზე მუშაობს, შსს-ს აკადემიის არქივში (ყოფილ КГБ-ს არქივში) კიდევ ერთი საინტერესო ცნობა აღმოაჩინა: ისრაფილ-ბეკი ბორჩალოს მაზრაში სამხედრო კონტრდაზვერვის განყოფილებასაც ხელმძღვანელობდა.

“[ისრაფილ-ბეკი] ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს ასრულებდა იმ პერიოდში… ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო თანასწორობაზე დაფუძნებული სახელმწიფო და ის ფართო გასაქანს აძლევდა ყველა ეროვნების, სარწმუნოებისა თუ სოციალური წარმომავლობის ადამიანის ნიჭსა და უნარს, ვინც საქართველოს მოქალაქე იყო და თავის სამშობლოდ მიიჩნევდა საქართველოს”, — გვეუბნება მკვლევარი.

1921 წელს, როცა საბჭოთა რუსეთის წითელი არმია საქართველოს თავს დაესხა, იედიგარი მეთაურობდა ბორჩალოს მაზრის ქართულ ცხენოსან რაზმს, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანელებით იყო დაკომპლექტებული.

მიუხედავად წინააღმდეგობისა, მაშინ რუსეთმა საქართველოს გაწითლება შეძლო და ასე დაედო სათავე 70-წლიან საბჭოთა მმართველობას ქვეყანაში.

ოკუპაციამ და ანექსიამ, პირველი რესპუბლიკის სხვა მრავალი წარმომადგენლის მსგავსად, ისრაფილ-ბეკის ცხოვრების მდინარებაც შეცვალა: საბჭოთა ხელისუფლებას არ შეეგუა, ქვეყანაში მისი დარჩენა კი საფრთხის შემცველი იყო, ვინაიდან ბორჩალოს კონტრდაზვერვის განყოფილება, მისი არსებობის უკანასკნელ პერიოდში, სწორედ რუსული აგენტურის განეიტრალებისთვის მუშაობდა.

“ამიტომ ემიგრაციაში მოუწია წასვლა: ჯერ თურქეთში გადავიდა, შემდეგ კი, პოლონეთში, სადაც უმაღლესი სამხედრო განათლება მიიღო და პოლონურ არმიაშიც მსახურობდა”, — დასძენს დავით ხვადაგიანი.

ისრაფილ-ბეკ იედიგარი ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად ვარშავაში, პოლონეთის არმიის ფორმაში. ფოტო: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

მკვლევარი ხაზს უსვამს იმასაც, რომ პოლონეთი არ ყოფილა შემთხვევითი მიმართულება არც იედიგარისთვის და არც სხვა ქართველი სამხედრო პირებისთვის: საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და პოლონეთს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ქვეყნის იმჟამინდელი პრეზიდენტი იოსიფ პილსუცკი კი, გარდა იმისა, რომ კარგად იცნობდა საქართველოს, პატივს სცემდა უშუალოდ ქართველ ოფიცრებსაც.

“მან, ასე ვთქვათ, კარი გაუღო დევნილ ქართველ ოფიცრობას, საუკეთესო პირობები შეუქმნა პოლონურ არმიაში. [ისინი] ძალიან დაწინაურდნენ როგორც მაღალი [ხარისხის] სამხედრო განათლების, ისე კარიერის მხრივ”, — ეუბნება მკვლევარი “ნეტგაზეთს” და იქვე ამატებს:

“ისტორიის გადასახედიდან, ეს ადამიანები ემიგრაციაში წავიდნენ არა იმიტომ, რომ სამუდამოდ იქ დარჩენილიყვნენ, არამედ, ემზადებოდნენ საქართველოს გასათავისუფლებლად და სამშობლოში დასაბრუნებლად, თუმცა ისტორიის დინება, სამწუხაროდ, სხვაგვარად წარიმართა”.

ისრაფილ-ბეკ იედიგარი მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, 1939 წლის ივლისში გარდაიცვალა. ის ვარშავაში, მუსლიმთა სასაფლაოზე დაკრძალეს.

“მნიშვნელოვანია მათი გამოყვანა ისტორიის ბნელი კუთხეებიდან”

ინტერნეტში უკიდურესად იშვიათია ქართულენოვანი რესურსები ისრაფილ ბეკ-იედიგარზე. “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ” მის შესახებ პოსტი თებერვლის მიწურულს ფეისბუკზე გამოაქვეყნა.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოება იცნობდეს იედიგარისნაირ ადამიანებს, რათა გაიგონ, როგორი იყო ინტეგრაციის დონე პირველ რესპუბლიკაში და როგორ მონაწილეობდნენ საქართველოს აზერბაიჯანელები თავისუფალი, დემოკრატიული რესპუბლიკის მშენებლობაში.

“სამხედრო კონტრდაზვერვაში მუშაობა ნიშნავს, რომ დიდი ნდობით სარგებლოდა ხელისუფლების მხრიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

დღეს ეს ადამიანები, იედიგარი თუ ფერი ხანუმ სოფიევა, არ არიან სათანადოდ დაფასებულნი და ცნობილნი როგორც ეთნიკურად ქართველი, ისე ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვის”, — დასძენს დავით ხვადაგიანი.

დავით ხვადაგიანი 

მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს ასაშენებლად მნიშვნელოვანია ამ და სხვა ადამიანების გამოყვანა “ისტორიის ბნელი კუთხეებიდან საჯარო სივრცეში”.

გიორგი კანდელაკი, რომელიც ასევე SOVLAB-ს წარმოადგენს, ისრაფილ-ბეკ იედიგარისა და სხვათა შესახებ დისკუსიის გააქტიურების საჭიროებას განიხილავს ბრძოლის საშუალებად 70-წლიანი პროპაგანდისა და ნაციონალიზმის ცნების გადასხვაფერებული გაგების წინააღმდეგ, რომლის გავლენაც ჯერაც ატყვია საქართველოს საზოგადოების ცნობიერებას.

“ამ შხამიანი პროპაგანდის მსხვერპლი დღესაცაა ჩვენი საზოგადოება. კიდევ ერთი შხამიანი მემკვიდრეობა, რაც გვერგო და რაც ისტორიის კი არა, დღევანდელობის პრობლემაა, არის ის, რომ ჩვენი საზოგადოება არსებობს ნაციონალიზმის იმ პარადიგმაში, რომელიც პირადად იოსებ სტალინმა დაადგინა.

მან ქართული ნაციონალიზმი გადააფორმატა… ნაციონალიზმის დისკურსში წინა პლანზე წამოსწია ეთნიკური წარმომავლობა, შუა საუკუნეები. ეს მაშინ, როცა სტალინამდელი ქართული ნაციონალიზმი, პირველი რესპუბლიკის პატრიოტული დისკურსი, ფოკუსირებული იყო თანამედროვეობაზე, მოდერნულ ეპოქაში წარმატებული , თანამედროვე, ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებაზე.

აი, ეს იყო ნაციონალიზმი და ეთნიკურ წარმომავლობას კი არ ჰქონდა მნიშვნელობა, მნიშვნელობა ჰქონდა მოქალაქეობას, ლოიალობას ამ იდეების მიმართ”, — გვეუბნება ის.

გიორგი კანდელაკი 

კანდელაკი ახსენებს უკანასკნელ წლებში სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში გამოჩენილ სტალინის ძეგლებსაც და დასძენს, რომ ხსენებული რიტორიკა ახალისებს რუსულ პროპაგანდას, საბჭოთა დიქტატორს კი —”ერთ-ერთ მთავარ პატრიოტულ სიმბოლოდ” აქცევს:

“[იედიგარისნაირი] პიროვნებების მაგალითზე, გარდა იმისა, რომ ჯეროვან პატივს მივაგებთ მათ, ასევე შეგვიძლია ხელახლა გავხსნათ დისკუსია იმის შესახებ, თუ რა არის მოქალაქეობა, რა არის პატრიოტიზმი, რა არის ყალბი და რა არის ნამდვილი.

ვინ არის საქართველოს პატრიოტი: ისრაფილ-ბეკ იედიგარი თუ ბერია? ისრაფილ-ბეკ იედიგარი თუ სტალინი? ევროპული სამოქალაქო ნაციონალიზმის თვალსაზრისით, ისრაფილ-ბეკ იედიგარი არის ქართველი, სტალინი კი — რუსი.

ეს გვეხმარება, ეს პატრიოტული დისკურსი დავაბრუნოთ იქ, საიდანაც დაიწყო მისი განადგურება, გადაფორმატება, იოსებ სტალინმა. ამიტომ არის იედიგარის მსგავსი პიროვნებების წინა პლანზე წამოწევა და მათი ღვაწლის გახსენება ძალიან მნიშვნელოვანი დღეს”.

SOVLAB-ში ამბობენ იმასაც, რომ ამ ყველაფერს, წესით, სახელმწიფო უნდა აკეთებდეს, რომლის მეთაურმაც 2015 წელს განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომი, რაც მთავარია, ქართველმა მოიგო და ამიტომ არის უფრო განსაკუთრებულიო.

“[ხელისუფლებაში] ან გვერდს უვლიან საბჭოთა წარსულს, ან რაღაცნაირი სიმპათიებით არიან აღვსილნი… მაგრამ ამ რთულ ვითარებაშიც სოციალურ ქსელში გამოხმაურება იმდენად აქტიურია, შევეცდებით, უფრო მეტად ვფოკუსირდეთ ამ საკითხებზე”, — გვეუბნება გიორგი კანდელაკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი